კორონავირუსით ინფიცირებული სამი ახალი პაციენტი ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს. მათ ახალი კორონავირუსი დღეს დაუდგინდათ. როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, ინფიცირებული მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მათ მინიმალური კლინიკური ნიშნები აღენიშნებათ.
მინისტრის თქმით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც ერთ-ერთ სასტუმროში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, სპეციალური რეისით სამშობლოში დააბრუნებენ.
"უცხო ქვეყნის მოქალაქე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, იგი ჩრდილოეთ ევროპიდან ჩამოვიდა.უცხო ქვეყნის მოქალაქეს,თავის ქვეყანაში ჩატარებული ჰქონდა კვლევა, რა მეთოდით არ ვიცით... თუმცა დღეს მიიღო შეტყობინება საეჭვო დადასტურების შესახებ, გვაცნობა და გადავიყვანეთ კლინიკაში. უცხო ქვეყნის მოქალაქეს დამატებით კვლევა ჩაუტარდა და აღმოჩნდა პასუხი დადებითი.იმ ქვეყანამ სურვილი გამოთქვა, რომ აგზავნის სპეციალურ რეისს მოქალაქის გასაყვანად. უცხო ქვეყნის მოქალაქე გვიან ღამით, თავის სამშობლოში დაბრუნდება. ანუ შემდგომში, კითხვები რომ არ იყოს, რატომ არის ერთით ნაკლები ინფიცირებული კლინიკაში.
მეორე მოქალაქეს ამერიკისა და საქართველოს მოქალაქეობა აქვს, მას არანაირი საეჭვო ნიშანი არ ჰქონია, გადაყვანილი იყო თვითიზოლაციის რეჟიმზე, რაც შემდგომში დაუდასტურდა.
ხოლო მესამე პაციენტი რამდენიმე საათია ქვეყანაში დაბრუნდა და ინფექცია დაუდასტურდა, მოგზაურობის ისტორიას ეპიდემოლოგები სწავლობენ", - განაცხადა მიქელაძემ.
მისივე თქმით, ბათუმის ინფექციურ კლინიკურ საავადმყოფოში ინფიცირებული 6 პაციენტია, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისა, მინიმალური კლინიკური ნიშნებით.
"ეპიდემოლოგების ჯგუფები სწავლობენ, ახალი ინფიცირებული მოქალაქეების მოგზაურობის ისტორიას.სასტუმროში მყოფთან, კონტაქტი მხოლოდ ერთ ადამიანს ჰქონდა , იგი თვითიზოლაციაში იყო. უცხო ქვეყნის მოქალაქე რომელიც პილოტი იყო, ამიტომ იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. ასევე თვითიზოლაციაში იყო ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი, იგი აეროპორტიდან გადაყვანილი იყო თვითიზოლაციაში" , - განაცხადა ზაალ მიქელაძემ.
ამასთან, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ბერლინიდან სპეციალური რეისით საქართველოს 180-მდე მოქალაქე დაბრუნდა. მათი სამშობლოში დაბრუნება საქართველოს მთავრობის დახმრებით მოხდა.
მოქალაქეებს პირველადი სამედიცინო კონტროლი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ჩაუტარდებათ და შემდგომში საკარანტინო სივრცეში გადაიყვანენ.
მოქალაქეებს სპეციალური ტრანსპორტით საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანენ.
კორონავირუსისთვის საეჭვო სიმპტომის შემთხვევაში კი მედიკოსები მათ ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანენ .
აჭარაში საკარანტინო სივრცეში 1000-ზე მეტი ადამიანი იმყოფება.