ავტორი:

როგორია კორონავირუსით ინფიცირებული ძველი და ახალი პაციენტების მდგომარეობა - უახლესი მონაცემები სხვადასხვა კლინიკიდან

როგორია კორონავირუსით ინფიცირებული ძველი და ახალი პაციენტების მდგომარეობა - უახლესი მონაცემები სხვადასხვა კლინიკიდან

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ექიმ ინფექციონისტის მეგი კობახიძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 2 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

როგორც ექიმმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ამჟამად კლინიკაში 16 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის კორონავირუსით დაინფიცირებული 5 ადამიანი.

მისი თქმით, ხუთი პაციენტიდან სამს პნევმონია აქვს.

„ამ დროისთვის, ჩვენთან ბოქსირებულ განყოფილებაში მკურნალობას გადის 16 პაციენტი. ხუთი არის დადასტურებული შემთხვევა. ამ ხუთი პაციენტიდან სამს აქვს გართულება პნევმონიის სახით. გუშინ დაგვემატა ერთი ბავშვი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, შესაბამისი მკურნალობა და დიაგნოსტიკური კვლევები მიმდინარეობს“, - აცხადებს ექიმი ინფექციონისტი.

რაც შეეხება ინფექციური საავადმყოფოს პაციენტებს... საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული 4 ახალი პაციენტიდან 1 ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

„გუშინ დილით ჩვენ ვთქვით, რომ 77 დადასტურებული შემთხვევა იყო. დღეს დილას არის უკვე 81, გუშინდელს შემდეგ 4 ახალი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. ამ 4 ახალი შემთხვევიდან 1 არის ჩვენი ცენტრის პაციენტი, დანარჩენები განთავსებულები არიან სხვა კლინიკებში. გამოჯანმრთელებულებიდან ჩვენს ცენტრს დაემატა 2, იყო 10 გამოჯანმრთელებული, გახდა 12. ერთმა უკვე დატოვა ჩვენი ცენტრი. სულ ბინაზე გაწერილია 11. მე-12 პაციენტის მდგომარეობა უნდა შეფასდეს პასუხთან, ანუ ვირუსმა განიცადა ელიმინაცია, მაგრამ აუცილებელია შეფასდეს ზოგიერთ შემთხვევაში პაციენტის სხვა კლინიკური მონაცემები. შეფასდება კლინიკური მონაცემები და ეს პაციენტიც ალბათ დატოვებს დღეს ჩვენს ცენტრს.

კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული არის საჩხერის საავადმყოფოდან. ანუ, სულ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 13 გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით დაინფიცირებული ახალი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის. მისივე თქმით, ამ პაციენტის კონტაქტების ისტორია არ სცდება იმ წყაროს, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოში აქამდე იყო დადასტურებული.

ახალი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის მძიმე, საშუალო სიმძიმისაა. ჩვენ გვყავს 4 მძიმე პაციენტი. ამ 4 პაციენტიდან ერთი არის განსაკუთრებით მძიმე პაციენტი. მისი მდგომარეობის სტაბილიზირება ჯერჯერობით ვერ ხდება. დაავადება უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც პროგრესირებს. დანარჩენ სამთან გარკვეულწილად მიღებულია სტაბილიზირება, მაგრამ ეს არ გვძალევს სიმშვიდის საშუალებას. მაინც ჯერჯერობით ვამბობთ, რომ ამ პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და დინამიურ მეთვალყურეობასა და ანალიზს მოითხოვს,“- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, დამაკმაყოფილებელია იმ 5 ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებიც ინფექციურ საავადმყოფოში არიან მოთავსებულები.

„ამ ეტაპზე ჩვენთან წევს 34 ინფიცირებული პაციენტი, გაწერილია 11. ახალ შესაძლო შემთხვევებზე დღეს დილას მოხდება ცხვირ-ხახის ნაცხის აღება და ტესტირება,“ - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

დღეს ლუგარის ლაბორატორიიდან მიღებული ანალიზის პასუხების მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეებს კორონავირუსული ინფექცია არ უდასტურდებათ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, არც ერთ სამხედროს ამ დროისთვის კორონავირუსი არ დადასტურებია.

„კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ დღემდე არც ერთ სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი არ დადასტურებია. ასევე, გამოკვლევის შედეგად არ დადასტურდა ერთი სამხედროს პნევმონიის დიაგნოზი. ვინაიდან სამინისტროს გადაწყვეტილებით კორონავირუსისთვის ან სეზონური გრიპისთვის დამახასიათებელი ნიშნების მქონე ყველა სამხედრო მოსამსახურე მკურნალობის კურსს სამხედრო ჰოსპიტალში გადის, გუშინ თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული ხუთი სამხედრო მოსამსახურე სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. გორის სამხედრო ჰოსპიტალში სამხედო მოსამსახურეებს მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება უტარდებათ.

აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰოსპიტალის მომზადებისა და კორონავირუსის ინფექციის კონტროლის დონე უმაღლესი კატეგორიით შეაფასა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მედიას და სხვა პროფესიულ ჯგუფებს წინასწარ არ გაავრცელონ ინფორმაცია და სამედიცინო პროფილაქტიკური ღონისძიება არ შეაფასონ, როგორც ვირუსის გავრცელების დადასტურებული შემთხვევა. დაელოდონ როგორც უწყების ოფიციალურ განცხადებას, ასევე მკაფიო სამედიცინო დასკვნებს,“ - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით 81 ადამიანია დაინფიცირებული, მათგან 13 გამოჯანმრთელდა.

"მიცვალებულთა შაბათი მოდის და გთხოვთ, საკურთხს აქ ნუ მოიტანთ, მეზობლებს დაურიგეთ" - მამა შალვა მრევლს მიმართავს

ქალი, რომელიც პირბადეებს კერავს და უფასოდ არიგებს - "და სიმსივნით გარდამეცვალა, ამიტომ პირველი რაც გავაკეთე, სიმსივნით დაავადებულებს გავუგზავნე"

ქუთაისში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა დადასტურდა