ავტორი:

"ის პირველი პაციენტი იყო, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა, უდიდესი სტრესი ჰქონდა" - რას ჰყვება ინფექციურის ექიმი, რომელიც ინფიცირებულებს მკურნალობს

"ის პირველი პაციენტი იყო, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა, უდიდესი სტრესი ჰქონდა" - რას ჰყვება ინფექციურის ექიმი, რომელიც ინფიცირებულებს მკურნალობს

ამ ადამიანებს მასობრივად არ იცნობენ, ისინი ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული პალატების ექიმები არიან და იქ ფუტკრებივით შრომობენ იმისთვის, რომ ახალი კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტები განკურნონ, ვერაგ ინფექციას ხელიდან გამოსტაცონ თითოეული პაციენტის სიცოცხლე.

ერთ-ერთი ასეთ თავდადებული ადამიანი ეკა ნაფეტვარიძეა, მან ინფექციურ საავამყოფოში მიიღო კორონავირუსით დაინფიცირებული პირველი პაციენტი და მისი გამოჯანმრთელებისთვის, მთელ მედპერსონალთან ერთად, ყველაფერი გააკეთა.

"2014 წლიდან ამ კლინიკაში ჯერ რეზიდენტი ვიყავი, 2017 წლიდან უმცროსი ექიმი გავხდი, შემდეგ ექიმი და სხვადასხვა განყოფილებაში ვიმუშავე, იქ, სადაც ყოველთვის მეტი დატვირთვაა", - ასე იწყებს ჩვენთან საუბარს ეკა ნაფეტვარიძე.

- ახალი კორონავირუსით დაინფიცირებული პირველი პაციენტი კლინიკაში თქვენ მიიღეთ. მოგვიყევით ამის შესახებ.

- 25 იანვარს ვმორიგეობდი და პაციენტი კლინიკაში გვიან ღამით შემოვიდა. მივიღეთ სპეციალური ეკიპირებით, რადგანაც მანამდე გამოცდილება გვქონდა, პაციენტების დიდ ნაკადს ვიღებდით, რომელთაც ახალი კორონავირუსის შესაძლო სიმპტომები ჰქონდათ, მაგრამ დადასტურებული არც ერთი იყო. ეს პირველი ადამიანი აღმოჩნდა, ვისაც ეს ვირუსი დაუდასტურდა და ქვეყანაში ასე დაფიქსირდა პირველად ეს ინფექცია, მაგრამ გვქონდა დიდი მოტივი, რომ გავმკლავებოდით და მთელი ძალისხმევით მივყოლოდით ამ პაციენტის გამოჯანმრთელების პროცესს.

- როგორი იყო თავიდან მისი მდგომარეობა?

- ეს უდიდესი სტრესი იყო მისთვის და დიდი ემოციები ჰქონდა, - განიცდიდა, მაგრამ მთელი გუნდი გვერდით ვედექით ძალიან მალე გაუქრა ის ემოციური მომენტები, ვმკურნალობდით, ვამხნევებდით, დავმეგობრდით კიდეც, მასთან ყველა ახლოს ვიყავით განყოფილების გამგით დაწყებული, ექიმით, ექთნით დამთავრებული. ერთად გადავიტანეთ სირთულეები და ყველაფერი კარგად დამთავდა. ახლაც გვაქვს პაციენტთან კონტაქტი და არაჩვეულებრივად გრძნობს თავს.

გაეწერა, ბინაზეა, 2 კვირის მანძილზე იზოლაციაში იქნება, მაგრამ გვაქვს ყოველდღიური კონტაქტი და ხომ ვთქვი, ყველაფერი მიდის არაჩვეულებრივად.

- ზოგადად როგორები არიან პაციენტები, რომელთაც ეს საშინელი ინფექცია აქვთ?

- დიაგნოზის მოლოდინში შეშინებულები არიან, რა თქმა უნდა, ძალიან დაძაბულები, რთულად ეგუებიან თავიანთ მდგომარეობას, მაგრამ ჩვენი ემოციური თანადგომით მგონი, ვახერხებთ ამ მხრივადაც და სამედიცინო კუთხითაც მათ დახმარებას, გვერდში დგომას. ამის შემდეგ რამდენიმე დღეში გასდით ეს ემოციური შოკი. მერე როგორც პაციენტი, ასევე მთელი გუნდი ერთიანად ვიბრძვით მისი დაავადების წინააღმდეგ.

