ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჩინეთიდან სწრაფ ტესტებს სახელმწიფო დღეს ელოდება და პირველ რიგში, მათი საშუალებით მარნეულში მოსახლეობის გამოკვლევა მოხდება.
მინისტრი ამბობს, რომ სწრაფი ტესტირება რეგიონში ეპიდემიის სწრაფად გავრცელების შეკავების შესაძლებლობას მისცემთ.
„დღეს ჩვენ ველოდებით სპეცრეისს, რომელიც განხორციელდება ჩინეთიდან საქართველოში და მივიღებთ ორი ტიპის სწრაფ ტესტს. ერთ-ერთი იქნება იმის მსგავსი, რომელიც უკვე საქართველოში გვაქვს და მოხდება ჩვენი მარაგების კიდევ დამატებით შევსება. მეორე ტესტი არის სწრაფი ტესტი, რომელიც პირველ და მეორე დღეს აიდენტიფიცირებს ორგანიზმში ვირუსის არსებობას და შესაბამისად, ჩვენი გეგმა არის შემდეგი, რომ იქ, სადაც ვთვლით, რომ ეპიდემიური აფეთქების რისკია, დავიწყებთ იმ მოსახლეობის გამოკვლევას. ამ ეტაპზე ეს რეგიონი შერჩეულია და ეს არის მარნეულის რეგიონი, რაც რა თქმა უნდა, მოგვცემს შემდეგ ეფექტს, რომ მოხდება მარნეულში არა ეპიდემიის ისე სრაფად გავრცელება, რომელიც შესაძლებელი იქნებოდა ტესტის არქონის შემთხვევაში, არამედ ეს მოგვცემს საშუალებას, რეგიონში ეპიდემიის გარკვეულწილად შეკავების და მისი დინამიურობის გაკონტროლების,“ - განაცხადა ტიკარაძემ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ჩინეთიდან საქართველოში ხვალ ჩამოვა 1 000 ტესტი, რომელიც ასევე PCR ტექნოლოგიებს ემყარება. როგორც გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის საჩუქარი, რომელიც საქართველომ მიიღო და ამისთვის აპარატი უკვე ჩამოსულია ქვეყანაში.
მისივე განმარტებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი განაგრძობს ამ ტესტების გამოყენებას იმ სქემით, რასაც აქამდე იყენებდა.
„რაც შეეხება უკვე ანტიგენზე დამყარებულ ტესტებს, რომელიც ასევე ჩინეთიდან მოდის, მაგრამ ეს არის ის მოდელი, რაც სამხრეთ კორეაში იყო გამოყენებული და ეს ტესტები ჩინეთშია წარმოებული, ვფიქრობთ, რომ ეს კვირის ბოლოს ჩამოვა. ჩინეთიდან ამ ტესტების პარტიის ტრანზიტი ხვალ დაიწყება. შემდეგ უკვე ეტაპობრივად ველოდებით დამატებითი რაოდენობის ტესტებს, რომელიც აპრილის დასაწყისში იქნება. უკვე შემდეგ შესაძლებლობა გვექნება ამ ტესტების გამოყენება მეტად გაფართოვდეს. პრიორიტეტული ჯგუფები იქნება სამედიცინო პერსონალი, ასევე მაღალი რისკის ჯგუფებში მყოფი პაციენტი, რომელიც იქნება კონტაქტი და სიმპტომური პაციენტი“, - განაცხადა გაბუნიამ.
კითხვაზე, რამდენად მოახერხებს ჩვეულებრივი მოქალაქე ამ ტესტის გამოყენებას და მას უაცილებელია თუ არა ჰქონდეს ექიმის დანიშნულება, თამარ გაბუნიამ უპასუხა, რომ მოქალაქეს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ექიმის დანიშნულება.
„ამ შემთხვევაში ტესტის ჩატარება მხოლოდ სურვილით შესაძლოა, არ იყოს მიზნობრივი და ის ძვირფასი რესურსი, რომელიც ჩვენ ტესტის სახით გვაქვს, გაიხარჯოს. ამდენად აქ ეპიდემიოლოგებისა და საექიმო შეფასების გარეშე ტესტის ჩატარებაზე, ძალიან გთხოვთ, ნუ გვექნება მოლოდინი, რომ როდესაც ტესტები ქვეყანაში შემოვა, შეგვიძლია მარტივად მივიდეთ და გავიკეთოთ ტესტი. ამას სჭირდება წინაპირობა, შეფასება ექიმის და ეპიდემიოლოგის დასკვნა“, - განაცხადა გაბუნიამ.