ავტორი:

"რაც პანდემია დაიწყო, თენგიზი სახლში ღამის 2-3 საათზე ადრე არ დაბრუნებულა" - რას ყვება ცნობილი ინფექციონისტის მეუღლე ოჯახზე

"რაც პანდემია დაიწყო, თენგიზი სახლში ღამის 2-3 საათზე ადრე არ დაბრუნებულა" - რას ყვება ცნობილი ინფექციონისტის მეუღლე ოჯახზე

თენგიზ ცერცვაძე, ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე - სამი თვეა, რაც ამ სამი ადამიანის გარშემო საზოგადოების ინტერესი გაიზარდა. მათ ძირითადად პროფესიულ კითხვებს ვუსვამთ, რა ეტაპზე პანდემია საქართველოში, როდის დასრულდება ჩაკეტილი ცხოვრება, ხომ არ გარდაიცვალა რომელიმე კოვიდინფიცირებული პაციენტი. თუმცა მკითხველს ცნობილი "ტრიოს" გარშემო ყველაფერი აინტერესებთ.

ამჯერად AMBEBI.GE თენგიზ ცერცვაძის პროფესიით რევმატოლოგ მეუღლეს გაგაცნობთ. ანა თოფურიას და თენგიზ ცერცვაძის წყვილი სამედიცინო წრისთვის ყოველთვის ცნობილი და გამორჩეული იყო.

ქალბატონ ანას არ უყვარს საზოგადოებისთვის ღია ცხოვრება და პირიქით, ფიქრობს, რომ პანდემიის დამთავრებასთან ერთად მათი ოჯახის მიმართ ინტერესი ჩაცხრება და ექიმების წყვილი ბედნიერად გააგრძელებს ცხოვრებას. მასთან ინტერვიუ ახალ კორონავირუსზე საუბრით დავიწყეთ:

- დიახ, COVID-19-ის პანდემიამ, არა მხოლოდ მედიცინის მუშაკთა დღის წესრიგი შეცვალა, არამედ - მთელი მსოფლიოსი და მისი თითქმის მესამედი კარანტინში გამოკეტა. პანდემიასთან ბრძოლას განსაკუთრებულად ართულებს ამ ეტაპზე ვაქცინისა და სპეციფიური ანტივირუსული მკურნალობის არარსებობა. სხვადასხვა ქვეყნებში ტარდება კვლევები, დაახლოებით15-16 მედიკამენტის ეფექტიანობის შესაფასებლად.

დღეისთვის ამერიკაში წამლისა და სურსათის ადმინისტრაციის (FDA) მიერ საუკეთესოდ მიჩნეულია ჰიდროქსიქლოროქინი და ტოცილიზუმაბი, რომლებიც ფართოდ გამოიყენება რევმატოლოგიაში. მედიცინის ისტორიამ არაერთი მაგალითი იცის, როდესაც ერთი მიზნით შექმნილმა პრეპარატმა მედიცინის სულ სხვა სფეროში ჰპოვა გამოყენება.

- თქვენ ოჯახს ყურადღება არასოდეს აკლდა, ბატონი თენგიზთან ხშირად იწერებოდა ინტერვიუები, მაგრამ ის რაც ბოლო სამ თვეში ხდება, წარმოუდგენელია. როგორია ყურადღების ცენტრში ცხოვრება, როდესაც სხვადასხვა საიტებზე ქვეყნდება თქვენ ფოტოები, კითხულობთ თქვენზე...

- არ ვიქნები გულწრფელი თუ ვიტყვი, რომ ეს მხიბლავს. საკმაოდ მოკრძალებული ადამიანი ვარ, ხოლო ყურადღების ცენტრში ყოფნა ბევრ უხერხულობასთან არის დაკავშირებული. დიდი იმედი მაქვს რომ პანდემიასთან ერთად, ჩვენი ოჯახის მიმართ ეს მომატებული ინტერესიც ჩაცხრება.

- თქვენს შესახებ მოგვიყევით, უფრო ახლოს რომ გაგიცნოთ საზოგადოებამ...

- დამთავრებული მაქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. კლინიკური ორდინატურა, ასპირანტურა. ვარ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. რევმატოლოგიურ განყოფილებაში საექიმო საქმიანობის პარალელურად წლების განმავლობაში ვეწეოდი პედაგოგიურ მოღვაწეობას, დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტში, სამედიცინო ინსტიტუტ "სხივში"... განსაკუთრებული სიამოვნებით მაგონდება ეს წლები. უზომოდ ბედნიერი ვარ, როდესაც ჩემს ყოფილ სტუდენტებს ვხვდები ან მათი წარმატების შესახებ ვიგებ. ამჟამად ვმუშაობ მარდალეიშვილის დიაგნოსტიკურ ცენტრში და კლინიკა "ნიუმედში" რევმატოლოგად.