- რით განსხვავდება თქვენი სამსახური - ბოქსირებული განყოფილების ექიმობა სტაციონარის სხვა ექიმებისგან? თქვენ ხომ ვირუსის გადადების უდიდესი რისკის ქვეშ ხართ. რამდენად ხართ ამისგან დაცულები?

- ყველანი სპეციალურ სამოსში ვართ, ეკიპირებულები. ამ ეკიპირებას დიდი დრო სჭირდება, დღეში რამდენჯერმეც გვიწევს ეს, რადგანაც პაციენტებთან ბოქსში რამდენჯერმე გვიწევს შესვლა. გამოსვლისას იმ სამოსს ვიხდით. ეს სპეცტანსაცმელი, რა თქმა უნდა, ტოვებს კვალს ჩვენს სახეზე. მოკლედ, ეკიპირებულები ვართ სპეცილური ფორმით, ყველა წესს ვიცავთ პაციენტთან ურთიერთობისას, სიფრთხილით შევდივართ მასთან, მაგრამ გვიწევს იქ დიდი დროის გატარება.

ამიტომაც, ყველა ქვეყანაში არსებობს ექიმების დაინფიცირების საფრთხე, მაგრამ ჩვენთან საბედნიეროდ ასეთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, მსგავსი შემთხვევა არ მომხდარა და ძალიან მინდა, რომ არ მოხდეს. ყველა ადამიანს, ვინც ამ პაციენტების გამოჯანმრთელებისთვის აქტიურად იბრძვის, ყველას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, ეს იქნება დაბალ თუ მაღალ საფეხურზე მყოფი პერსონალი. ყველა აქტიურადაა ჩართული ამ საქმეში - როგორც ჩვენს კლინიკაში, დარწმუნებული ვარ, სხვა კლინიკებშიც ასეა.

- და ამ პერიოდის მანძილზე სულ სამსახურში ხართ?

- 24-საათიანი მორიგეობის შემდეგ კიდევ ვრჩებით, ალბათ, ერთი საათი თუ გვძინავს, სახლში ელემენტარული ჰიგიენური ნორმების დასაცავად მივდივართ და როცა წასულები ვართ, მაინც აქეთ მოგვიწევს გული. რამე ისეთი არ მოხდეს, რომლის დროსაც ჩვენ აქ არ ვიქნებით. რა თქმა უნდა, ეს „ბრძოლა“ ჩვენთვის პროფესიულად დიდი გამოწვევაა.

- ეს საქმე რომ არ გიყვარდეთ, ვერც გააკეთებდით. აქ შიში რამდენი პროცენტია?

- სიფრთხილე არის, მაგრამ შიშის განცდა არ გვაქვს, ამ განცდით არ შევდივართ პაციენტებთან, უშიშრად ვართ.

- ყველა დაინფიცირებულთან მოგიწიათ ურთიერთობამ?

- ვინც ჩვენს კლინიკაშია, ყველასთან. არ არსებობს ჩემი და შენი პაციენტი, მით უმეტეს, თუ რომელიმეს მდგომარეობა მეტად საყურადღებოა და მძიმეა. ყველას ლაბორატორიული მონაცემი ვიცით. რასაც აქამდე ვაკეთებდით და ვაკეთებთ ეს ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის დამსახურებაა.

- ოჯახის წევრების დამოკიდებულება როგორია თქვენი საქმიანობის მიმართ?

- ჩემი ოჯახის წევრები თავიდან ცოტა დამფრთხალნი იყვნენ, მაგრამ ჩემთვის არ უგრძნობინებიათ, მხარში მიდგანან და მამხნევებენ ამ რთულ საქმეში.

- საზოგადოებას რა რჩევას მისცემდით?

- ისევ და ისევ იმას, რომ დაიცვან ყველა რეკომენდაცია, რაც მოწოდებულია როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ასევე ადგილობრივი ეპიდემიოლოგების მიერ. დავეხმაროთ ერთმანეთს, ერთად დგომით შევძლებთ გავუმკლავდეთ ვირუსს და დავძლიოთ ეს გამოწვევა. ყველას ჯანმრთელობას ვუსურვებ, მათ, ვინც ამ საქმეში გვერდში გვიდგას და თუნდაც ისინი, ვინც ემოციურად გვამხნევებენ.

საჩხერის სამედიცინო ცენტრში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი გამოჯანმრთელდა

"11 მარტს დედა ბებიას იუბილეზე იმყოფებოდა..." - რას ჰყვება ინფიცირებული 62 წლის მარნეულელი ქალის შვილი

"უახლოეს დღეებში გამოჯანმრთელებულებს ველოდებით" - მარინა ეზუგბაია