ავტორი:

კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 30 000-ს გადააჭარბა - ბოლო ინფორმაცია დიდი ქვეყნებიდან

კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 30 000-ს გადააჭარბა - ბოლო ინფორმაცია დიდი ქვეყნებიდან

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 664 192-ს აღწევს, ლეტალური შემთხვევების რაოდენობამ კი 30 000-ს გადააჭარბა.

Worldometers-ის მონაცემებით, ყველაზე მეტი შემთხვევა დადასტურებულია აშშ-ში - 123 774 ადამიანი, იტალიაში - 92 472, ჩინეთში - 81 439, ესპანეთში - 73 235 და გერმანიაში - 57 695 ადამიანი.

რაც შეეხება გარდაცვლილთა სტატისტიკას, 10 023 გარდაცვლილი ჰყავს იტალიას, 5 982 - ესპანეთს, 3 300 - ჩინეთს, 2 517 - ირანს, 2 314 საფრანგეთს და 2 229 - აშშ-ს.

გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობა 142 364-ია, ყველაზე მეტი - 75 448 - ინფიცირებული ჩინეთში გამოჯანმრთელდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ქვეყანაში მცხოვრებ თითოეულ ოჯახს წერილი გაუგზავნა, სადაც ის კორონავირუსზე, მოსალოდენელ შედეგებსა და პანდემიასთან ბრძოლის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შესაძლო გამკაცრებაზე საუბრობს და მოსახლეობას შინ დარჩენისკენ მოუწოდებს.

„დასაწყისიდანვე გვსურდა, სწორ დროს სწორი ზომები გაგვეტარებინა. უარს არ დავზარდებით ამ ზომების კიდევ უფრო გამკაცრებასაც, თუკი ამას სამეცნიერო და სამედიცინო სფეროების წარმომადგენლები გვირჩევენ. მსურს, გამოგიტყდეთ, რომ სიტუაციის გაუმჯობესებამდე მდგომარეობა გაუარესდება. თუმცა სწორ მოსამზადებელ ნაბიჯებს ვდგამთ და უნდა გვესმოდეს, რომ რაც უფრო კარგად დავიცავთ წესებს, მით ნაკლებ სიცოცხლეს დავკარგავთ და ცხოვრებაც მით უფრო მალე დაუბრუნდება კალაპოტს,“ - წერს ბორის ჯონსონი წერილში, რომელიც მან დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ 30 მილიონ ოჯახს გაუგზავნა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ბორის ჯონსონს კორონავირუსი აღმოაჩნდა და თვითიზოლაციაში იმყოფება. ბოლო მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 17 089 შემთხვევაა დადასტურებული. დაღუპულთა რაოდენობა კი 1 019-ია.

ჩინეთში, საზღვარგარეთიდან შეტანილი კორონავირუსის შემთხვევები ზრდის შესაძლებლობას, რომ ქვეყანა ეპიდემიის ახალ ტალღაში მოექცევა, - ამის შესახებ ეროვნული ჯანდაცვის კომისიის პრესსპიკერმა განაცხადა.

„ჩინეთში უკვე დაფიქსირდა საზღვარგარეთიდან შემოსული კორონავირუსის საერთო ჯამში 693 შემთხვევა, რაც ნიშნავს, რომ ინფექციის ახალი რაუნდის შესაძლებლობა შედარებით დიდია“, - განაცხადა ჯანდაცვის ეროვნული კომისიის წარმომადგენელმა მი ფენმა.

კვირას, ჩინეთში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ყველა მათგანი, გარდა ერთისა, ქვეყანაში საზღვარგარეთიდან შესულ პაციენტებს აღმოაჩნდათ.

ჩინეთის ქალაქ უხანში რომელიც კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრად ითვლება, ორთვიანი კარანტინის შემდეგ მეტრო ამუშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ამ დროისათვის აღდგენილია მეტროს 184 სადგური. თითოეულ მათგანზე სპეციალური აპარატია მოწყობილი, რომელიც მოქალაქეებს ტემპერატურას უზომავს. ამასთან, მეტროს ვაგონებში აკრძალულია ერთმანეთის გვერდით ჯდომა, რასაც სპეციალური პირი აკონტროლებს.

შეგახსენებთ, ქალაქ უხანში კარანტინი 23 იანვრიდან გამოცხადდა. მოსახლეობას ქუჩაში გამოსვლა და ქალაქის დატოვება აკრძალული ჰქონდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნიუ-იორკის შტატში კარანტინი არ გამოაცხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რომ ნიუ-იორკში, ისევე როგორც ნიუ-ჯერსსა და კონეკტიკუტში კარანტინის გამოცხადება „აუცილებელი არ იქნება“ და რომ ამის ნაცვლად აღნიშნულ შტატებში დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ მოგზაურობისგან თავის შეკავების მკაცრი რეკომენდაცია გაიცემა.

ტრამპის მიერ აღნიშნული განცხადების გავრცელების შემდეგ დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა ნიუ-იორკის, ნიუ-ჯერსისა და კონეკტიკუტის მოსახლეობას მომავალი 14 დღის განმავლობაში შიდა გადაადგილებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

ცენტრის განმარტებით, შეზღუდვა არ შეეხებათ მხოლოდ კრიტიკული ინფრასტრუქტურის წარმომადგენლებს.

