მწერალი გიორგი კეკელიძე თანამოქალაქეებს მოუწოდებს, სახლში დარჩნენ და ამით საყვარელი ადამიანები დაიცვან ვირუსით ინფიცირებისგან:
"#მესახლშივარ
ძვირფასო მეგობრებო! უნდა შეგაშინოთ! და უნდა გაგამხნევოთ! #დარჩისახლში კუკუ-დამალობანას თამაში ან ათი წლის წინანდელი ფოტოების განთავსების გამოწვევა არ არის, არ შეიმჩნიო ან ერთხელ აქ განათავსო სხვების დასანახად. მაგრამ რადგან ადამიანები ამას უფრო ადვილად იტაცებენ, გთავაზობთ, გადაიღოთ ერთი ასეთი ფოტო და განათავსოთ წარწერით #მესახლშივარ რადგან - დარჩი სახლში უდრის დარჩი სიცოცხლესთან, დარჩი ადამიანთან, გნებავთ - დარჩი ღმერთთან!
თქვენ იცით რა ხდება ახლა იტალიაში და ესპანეთში? თუ ესეც მეორე ოთახში ჩართული ფილმი გგონიათ? ადამიანებს ვერ კრძალავენ და სიცოცხლე მეორე მსოფლიო ომის სცენარივით "გაიაფდა". ყოველდღე მწერენ იქაური ქართველები, რომ მკვდრების თვლაა ყოველდღიური საქმე. მკვდრების თვლა და შიში. ამ ორი თვის მანძილზე გამხნევებდით და ვცდილობდი, ცოტა გამერთეთ კიდეც. ახლა გაშინებთ! დიახ, გაშინებთ! რადგან ეს შიში მართლა სიყვარულისაა და მართლა სიყვარულს შეიქმს.
დარჩი სახლში! ჩათვალეთ, რომ თვითმფრინავები გბომბავენ და თან ისე, რომ არც თვითმფრინავები ჩანან და არც ბომბები! და ერთადერთი საცავი, ახლა თქვენი გადარაზული კარია! მე განა არ მიჭირს, თან მუშაობაც მიხდება გრაფიკით და ჩემზე მეტად უჭირს სხვას, მაგრამ ახლა სხვა გამოსავალი არ არსებობს! თუ ასე ხმამაღლა არ დაგიძახეთ, ეტყობა ძნელად ისმენთ. არადა მხოლოდ თქვენთვის გეძახით! სიფრთხილე, მხნეობა და თანაგანცდა!
p.s. ძვირფასო მარნეულელებო და ბოლნისელებო, ახლა თქვენ გჭირდებათ დიდი სიმტკიცე. განსაკუთრებით იმ ბავშვებს მივესალმები, რომლებიც სულ გველიან და გვწერენ - ქართველებს, აზერბაიჯანელებს, სომხებს. "როდის ჩამოხვალ?" მალე ვერ ჩამოვალ, მაგრამ არც ისე გვიან! გავუძლოთ და გავიმარჯვებთ!" - წერს გიორგი კეკელიძე "ფეისბუქზე" და სახლში დარჩენის გამოწვევაში მეგობრებს და კოლეგებს იწვევს.