ავტორი:

რა ნორმებს უნდა აკმაყოფილებდნენ აგრარული ბაზრები, რომ მუშაობა განაახლონ - "მოვაჭრეებს შორის დისტანცია უნდა იყოს დაცული"

რა ნორმებს უნდა აკმაყოფილებდნენ აგრარული ბაზრები, რომ მუშაობა განაახლონ - "მოვაჭრეებს შორის დისტანცია უნდა იყოს დაცული"

საქართველოს რეგიონების აგრარული ბაზრების დიდი ნაწილი დროებით დაიხურა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო.

შიდა ქართლში 6 აგრარული ბაზარი დაიხურა, დროებით არ იმუშავებს აგრარული ბაზრები ზუგდიდსა და სენაკშიც, დაიკეტა თელავისა და გურჯაანის აგრარული ბაზრებიც. მოვაჭრეები აცხადებენ, რომ დახლებზე დიდი ოდენობით მალფუჭებადი პროდუქცია დარჩათ და მათ ფინანსურად დიდი დარტყმა მიადგებათ.

რეგიონებისგან განსხვავებით, მუშაობას აგრძელებენ თბილისის აგრარული ბაზრები. თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ ჯერჯერობით, თბილისის აგრარულ ბაზრებზე სანიტარული და ჰიგიენური წესების დარღვევის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის, სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა თენგიზ კალანდაძემ AMBEBI.GE-ს განუცხადა, რომ რეგიონებში ბაზრების დახურვის გადაწყვეტილება სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების ურთიერთშეთანხმებით იქნა მიღებული.

როდის აღდგება მუშაობის ჩვეული რიტმი დახურულ ბაზრებში - ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი ჯერ არ აქვთ. სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ამბობს, რომ ორ დღეში გამოქვეყნდება სპეციალური რეკომენდაციები აგრარული ბაზრებისთვის და ვინც სტანდარტებს დააკმაყოფილებს, მუშაობას განაახლებენ.

"ორ დღეში გვექნება მზად გაიდლაინები და რომელი ობიექტიც დააკმაყოფილებს ნორმებს, ისინი გაიხსნებიან და გააგრძელებენ მუშაობას. ძირითადი სტანდარტი ასეთია:

  • ბაზარს სხვადასხვა შესასვლელი და გამოსასვლელი უნდა ჰქონდეს;
  • მაქსიმალურად უნდა იყოს დახლები სივრცეში განფენილი;
  • მოვაჭრეებს შორის დისტანცია უნდა იყოს დაცული;
  • მყიდველების ნაკადი ერთმანეთში არ უნდა ირეოდეს და ა.შ.

ვინც ამ პირობებს დააკმაყოფილებს, მას მივცემთ მუშაობის საშუალებას" - ამბობს თენგიზ კალანდაძე.

მანვე AMBEBI.GE-ს კიდევ ერთი სიახლის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსის თქმით, თბილისის შემოგარენში რამდენიმე კერძო კომპანია აგრარული ბაზრის ფუნქციას შეასრულებს.

"ამ ეტაპზე სამი ასეთი კომპანიაა თბილისში. ამ კომპანიებს აქვთ კარგად მოწყობილი ინფრასტრუქტურა, გათვალისწინებულია ყველა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და შესაძლებელია იქ გაიხსნას საბითუმო ხილ-ბოსტნეულის პირველადი ვაჭრობის ობიექტი.

ჯერჯერობით დედაქალაქის სამ წერტილში არის მომზადებული ეს ადგილები, ჩვენ შუამავლის როლს ვასრულებთ და ვაკავშირებთ. ეს კომპანიები აქამდეც ამ პროფილით ფუნქციონირებდნენ. თუ რომელ კომპანიებზეა კონკრეტულად საუბარი, ამის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღეში გასაჯაროვდება" - აცხადებს თენგიზ კალანდაძე.

"პლეხანოველი მარინა" თბილისმა დღემდე ვერ დაივიწყა  - დედაქალაქის კოლორიტად ქცეული ქალის სევდიანი ამბავი

ხვალიდან 4 აგვისტომდე მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, სეტყვა და ზღვაზე 3 ბალიანი შტორმი - ამინდის პროგნოზი

"მერე განსაკუთრებულად მძიმეა, როცა შვილები მშობლების გარეშე რჩებიან" - ბასა ფოცხიშვილი მამაზე და მისდამი მიძღვნილ ახალ პროექტზე