შეგახსენებთ, გუშინ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით ის ნიუ-იორკში, ასევე ნიუ-ჯერსისა და კონეკტიკუტის გარკვეულ ნაწილში კარანტინის გამოცხადების საკითხს განიხილავდა.

პრეზიდენტის ეს განცხადება ნიუ-იორკის მერმა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ შტატში კარანტინის გამოცხადება „უაზრო“ და „ანტი-ამერიკული“ ნაბიჯი იქნება. „ჩვენ გავხდებით უხანი, ჩინეთი. თქვენ მოახდენთ ფინანსური სექტორის პარალიზებას,“ - განაცხადა ენდრიუ ქუომომ. მისივე თქმით, ნიუ-იორკში კარანტინის გამოცხადება საფონდო ბირჟას ისე დააზარალებს, რომ ამერიკის ეკონომიკის აღდგენას თვეები და წლებიც შეიძლება დასჭირდეს.

ბოლო მონაცემებით, ნიუ-იორკში კორონავირუსის 52 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული.

იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის შედეგად 889 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ბოლო დღე-ღამის მანძილზე იტალიაში კორონავირუსით დაინფიცირების 5974 ახალი შემთხვევა გამოვლიდა.

საერთო ჯამში ქვეყანაში ახალი კორონავირუსით დაღუპულია 10 023 ადამიანი, ინფიცირებულთა რიცხვი კი 92 472-ს შეადგენს.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, ვირუსისგან სრულად გამოჯანმრთელდა 12 384 პაციენტი.

იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს თქმით, ახლა ევროკავშირმა „ტრაგიკული შეცდომები არ უნდა დაუშვას“. ინტერვიუში, რომელიც იტალიურმა გამოცემამ Il Sole 24 Ore გამოაქვეყნა, კონტე აცხადებს, რომ პანდემია ევროპის ეკონომიკას ანადგურებს.

„უმოქმედოდ ყოფნა ჩვენ შვილებს ამ ტვირთით დატოვებს. უნდა დავიწყოთ დიდი ევროპის აღდგენისა და რეინვესტირების გეგმა, რომ მოხდეს მთლიანად ევროპული ეკონომიკის მხარდაჭერა“, - აღნიშნა კონტემ.

მისივე თქმით, იტალია ახლა ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია და ტრაგიკული ნაბიჯების გადადგმა უწევს.

„იტალიაში, სხვა წევრ ქვეყნებშიც ჩვენ სხვა არჩევანი აღარ გვაქვს, ტრაგიკული გადაწყვეტილებების მიღება გვიწევს. ჩვენ მსგავსი გადაწყვეტილებები ევროპაში თავიდან უნდა ავიცილოთ. თუ ევროპა ამ ამოცანას ვერ გაუმკლავდება, მაშინ მთელი ევროპული პროექტების არსი აზრს დაკარგავს ჩვენი მოქალაქეების თვალში“, - აღნიშნა ქვეყნის პრემიერმა.

ესპანეთში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 838 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას BBC ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ეს, აქამდე, ქვეყანაში დაფიქსირებულ კორონავირუსით სიკვდილიანობის დღიურ მაჩვენებლებს შორის, ყველაზე მაღალი რიცხვია.

ამგვარად, ესპანეთში ახალი ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 6 528-ს მიაღწია. ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვი კიდევ 6 550-ით გაიზარდა და 78 797 შეადგინა.

რუსეთი 30 მარტიდან ყველა საზღვარს ჩაკეტავს. აღნიშნულ ზომას ქვეყანა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიმართავს. ბრძანება მთავრობის გვერდზე გამოქვეყნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, იკეტება ყველა საგზაო, საზღვაო, სარკინიგზო და საფეხმავლო გზა, რომლითც ქვეყანაში მოხვედრაა შესაძლებელი. შეზღუდვები არ ეხება დიპლომატებსა და ტვირთის გადაზიდვებს.

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ერთ დღეში 228-ით გაიზარდა და მთლიანობაში 1264-ს მიაღწია. ინფორმაციას კორონავირუსთან ბრძოლის სპეციალურ შტაბში ავრცელებენ. ინფიცერებულთა უმეტესობა, 114 პაციენტი ქვეყნის დედაქალაქში იმყოფება. ამასთან, შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის მანძილზე კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა. მთლიანობაში დაღუპულთა რიცხვმა 4 შეადგინა.

თურქეთში ახალი კორონავირუსით კიდევ 17 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 92-ს მიაღწია, - ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა ფაჰრეთინ კოჯამ განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის 2 069 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა რიცხვი 5 698-მდე გაიზარდა.

მისივე თქმით, ქვეყანაში 42 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

100 წლის წინ შექმნილი ვაქცინა, შესაძლოა, კორონავირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტს აძლიერებდეს - ის ქართველების უმეტესობას გაკეთებული აქვს

"სიკვდილიანობის მაჩვენებელი, სავარაუდოდ, პიკს ორ კვირაში მიაღწევს" - ტრამპი კორონავირუსის გამო შეზღუდვებს აპრილის ბოლომე ახანგრძლივებს

ფილიპინების აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქების შედეგად ყველა მგზავრი დაიღუპა