დახურეთ კარი. დიახ, საკეტით. ჩამოაფარეთ ფარდები და გამომყევით. მართალია, საშინაო ფორმაში ხართ, ვარცხნილობითაც დიდად ვერ დაიკვეხნით და ლამისაა, კვირის დღეებიც აგრევიათ, მაგრამ თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ, რამდენად დიდი რამის კეთება შეგიძლიათ განაგრძოთ ზუსტად ახლა.
ადამიანი გამოყენებულ შესაძლებლობათა ერთობლიობაა და შანსი, რომელსაც ხელიდან უშვებ, არ ჰგავს გაშვებულ სიყვარულს. ის არასდროს ბრუნდება. იმის კეთება, რაც გიყვარს, შენი ვალდებულებაა. საკუთარი თავის მიმართ ჩადენილი ყველაზე დიდი დანაშაული კი - ნიჭის გამოუყენებლობა.
კარგად მღერი? უნდა იმღერო ხმის წასვლამდე. კარგად წერ? უნდა წერო ისე ძლიერ, რომ წერისგან მაჯები გეტკინოს, შენი თითები გიტარისტისას დაემსგავსოს და გონება ძილშიც პერსონაჟებს ქმნიდეს. უნდა წერო, სანამ მოთმინების ფიალა აგევსება და როცა შემოქმდება შენი ჭურჭლიდან გადმოსვალს დაიწყებს, შენ გაიმარჯვებ. მნიშვნელობა არ აქვს რაზე წერ, მთავარია წერდე სიმართლეს და ეს სიამოვნებას გგვრიდდეს.
შენ ალბათ, საკუთარი თავის მიმართ სკეპტიკურად ხარ განწყობილი. წიგნის წერა ღმერთების საქმე გგონია და ფანჯრებიდან მუზების შემოფრენასაც დალოდებიხარ. არადა, ცნობილი ავტორების უმრავლესობა მუშაობისას ფარდებს აფარებდა და კეტავდა კარს. საკეტით. სხვა, განსაკუთრებულ პირობებს არ ითხოვდნენ. სინამდვილეში, მუზები არ არსებობენ, არსებობს მხოლოდ ჟინი და წარმოუდგენლად დიდი სურვილი რაღაცის შექმნის. წერის დროს არ უნდა იოცნებო ათასობით გულშემატკივარსა თუ ავტოგრაფების დარიგებაზე. უნდა წერო, უპირველესად, საკუთარი თავისთვის და გწამდეს - როცა გულით აკეთებ ამას, მკითხველი აუცილებლად იგრძნობს და შეგიყვარებს.
თუ უკვე ხვდები, რაზეც ვსაუბრობ, მაშინ შენ ალბათ, ბევრს წერ და ჭერში აწყობ. ვინ იცის, დაუხარისხებელ ფაილებს შორის რამდენი ამბავი გაქვს, რომლებსაც მხოლოდ მონიტორის სხივები თუ შეავლებენ თვალს, ისიც - იშვიათად. ჰოდა, აი, ახლა მათი გადმოლაგების და სიტყვა-სიტყვით წაკითხვის დრო მოვიდა. რატომ? იმიტომ, რომ შენს ერთ ყველაზე კარგ ნაწარმოებს მკითხველი სჭირდება, შენ კი თვითრწმენა და გამბედაობა. დროა, გაავსო შენი ფიალა, გადმონაჟური მკითხველს დაუტოვო და შენ გაიმარჯვო. ამისთვის ბევრი დრო არ გაქვს, თუმცა მის დასარედაქტირებლად საკმარისი იქნება. ძალიან ნუ გამოპრანჭავ, იყოს ისე ბუნებრივ, საშინაო ფორმაში, როგორც ახლა შენ ხარ, მაგრამ დავარცხნე და ისე გაგზავნე. იქ მას სამართლიანი და კეთილგანწყობილი ჟიური ელოდება. ამდენი ხანი ერთგანზომილებაში რომ გყავდა გამოკეტილი, ახლა წიგნად ქცევას იმსახურებს. ასე რომ, გაუშვი. მისი გაშვება კი შენთვის შანსის ხელიდან არგაშვვება იქნება.
ლიტერატურულ კონკურსს, რომელიც შენს ცხოვრებას შეცვლის, „გახდი ბესტსელერის ავტორი 2020“ ჰქვია. კონკურსი უკვე მეოთხედ ტარდება. ეს უფასო შანსია, რომელიც წელიწადში ერთხელ გეძლევა. შესაძლებლობა გაქვს, გახდე ავტორი, თანაც ბესტსელერის ავტორი.
ასე რომ, დახურე კარი, ჩამოაფარე ფარდები და დაიწყე მუშაობა.
კონკურსში მონაწილეობის წესებსა და პირობებს კი გაეცანით აქ: https://www.palitral.ge/konkursis-tsesebi-da-pirobebi.html?lang=ka-GE