აქვე მინდა შემთხვევით ვისარგებლო და უდიდესი მადლიერების გრძნობით პატივი მივაგო ჩემს პედაგოგებს: სერგო კობალაძეს, ნუგზარ ტატიშვილს, ლალი კილასონიას.

- როგორ გაიცანით ბატონი თენგიზი, ის ყველა ინტერვიუში აღნიშნავს, რომ განსაკუთრებულად დიდია თქვენი წვლილი მის წარმატებაში...

- თენგიზი ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ გავიცანი. მე, როგორც დამწყები ექიმი, ინტერნატურაში პირველი კლინიკური საავადმყოფოს შინაგან სნეულებათა კათედრაზე მოვხვდი. თენგიზი ამ დროს უკვე კათედრის წამყვანი თანამშრომელი იყო. საერთო ინტერესებმა, ჩვენი პროფესიის სიყვარულმა თავიდანვე დაგვაახლოვა.

მრავალი წელია ვიზიარებ და მხარს ვუჭერ ყველა მის წამოწყებას. მის გვერდით ვიყავი რთულ პერიოდებში, მაგრამ ჩემი წვლილი თენგიზის წარმატებაში ძალიან მოკრძალებულია. მისი ნიჭის, უნარის, შრომისმოყვარეობის, მასშტაბური ხედვის ადამიანები ყოველთვის აღწევენ წარმატებას.

- როგორ ცხოვრობდით მანამდე, როგორი იყო თქვენი ყოველდღიურობა? ვიცი, რომ მოგზაურობა ძალიან გიყვართ...

- ვცხოვრობდით ისე, როგორც სამსახურით უკიდურესად დაკავებული ოჯახი, თუმცა ხშირად ვახერხებდით კონცერტსა თუ პრემიერაზე წასვლას და არამხოლოდ თბილისში. შარშან ახალ წელს შევხვდით ვენაში და დავესწარით არაჩვეულებრივ საახალწლო კონცერტებს, ვენის ყველაზე ცნობილ საკონცერტო დარბაზებში. მოგზაურობა მართლა ძალიან მიყვარს და ვცდილობ, უცხო ქვეყანაში ყოფნისას ბევრის ნახვა მოვასწრო.

- ქართული მედიცინის "დონ კიხოტი" - ასე მოიხსენიებენ ბატონ თენგიზს, თქვენ კი სამედიცინო სფეროს გამორჩეულ წყვილად მიგიჩნევენ... რთულია, როდესაც საზოგადოების მხრიდან ამხელა მოლოდინებია... თუ გქონიათ ცხოვრებაში რთული ეტაპები?

- რა თქმა უნდა, რთულია, როდესაც ასეთი მოლოდინია. იმიტომ რომ ეს უზარმაზარი პასუხიმგებლობაა, ეს მოვალეობაა, მაქსიმალური მობილიზებაა, მუდმივი მზადყოფნაა. ვფიქრობ, რომ ამჟამად ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე რთული ეტაპია.

- ალბათ ეს პერიოდი ძალიან ბევრს ნერვიულბთ მეუღლეზე, ის არასოდეს ეუბნება ჟურნალისტებს უარს ინტერვიუზე, მთელი დღე სამსახურშია. როდის ბრუნდება სახლში, თუ გრჩებათ ხოლმე საუბრის დრო?

- რა თქმა უნდა, ვნერვიულობ. გარდა სერიოზული დატვირთვისა მთელი დღე უწევს გადაადგილება, მრავალ ადამიანთან კონტაქტი. რაც პანდემია დაიწყო, სახლში ღამის 2-3 საათზე ადრე არ დაბრუნებულა, მაგრამ საუბრის დროს მაინც ვნახულობთ და თითქმის ყველაფერის საქმის კურსში ვარ. გულწრფელად მჯერა, რომ ღირსეულად გადავლახავთ ამ ურთულეს პერიოდს და მალე ყველაფერი კარგად იქნება. ჯანმრთელობას გისურვებთ.

"სიგარეტის მოხმარება მამაკაცებში შემცირებულია, სამწუხაროდ, ქალებში პირიქით გაზრდილია" - თამბაქო საქართველოში ყოველწლიურად მთლიანი სიკვდილიანობის 22%-ს იწვევს

"თამბაქოს ინდუსტრია სხვადასხვა ხრიკებით ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს ახალგაზრდები, რომ დიდი მოგება ნახოს, რაც უზნეობაა" - ამირან გამყრელიძე

"4 ე.წ. საბურთალოს კლასტერიდანაა" - რას ამბობს მარინა ეზუგბაია კორონავირუსის ახალ შემთხვევებზე