სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ალექსანდრე მოწერელიას ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთიდან წუხელ ღამით ზუგდიდში გადმოყვანილ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა.
"მინდა მოგახსენოთ, რომ ზუგდიდში გვაქვს კორონავირუსის მეორე დადასტურებული შემთხვევა. ესაა ჩვენი მოქალაქე, რომელიც მოსკოვიდან ჩაფრინდა ადლერში, შემდეგ ავტომობილით მოვიდა სოფელ საბერიოში და შემდგომ ამ სოფლიდან იქნა გადმოყვანილი ჩვენი მედიკოსების მიერ სასწრაფო დახმარების მანქანით. ამჟამად ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება და შესაბამის მკურნალობას გადის", - აცხადებს მოწერელია.
სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციითვე, ცნობილია ინფიცირებულის კონტაქტები მას ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე კონტაქტი მხოლოდ შესაბამისი ეკიპირებით აღჭურვილ სამედიცინო პერსონალთან ჰქონდა.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 103-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
კარანტინის რეჟიმშია 5114 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 263 პირი. ინფორმაციისთვის, 103 ადამიანიდან 20 გამოჯანმრთელებულია.