ავტორი:

"საღამოს ხალხი გამოდის აივნებზე, ფანჯრებს აღებს და გაუჩერებლად უკრავს ტაშს..." - რას ყვებიან ქართველები ესპანეთში არსებულ ვითარებაზე

"საღამოს ხალხი გამოდის აივნებზე, ფანჯრებს აღებს და გაუჩერებლად უკრავს ტაშს..." - რას ყვებიან ქართველები ესპანეთში არსებულ ვითარებაზე

ესპანეთში ამ ეტაპზე კორონავირუსის 9 000-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, 16 მარტის მდგომარეობით, ვირუსით გარდაცვლილია 309 ადამიანი. ამ მონაცემებით, ესპანეთი მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა დაინფიცირებული პაციენტების კუთხით.

ვირუსით ინფიცირებულთა შორის ესპანეთის პრემიერ-მინისტრის პედრო სანჩესის მეუღლე, ბეგონა გომეზიცაა.

ვირუსთან საბრძოლველად ესპანეთში სხვადასხვა ზომები ტარდება. დღეს დილიდან საგანგებო ვითარება გამოცხადდა ქვეყნის მასშტაბით - დაიკეტა ყველა ობიექტი, გარდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პუნქტებისა, როგორიცაა: სამედიცინო დაწესებულებები, აფთიაქები და საკვები პროდუქტების მაღაზიები. ამასთან, ესპანეთის მთავრობამ მიიღო რეგულაცია, რომლის მიხედვითაც ქუჩაში თავისუფლად გადაადგილება აიკრძალა.

ესპანეთის სხვადასხვა ქალაქში ათობით ათასი ქართველი ცხოვრობს. AMBEBI.GE რამდენიმე ემიგრანტს დაუკავშირდა და ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ჰკითხა:

"500 ევროთი გაჯარიმებენ, თუ ვერ დაასაბუთე რატომ ხარ ქუჩაში გამოსული. მაგალითად, თუ გადაადგილდები შენი საცხოვრებლიდან მოშორებულ ტერიტორიაზე, უნდა დაასაბუთო რატომ დადიხარ, მაშინ როდესაც სახლთან ახლოს გაქვს სუპერმარკეტები. მხოლოდ იმ შემთხვევაში გავდივართ სახლიდან, თუ მივდივართ მარკეტში, ან აფთიაქში და ისიც საკუთარ სახლთან უახლოეს ობიექტში. ამისთვის დღის განმავლობაში, ოჯახის მხოლოდ ერთ წევრს აქვს სახლიდან გასვლის უფლება.

ქუჩები ცარიელია, კანტი-კუნტად მოძრაობს ხალხი. შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობაც. ბევრად უფრო ინფორმირებულები არიან საქართველოში, ვიდრე აქ. ესპანეთში გაცილებით მშრალად აშუქებენ მიმდინარე მოვლენებს და ხალხსაც შესაბამისად ნაკლები ინფორმაცია აქვს. მოკლედ და ძირითადად სტატისტიკით შემოიფარგლებიან, არ არის იმდენი ინფორმაცია, როგორც საქართველოშია.

მთელ ესპანეთში, საღამოს ხალხი გამოდის აივნებზე, აღებს ფანჯრებს და გაუჩერებლად ტაშს უკრავს რამდენიმე წუთის განმავლობაში. ამით გამოხატავენ პატივისცემას და თანადგომას ესპანელი ექიმებისადმი, რომლებიც კორონავირუსს ებრძვიან" - უყვება AMBEBI.GE-ს ესპანეთში მცხოვრები ქართველი.

AMBEBI.GE ესაუბრა ბარსელონაში მცხოვრებ კიდევ ერთ ემიგრანტს. ლალი ჩანქსელიანის თქმით, ესპანელები არ ითვალისწინებენ მითითებებს და ქვეყანაში ქაოსია:

"მედია აცხადებს, რომ გადაადგილებისგან თავი შევიკავოთ. დაწესებულია ჯარიმებიც, მაგრამ მიუხედავად ამისა, არ ითვალისწინებს მოსახლეობის დიდი ნაწილი.

მე გადაუდებელი აუცილებლობა მქონდა და გავედი ხელთათმანებით და პირბადით, მაგრამ არავის გავუჩერებივარ გზაში, რატომ დადიხარო. ეტყობა აწი ამოქმედდება უფრო აქტიურად ეს კანონი. ხალხი მაინც თავისუფლად განაგრძობს ქუჩებში სიარულს. ყველა ქალაქში ერთნაირი სიტუაცია არ არის. მაგალითად, ამ დილით გავრცელდა მადრიდის მეტროში გადაღებული ფოტო და გადაჭედილი იყო იქაურობა ხალხით. არადა, მოგვიწოდებენ დისტანციისკენ. რომელ დისტანციაზეა საუბარი?

თუ ვინმე ესპანელთან მიმიწვდება ხმა, ყველას ვეუბნები, ჩვენი ქვეყანა ძალიან მობილიზებული შეხვდა და თქვენთან დიდი განუკითხაობაა-მეთქი. ვამაყობ საქართველოთი და უნდა იამაყოთ ყველამ! აქ რაც ხდება, ასეთი რამ არ ხდება არსად" - გვიყვება ლალი ჩანქსელიანი.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"