ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია მარტის დასაწყისში დაიწყო და თვის ბოლომდე გაგრძელდება. აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ, 31 მარტამდე შევიდნენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის WWW.NAEC.GE ვებ გვერდზედა აირჩიონ მათთვის სასურველი უნივერსიტეტი.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) სტუდენტების პირველ ნაკადს წელს მიიღებს. უნივერსიტეტი აბიტურიენტებს მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერებისა და მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამებს სთავაზობს.
KIU-ში ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე მოხდება და მომავალ სტუდენტებს, რომლებსაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სურთ სწავლა, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში უნდა მიუთითონ უნივერსიტეტის კოდი - 197.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ახალგაზრდებს სთავაზობს ევროპული სტანდარტის საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც შემუშავებულია მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM) თანამშრომლობით. წარჩინებული სტუდენტებისთვის კი გათვალისწინებულია სასწავლო და საცხოვრებელი გრანტები. სხვადასხვა სასტიპენდიო და გაცვლითი პროგრამები.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კამპუსი ქუთაისთან ახლოს, ეკოლოგიურად სუფთა ადგილას, 150 ჰექტარ მიწაზეა გაშენებული. კამპუსი მოიცავს: სრულად აღჭურვილ აკადემიურ კორპუსებს, სტუდენტურ საცხოვრებლებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სასპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის.
როგორც უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე აღნიშნავს, KIU იქნება საერთაშორისო უნივერსიტეტი, სადაც სწავლებაში ჩართული იქნებიან როგორც ქართველი, ასევე უცხოელი პროფესორები.
„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აბიტურიენტებს სთავაზობს მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერებისა და მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამებს. მენეჯმენტის პროგრამა ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, აირჩიონ პროგრამული კონცენტრაციები - მათ შორის ინოვაციებში, მარკეტინგში, ფინანსებში, ეკონომიკაში. არჩევანი დიდია არა მხოლოდ ტექნიკური, არამედ მომიჯნავე მიმართულებებითაც. უნივერსიტეტის განვითარების გეგმით გათვალისწინებულია შემდგომი წლების განმავლობაში საგანმანათლებლო პროგრამების სპექტრის გაფართოებაც. მათ შორის დაგეგმილია საბუნებისმეტყველო, საინჟინრო დარგებისა და სამედიცინო პროგრამების დამატება“, - აღნიშნავს ალექსანდრე თევზაძე.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ უნივერსიტეტი აბიტურიენტებს სთავაზობს საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც ინგლისურ ენაზე განხორციელდება, რაც სტუდენტებს დაეხმარება ენობრივი კომპეტენციის გაუმჯობესებასა და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებში ინტეგრაციაში.
„კამპუსის განვითარებისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ჯანსაღი სასწავლო პროცესისთვის აუცილებელ ეკოლოგიურად სუფთა გარემოს, რასაც უზრუნველყოფს გარშემორტყმული ტყის მასივი. იმედი გვაქვს, საუნივერსიტეტო კამპუსში ცხოვრების გამოცდილება ჩვენს სტუდენტებში დატოვებს წარუშლელ შთაბეჭდილებას“, - აღნიშნავს უნივერსიტეტის რექტორი.
უნივერსიტეტის შესახებ ინფორმაცია იხილეთ:
https://kiu.edu.ge/
https://www.facebook.com/KutaisiInternationalUniversity/