ავტორი:

რუსული შოუბიზნესი პანიკაშია - კორონავირუსით ინფიცირებულმა ლევ ლეშენკომ, ბომონდურ წვეულებაზე მოილხინა

რუსული შოუბიზნესი პანიკაშია - კორონავირუსით ინფიცირებულმა ლევ ლეშენკომ, ბომონდურ წვეულებაზე მოილხინა

ბომონდური წვეულება, რომელიც რუსეთის დედაქალაქში 14 მარტს გაიმართა, შესაძლოა, კორონავირუსით ინფიცირების წყარო გახდეს.

ცნობილი კომპოზიტორის იგორ კრუტოის დის, ალლას 60 წლის იუბილეზე რუსული შოუბიზნესისა და პოლიტიკის უამრავი ცნობილი სახე შეიკრიბა, რამდენიმე დღეში კი ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთ სტუმარს, რუსეთის სახალხო არტისტს, 78 წლის ლევ ლეშენკოს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, რუსული შოუბიზნესი პანიკაშია, რადგან კორონავირუსის დადასტურებამდე, ლეშენკომ ტელეგადაცემებში, წვეულებებსა და დაბადების დღეებზე მოასწრო სიარული, სავარაუდოდ იმ დროს, როცა ის უკვე ინფიცირებული იყო.

ლეშენკო მეუღლესთან ერთად

მარტის შუა რიცხვებში ლეშენკო და მისი მეუღლე აშშ-სა და კანადაში იმყოფებოდნენ, იქედან მარსელში გადაფრინდნენ და ამის შემდეგ დაბრუნდნენ მოსკოვში. წყვილმა მალევე მიმართა საავადმყოფოს, რადგან დაავადების ნიშნები ჰქონდათ, 24 მარტს კი ლეშენკოს კორონავირუსი დაუდასტურდა. მას აღენიშნება პნევმონია და მძიმე მდგომარეობის გამო, რეანიმაციაშიაც მოათავსეს.

რუსი ტელეწამყვანი ლერა კუდრიავცევა, რომელიც ალლა კრუტაიას დაბადების დღეზე ბომონდის ასობით წარმომადენელთან ერთად იმყოფებოდა, იხსენებს წვეულებაზე ლეშენკოს მისვლას. ტელეწამყვანი ყვება, რომ ლეშენკო დაბადების დღეზე მივიდა, იუბილარს მიულოცა და მალევე დატოვა ტერიტორია. მისივე თქმით, სტუმრები სამედიცინო ნიღბების გარეშე იყვნენ და უსაფრთხოების ზომები დაცული არ იყო, რადგან 14 მარტს რუსეთში რაიმე შეზღუდვების შესახებ გამოცხადებული არ ყოფილა.

ტელეწამყვანი ლერა კუდრიავცევა

კუდრიავცევა ერთ-ერთია, რომელმაც ასევე ჩააბარა ტესტი კორონავირუსზე, ანალიზის მოლოდინშია და თვითიზოლაციაში იმყოფება.

თვითიზოლაციაში არიან ცნობილი რუსი მომღერალი არკადი უკუპნიკი და მისი მეუღლე ნატალია, რომლებსაც ასევე ჰქონდათ ურთიერთობა ლევ ლეშენკოსთან.

ტელეწამყვანმა ქსენია სობჩაკმა კი "ტელეგრამზე" დაწერა, რომ ყველა, ვინც ალლა კრუტაიას მასშტაბურ იუბილეს დაესწრო (მათ შორის მომღერლები: ფილიპ კირკოროვი, ოლეგ გაზმანოვი, ნიკოლაი ბასკოვი, ალექსანდრ სეროვი, ირინა ალეგროვა, ანი ლორაკი, ალსუ, ყოფილი ფიგურისტი ტატიანა ნავკა, მეუღლესთან რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივან დმიტრი პესკოვთან ერთად და სხვები), შესაძლოა ინფექციის გადამტანები იყვნენ და ყურადღებით უნდა მოეკიდონ თავიანთ და სხვის ჯანმრთელობას.

აღსანიშნავია, რომ კომპოზიტორმა იგორ კრუტოიმ დის 60 წლის იუბილის აღსანიშნავ წვეულევაზე 5 მილიონ რუბლზე მეტი დახარჯა.

იგორ კრუტოი დასთან, ალლასთან ერთად (მარცხნივ)

ქსენია სობჩაკის თქმით, ლევ ლეშენკოსგან შესაძლოა დაინფიცირებულიყო რუსი კომპოზიტორი და მომღერალი 60 წლის იგორ ნიკოლაევი, რომელიც ასევე საავადმყოფოშია გადაყვანილი.

რაც შეეხება რუსეთის პრეს-მდივან პესკოვს, მას აღნიშნულ წვეულებასთან დაკავშირებით განმარტების გაკეთება მოუხდა და განაცხადა, რომ ლეშენკოს არ შეხვედრია:

"დიახ, წვეულებაზე ვიყავი, თუმცა ლეშენკო არ მინახავს. როგორც ჩანს, იმ დროისთვის ის უკვე წასული იყო" - განუცხადა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს.

თორნიკე ყიფიანის სიმღერა "ევროვიზია 2020"-ის საუკეთესო სიმღერად დასახელდა

ბოლივუდის ლეგენდარული მსახიობი ირფან ხანი 53 წლის ასაკში გარდაიცვალა

"ელჩმა ურუგვაი-არგენტინის საზღვარი გაახსნევინა ჩვენთვის" - ნანი ბრეგვაძის შვილიშვილმა და რძალმა სამშობლოში დასაბრუნებლად, კორონავირუსის გამო ნახევარი მსოფლიო გაიარეს