კომპანია, რომელიც ცოტა ხნის წინ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტით დადგენილი შეზღუდვების შეუსრულებლობის გამო დახურა, ონლაინ კაზინოების პროვაიდერი „ევოლუშენ გეიმინგია“.
როგორც „ინტერპრენიუსთან“ საუბრისას კომპანიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განაცხადა, მათი თანამშრომლები, რომლებსაც დღეს ტემპერატურა დაუფიქსირდათ, მარნეულის მცხოვრებლები არიან და სამსახურში გუშინდელ დღემდე დადიოდნენ.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული პირები, სავარაუდდოდ, საავადმყოფოში არიან მოთავსებულები.
„ჩვენ ჯერჯერობით ინფორმაცია საერთოდ არ გვაქვს, რატომ დაგვკეტეს და რა მოხდა, ვიცი, რომ გვყავდა მარნეულელი თანამშრომლები, რომლებიც გუშინდლამდე ჩვეულებრივ მუშაობდნენ და უახლესი მოვლენების გათვალისწინებით საფრთხეს შეიცავდა მუშაობა, მე ვისაც ვესაუბრე შენობაში, მითხრეს, სამთავრობო სამსახურებმა, ანუ, სავარაუდოდ, საგამოძიებოს გულისხმობდნენ, დაგვხურეს, არაა უსაფრთხო გარემოო. გიდასტურებთ, რომ სიცხიანი თანამშრომელი აღმოაჩინეს, მაგრამ აქვს თუ არა „კორონავირუსი“ არ დადასტურებულა.
როგორც ადგილზე გავიგე ეს თანამშრომლები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია ,რატომ და რამდენი ხნით დავიკეტეთ არაა ცნობილი“,- განაცხადა ერთ-ერთმა თანამშრომელმა.
მისი თქმით, სანამ კომპანიას საგამოძიებო სამსახური დახურავდა, მის დაკეტვას მენეჯმენტი არ აპირებდა და მხოლოდ სამსახურში დისტანცირების წესების შემოღებით შემოიფარგლნენ.
„მითითებები არავისგან ჯერჯერობით არ მიგვიღია, მეტიც, დაკეტვას არ აპირებდნენ, შემოიღეს დისტანცირების წესები, რიგში თუ გასახდელში, საჭმელ თუ მოსაწევ ადგილებში გვეკრძალებოდა 1 მეტრზე ახლოს მიახლოება ერთმანეთთან და დღეს დახურეს საგამოძიებომ, თორემ თვითონ არ მიუღიათ ეგ გადაწყვეტილება, თავადაც ცოტა დაბნეულები იყვნენ. ერთადერთი გვითხრეს, წადით სახლში და დაელოდეთ ოფიციალურ განცხადებასო.
რაც შეეხება თვითიზოლაციას, თანამშრომელთა უმრავლესობამ დამოუკიდებლად მივიღეთ ეგ გადაწყვეტილება და ორი კვირით ვრჩებით სახლში“,- განაცხადა ერთ-ერთმა თანამშრომელმა.