იაპონიაში, საკრუიზო გემზე Diamond Princess-ზე ჯერ კიდევ კარანტინის რეჟიმია გამოცხადებული მას შემდეგ, რაც იქ მყოფ ერთ-ერთ მგზავრს, 3 თებერვალს კორონავირუსი დაუდასტურდა. ზოგიერთი ქვეყნის ხელისუფლებამ მათ შორის, აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა თავიანთი ქვეყნების მოქალაქეები გემიდან წაიყვანეს და სპეციალურ საკარანტინო სივრცეებში მოათავსეს.
67 წლის ამერიკელი კარლ გოლდმანიც Diamond Princess-ზე ცოლთან ერთად იმყოფებოდა, Business Insider-თან ინტერვიუში დეტალურად იხსენებს არცთუ ისე სასიამოვნო თავგადასავალს.
გოლდმანს კორონავირუსი დაუდასტურდა და ახლა ნებრასკას სამედიცინო ცენტრში ატარებს საკარანტინო პერიოდს და საერთო ჯამში ერთ თვეზე მეტია, რაც კარანტინშია. ის კორონავირუსის მახასიათებლების შესასწავლ კვლევაშია ჩართული და მედიკოსები მასზე დაკვირვების შედეგად ცდილობენ შეისწავლონ ახალი ტიპის ვირუსზე ყველა დეტალი.
კარლი იხსენებს, რომ თავის ცოლთან ერთად 15 დღის განმავლობაში კრუიზში იმყოფებოდა და დროს შესანიშნავად ატარებდნენ, სანამ მოგზაურობის მე-16 დღეს, 3 თებერვალს გემზე მყოფ ერთ-ერთ მგზავრს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. მომდევნო დღეს ვირუსი კიდევ 10 მგზავრს აღმოაჩნდა და გემზე კარანტინი გამოცხადდა.
"საბედნიეროდ, ჩვენ გვქონდა მინი ლუქსი, საიდანაც შეგვეძლო გარეთ გავსულიყავით და სუფთა ჰაერი ჩაგვესუნთქა,“ - იხსენებს გოლდმანი.
კრუიზის მგზავრები იზოლირებულები იყვნენ და მათთან ოთახებში მიჰქონდათ საკვები. მოგვიანებით, გოლდმანის მეგობარს, ჯერი იორგენსონს კორონავირუსი აღმოაჩნდა. ისინი კაბინაში ერთად იმყოფებოდნენ. ჯერი დიაგნოზის დასმიდან ერთ საათში იაპონიის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამ ამბიდან ორი დღის შემდეგ, გემზე მყოფი 300 ამერიკელი სატვირთო თვითმფრინავით ამერიკაში გადააფრინეს და კალიფორნიასა და ტეხასში საკარანტინო სივრცეებში განათავსეს. მათ შორის იყო ამერიკელი კარლ გოლდმანიც.
"ფრენის დროს ორი საათის განმავლობაში არანაირი სიმპტომი არ მქონია, თუმცა შემდეგ მოულოდნელად ტემპერატურამ ამიწია. თვითმფრინავის ბორტზე ექიმი იყო, რომელმაც დაადასტურა, რომ სიცხე მქონდა და თვითმფრინავშივე მოწყობილ საკარანტინო სივრცეში გადამიყვანეს“, - იხსენებს გოლდმანი.
თავისი ასაკის გამო და ასევე იმის გამო, რომ ბოლო დროს გილინ-ბარის სინდრომი (იშვიათი პათოლოგია, რომლის დროსაც ორგანიზმის იმუნური სისტემა უტევს ნერვებს) აქვს, მამაკაცი ბიოკონტროლირების განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ათი დღე დაჰყო.
"მე და ჩემი ცოლი ერთმანეთს ომაჰაში დავშორდით. ის იმ მგზავრებთან ერთად გადაიყვანეს, რომლებიც შედარებით ნაკლებ ყურადღებას საჭიროებდნენ. ვირუსი არ დაუდასტურდა და 2 მარტს უკვე სახლში გაუშვეს“, - ყვება გოლდმანი.
ბიოკონტროლირებად განყოფილებაში გატარებული ათი დღის შემდეგ, მას აღარ აღენიშნებოდა ვირუსის სიმპტომები, თუმცა ტესტი მაინც დადებითი იყო.
რადგანაც გოლდმანი კორონავირუსის კლინიკური კვლევის მონაწილეა, რეგულარულად უტარდება სისხლის ანალიზი, ამოწმებენ მის ოთახში ჰაერის შემადგენელ ნაწილაკებს.
"ეს არ არის სახალისო პროცესი...მაგრამ იმედი მაქვს, დაადგენენ როგორ "მოგზაურობს“ ვირუსი სხეულში, სისხლში, ასევე ჰაერში და მალე ბევრ კითხვაზე პასუხი ექნებათ“, - ამბობს გოლდმანი.
მამაკაცი დეტალურად ყვება იმ სიმპტომების შესახებაც, რომელიც ვირუსის პირველ ეტაპზე ჰქონდა. "ეს განსხვავებული შეგრძნება იყო და არ ჰგავდა გაციებას, ან გრიპს, არ მქონია ცხვირიდან სისველე, არ მტკიოდა ყელი, არ მტკიოდა თავი. როგორც წესი, როცა ვცივდებოდი, ყოველთვის ეს სიმპტომები მქონდა ხოლმე.
გაციების დროს, როცა სიცხე მქონდა, ყოველთვის მაცემინებდა და ოფლი მასხამდა, მაგრამ ახლა ასე არ ყოფილა. ამ ვირუსის მთავარი სიმპტომი ტემპერატურაა“, - იხსენებს ინფიცირებული.
ის ერთ თვეზე მეტია კარანტინშია. ახლობლებსა და ოჯახის წევრებს კი ვიდეოზარის საშუალებით ესაუბრება. ასე მართავს ოჯახურ ბიზნესსაც. ოთახში სავარჯიშო ტრენაჟორი აქვს და რომ არ მოდუნდეს, ხშირად ვარჯიშობს.
რადგანაც კორონავირუსზე კვლევაშია ჩართული, არ აქვს ფანჯრის გაღების უფლება. "გარესამყაროს მინიდან ვუყურებ და გარეთ გასვლა, სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა ყველაზე მეტად მენატრება“, - ამბობს გოლდმენი.
კორონავირუსზე ტესტი ჯერ კიდევ დადებითია. მედიკოსები ელოდებიან, რომ ტესტი ამ კვირის ბოლოს უკვე უარყოფითი იქნება და მამაკაცი სახლში წასვლას შეძლებს. თუმცა, სახლშიც ორი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში ყოფნა მოუწევს.
რაც შეეხება საკრუიზო გემ Diamond Princess-ს, იქ მყოფთაგან კორონავირუსით 696 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 7 გარდაიცვალა, ხოლო 456 გამოჯანმრთელდა, ინფიცირების 233 შემთხვევა კი კვლავ აქტიურია.