თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, ამ ეტაპზე კლინიკაში 61 პაციენტი იმყოფება, რომელთაგან 47-ს ახალი კორონავირუსი დადასტურებული აქვს.
როგორც რატიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, 61 პაციენტიდან კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში 7 პაციენტი იმყოფება. ასევე კლინიკაში ახლად გადმოყვანილი რამდენიმე პაციენტიდან ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით კრიტიკულია.
"ამ ეტაპზე კლინიკაში სულ 61 პაციენტია. რაც შეეხება ინფიცირებულ პაციენტებს, ინფიცირებულია 47 პაციენტი. კრიტიკული მედიცინის დეპარატამენტში არის 7 პაციენტი. აქედან ერთ-ერთის მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე, პაციენტი არის 67 წლის. კლინიკურად სახეზეა კოვიდინფიცირების შედეგად გამოწვეული მწვავე რესპირატორული დისტრესი,
გემოდინამიკის რღვევით. გვყავს ახალგაზრდა პაციენტი, 42 წლის, რომელიც გუშინაა ჩვენს კლინიკაში შემოსული, პაციენტთან გამოვლინდა მწვავე რესპირატორული დისტრესი, რის გამოც მოთავსდა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. დინამიკაში მისი მდგომარეობა უარყოფითი კლინიკით გვაქვს, მიუხედავად ჩატარებული სამკურნალო ღონისძიებებისა და ნებისმიერ დროს შესაძლებელია, გადაყვანილი იქნას აპარატზე. ასევე გადმოყვანილია რამდენიმე პაციენტი სხვადასხვა კლინიკიდან, ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით კრიტიკულია, მას აღენიშნება მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომი, გულის მწვავე უკმარისობით“, - აღნიშნა ლევან რატიანმა.