მარნეულში მყოფი ქართველი ექიმი მოქალაქეებს მიმართავს, არ დამალონ თუ ინფიცირებულებთან კონტაქტი ჰქონდათ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"ვემუდარები და ვთხოვ მოქალაქეებს უმორჩილესად, ნუ დამალავენ თუ ჰქონდათ კონტაქტი ან ირიბი... ნუ დამალვთ და აღიარეთ ვისთან გქონდათ კავშირი, რომ გადარჩეს საქართველო და მსოფლიო, ეს იზოლაციაც აუცილებელია" - აღნიშნა მან.
მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე ვკითხულობთ, რომ ქვეყანაში ამ დროისთვის კორონავირუსის დადასტურებული სულ 54 შემთხვევაა. კარანტინის რეჟიმშია - 3320 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 235.
გუშინ გახდა ცნობილი, რომ ერთ-ერთ ინფიცირებული მარნეულელი ქალბატონია, რომელიც წლისთავზე იმყოფებოდა და შესაბამისად, ათეულობით სხვა ადამიანთან ჰქონდა ურთიერთობა როგორც მარნეულის, ისე ბოლნისის მუნიციპალიტეტებიდან.
აღნიშნულის გამო გუშინვე მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოაწყო.