მარნეულსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტში სპეციალურმა ჯგუფებმა 20 ათასზე მეტი ადამიანი შეამოწმეს და მათგან ტემპერატურა მხოლოდ 25-ს დაუფიქსირდა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი ინფორმაციით, იმ ადამიანებისგან, ვისაც სიცხე დაუფიქსირდა, საყურადღებო მხოლოდ ორია.
„იცით, რომ დავიწყეთ ინფორმირებასთან ერთად გარკვეული შემოწმებები ორივე რაიონის. ჯგუფებმა, რომელიც დაკომპლექტებულია ადგილობრივი თვითმმართვლობის წარმომადგენლებითა და მედიკოსებით, უკვე შეძლეს 20 ათასზე მეტი ადამიანის მონახულება, ატარებენ გარკვეულ გამოკითხვებს, უზომავენ სიცხეს და ტარდება პროტოკოლით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები. აქედან მხოლოდ 25 ადამიანს დაუფიქსირდა სიცხე, აქედან საყურადღებო იყო ორი და შესაბამისად ისინი მოთავსებულები არიან საავადმყოფოში მარნეულში“, - განაცხადა ჩიქოვანმა.
ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საგანგებო რეჟიმთან დაკავშირებული სირთულეები ბოლნისსა და მარნეულში აღმოფხვრილია. როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, იზოლაცია ორივე რეგიონში უზრუნველყოფილია.
„საგანგებო რეჟიმი მარნეულსა და ბოლნისში გამოცხადებულია მხოლოდ და მხოლოდ 48 საათია. თავიდან იყო გარკვეული სირთულეები, რომელიც დაკავშირებული იყო მოსახლეობის ინფორმირებულობასთან, თუმცა, მინდა გითხრათ, რომ დღეს ეს არის აღმოფხვრილი. ძალიან ეფექტიანად იმუშავეს, როგორც სამართალდამცავებმა, ასევე სამხედროებმა. სრულად არის უზრუნველყოფილი იზოლაცია და ასევე საზოგადოება არის სრულად ინფორმირებული სიტუაცია ამ ორივე რაიონში არის მშვიდი. ჩვენი თანამოქალაქეები ამ ორივე რაიონში მშვიდად ეპყრობიან იმ ვითარებას, რაც არის დღეს მარნეულსა და ბოლნისში. აქვე მინდა მთავრობის სახელით მადლობა გადავუხადო, ეს ზომები არის აუცილებელი თითოეული მათგანისთვის და მთლიანად, მთელი საქართველოს მოსახლეობისთვის“, - განაცხადა ჩიქოვანმა.