კორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის მოზარდი გიორგი შავგულიძე, რომელიც ამერიკულ კლასტერს მიეკუთვნება, აშშ-ში გაეროს მოდელირების პრესკონფერენციაზე იმყოფებოდა და ვარაუდობს, რომ დაინფიცირება საქართველოში დაბრუნების დროს აეროპორტში ან თვითმფრინავში მოხდა.
ამის შესახებ გიორგი შავგულიძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა, სადაც ის ინფექციური საავადმყოფოდან ჩაერთო. გიორგი იქ დედასთან ერთად არის მოთავსებული.
"ამერიკაში გაეროს მოდელირების პრესკონფერენციაზე ვიყავი, 11-ში ჩამოვედი საქართველოში. ერთი კვირის შემდეგ მაღალი სიცხე მომცა, მივმართეთ დახმარებას, მოვედით ინფექციურ საავადმყოფოში და დაგვიდასტურდა COVID-9. მართალია, არ ველოდები, მაგრამ ჩვეულებრივად შევხედე ამ ყველაფერს. ვიცოდი, რომ ახალგაზრდებში ვირუსი გართულების გარეშე მიმდინარეობს.
რაც შეეხება დაინფიცირებას, სავარაუდოდ, ეს მოხდა უკან დაბრუნების დროს, როდესაც ამერიკიდან საქართველოში მოვდიოდი - აეროპორტში ან თვითმფრინავში" - ამბობს მოზარდი.
მისი თქმით, ვირუსი სწავლა-განათლების მიღებაში ხელს არ უშლის და მეტიც, ინფექციური საავადმყოფოდან ონლაინ-გაკვეთილებსაც ესწრება.
"აქ დილა იწყება ჩვეულებრივად იწყება, ყოველდღე ვაკონტრლებ სიცხეს. საბედნიეროდ, ბოლო 10 დღე სიცხე აღარ მქონია კვირის ბოლოს ხელმეორედ ჩავიტარებ ტესტს. არაფერი არ მაწუხებს.
სკოლაში ონლაინ გაკვეთილებს ვესწრები. ეს მდგომარეობა სწავლა-განათლებაში ხელს არ მიშლის. ჩვეულებრივად შემიძლია მეცადინეობაც და ყველაფერი" - ამბობს 15 წლის მოზარდი გიორგი შავგულიძე.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 117-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5783 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 301.ცნობისთვის, 117 ადამიანიდან, 23 გამოჯანრთელებულია.