თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, თუ ყოველდღიურად საშუალოდ 10 პაციენტზე მეტი არ დაემატება, ასე პიკური მდგომარეობისთვის თავის არიდება შესაძლებელი იქნება.
მისივე თქმით, კორონავირუსის შემთხვევების მატება იქნება, თუმცა ისეთი არა, რომლის „გამკლავება გაგვიჭირდება“.
"მე თქვენთან რომ გამოვდივარ, ვცდილობ ყოველდღიური ანალიზი გავაკეთო. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღიური მატება ასეთია, 7,14, 8, 15, საშუალო მაჩვენებელი, რომ გადავიანგარიშე ამ ერთი კვირის განმავლობაში, დღეში 10 პაციენტი გამოდის. თუ ჩვენ ასე გავაგრძელებთ და ყოველდღიურად საშუალოდ 10 პაციენტზე მეტი არ დაგვემატება, ეს ძალიან კარგია, ასეთი პიკური მდგომარეობისგან თავის არიდება შესაძლებელი იქნება.
მატება გვექნება, მაგრამ ისეთი არა, რომლის გამკლავება გაგვიჭირდება. პიკისგან თავის აცილება ეს პრევენციული ღონისძიებაა, უნდა დავრჩეთ სახლში, თავი უნდა ავარიდოთ თავყრილობებს და რა შეჩერების ღონისძიებებიც არის სრულყოფილად უნდა დავემორჩილოთ“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მისივე თქმით, კლინიკაში ამ დროისთვის შიდა გადაცემის მხოლოდ 3 პაციენტი მკურნალობს, რომლის წყაროც დაახლოებით ცნობილია, მაგრამ დადასტურებული არაა.