ავტორი:

ინფიცირებული ტურისტის გუდაურში ყოფნა არ ნიშნავს, რომ მას იქ ვინმე ჩაეხუტა - პაატა იმნაძე ჩეხ ტურისტებზე

ინფიცირებული ტურისტის გუდაურში ყოფნა არ ნიშნავს, რომ მას იქ ვინმე ჩაეხუტა - პაატა იმნაძე ჩეხ ტურისტებზე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ღრმა კვლევა მიმდინარეობს იმის დასადგენად, არის თუ არა ქვეყანაში კორონავირუსის ინფექციის ე.წ. მეოთხეული გადაცემის შემთხვევები.

როგორც პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ქვეყანაში ე.წ. მესამეული გადაცემები ფიქსირდება.

რაც შეეხება კორონავირუსით დაინფიცირებულ ჩეხ ტურისტებს, იმნაძის თქმით, მან ქართულ მხარეს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოში მოგზაურობის შესახებ, რამაც, როგორც პაატა იმნაძემ განმარტა, მასთან კონტაქტში მყოფი პირების მოძიება გააადვილა.

"ასეთებს ჩვენ ყველას ვნახავთ. ვინც გუდაურში იყო, ვიცი, რომ ამაზე არის უკვე პანიკა ატეხილი. გუდაურში ყოფნა არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანს ვინმე იქ ჩაეხუტა. ჩვენ მოვნახავთ ყველას, ვინც არის საჭირო, დანარჩენები წყანარად, მშვიდად, იყვნენ თვითიზოლაციაში. თუ ძალიან ნერვიულობენ და თუ რაიმე სიმპტომი აღმოაჩნდებათ, ამ შემთხვევაში, მიმართონ სამედიცინო სამსახურებს. ჩეხები არიან ჩეხეთში. ჩვენ გვაქვს მუდმივი კავშირი როგორც ამ ადამიანებთან ჩეხეთში, ასევე ჩვენს კოლეგა სამსახურებთან ჩეხეთში. ჩეხი ინფიცირებული ტურისტი, მიუხედავად ინფიცირებისა, ბინაზე მკურნალობს. მას წასვლიდან მეორე დღეს დაუდასტურდა ვირუსი, თუმცა აქ აღმოაჩინა, რომ ავად იყო. ჩვენ რამდენიმე დღეა ვიძლევით რეკონენდაციას, რომ ჩვენი ასაკოვანი მოქალაქეები მაქსიმალურად იყვნენ სახლებში და ხალხმრავალ ადგილებში სიარულს მოერიდონ,"- განაცხადა პაატა იმნაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ინფიცირებულ ტურისტებთან კონტაქტში მყოფი 30 პირი იზოლირებულია, მათგან 3-ს კი გამოხატული სიმპტომები აქვს.

როგორც ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მიმდინარეობს დამატებითი კონტაქტების შესწავლა.

"ამ ეტაპისთვის იზოლირებულია 30 პიროვნება და მიმდინარეობს დამატებითი კონტაქტების შესწავლა, რათა მოხდეს სიმპტომების გამოვლენამდე ყველა ამ ადამიანის იზოლაციაში მოთავსება. მინდა, გავაფრთხილო და დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები - თუ ისინი ამ პერიოდში იმყოფებდნენ გუდაურში, ეს ჯერ არ ნიშნავს იმას, რომ მათ აუცილებლად შეიძლება ჰქონდეთ კორონავირუსი, ვინაიდან კორონავირუსი გადაეცემა ადამიანს, როდესაც მას აქვს 15 წუთზე მეტი ინტენსიური კონტაქტი და მათი დაშორება პიროვნებასთან არის 1 მეტრზე უფრო ნაკლები. თუ ეს შეზღუდვა დაცულია და ამ დროის მანძილზე არ მომხდარა ხანგრძლივობით კონტაქტი, მაშინ ეს ადამიანები რისკჯგუფში უკვე აღარ არიან. 30 პიროვნება არის იდენტიფიცირებული და კვლევა გრძელდება. ეს რიცხვი ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული. ამ 30-დან 3 ადამიანს აქვს გამოხატული სიმპტომატიკა", - განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახენებთ, დღეს გავრცელებული ინფორმაციით, გუდაურში მყოფ ჩეხეთისა და სლოვაკეთის მოქალაქეებს კორონავირუსი აღმოაჩნდათ, რის გამოც ის ობიექტები, რომლებშიც ისინი იმყოფებოდნენ, დაიხურა, პერსონალი კი თვითიზოლაციაში გადავიდა. არსებული ინფორმაციით, მათ კორონავირუსი საქართველოს დატოვების შემდეგ, თავიანთ ქვეყანაში აღმოაჩნდათ.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"