ბრიტანული გამოცემა "გარდიანი" ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის კრიზისი 2021 წლის გაზაფხულამდე გაგრძელდება.
გამოცემამ მოიპოვა ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის (Public Health England (PHE) მიერ შედგენილი საიდუმლო დოკუმენტი, რომელშიც აღწერილია ინგლისის ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელთა პროგნოზები კორონავირუსთან დაკავშირებით.
როგორც The Guardian წერს, ვირუსის ცირკულაცია ბრიტანეთში, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, მომდევნო 12 თვის განმავლობაში გაგრძელდება. ინგლისის ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრი პროგნოზირებს, რომ ამ პერიოდში კორონავირუსით ბრიტანელთა 80% დაინფიცირდება.
“მოსალოდნელია, რომ ბრიტანეთის მოსახლეობის 80% დაინფიცირდება Covid-19-ით, მათგან 15% (დაახლოებით, 7.9 მილიონი ადამიანი) შესაძლოა, ვირუსის გამო მოხვდეს კლინიკაში" - ციტირებს "გარდიანი“ საიდუმლო დოკუმენტში მოცემულ პროგნოზს.
დაინფიცირების მთავარ რისკ ჯგუფად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სექტორში დასაქმებული ადამიანები არიან მიჩნეულები - ჯანდაცვის სფეროში, ასევე სოციალური საქმიანობით დაკავებულები. დოკუმენტის მიხედვით, ექსპერტები მათი დიდი ნაწილის კორონავირუსით დაინფიცირებას პროგნოზირებენ.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ "ბრიტანეთის ჯანდაცვის სერვისები ვერ გაუმკლავდება ინფიცირებული ადამიანების რაოდენობას, სიმპტომების მქონე ადამიანების რაოდენობას, რომლებსაც ლაბორატორიული ტესტი ჩატარება სჭირდებათ.“
"გარდიანი“ აქვეყნებს ჯანდაცვის ექსპერტების მოსაზრებებსაც. ისინი ბრიტანეთში, ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით, პიკს, მაისის ბოლოსა და ივნისის შუა რიცხვებში პროგნოზირებენ.
ექსპერტები ურჩევენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს, რომ ყველაფერი გააკეთონ, რათა თავიანთ ქვეყნებში მაქსიმალურად გაახანგრძლივონ, გაწელონ მდგომარეობა ისე, რომ პიკის პერიოდი მალევე არ მიიღონ. შედეგად, ჯანდაცვის სისტემა გამოწვევას უფრო მომზადებული შეხვდება და უფრო უკეთ შეძლებენ კორონავირუსთან გამკლავებას. ამასთან, იმ დროისთვის, შესაძლოა, უკვე არსებობდეს ახალი და ეფექტური მკურნალობის მეთოდები.
ამასთან, კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, დიდ ბრიტანეთში 70 წელს გადაცილებულ ყველა მოქალაქეს თვითიზოლაციაში გადასვლა მოუწევს,- ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა მეთ ჰენკოკმა განაცხადა. ქვეყანაში მცხოვრებ ხანდაზმულ მოქალაქეებს საზოგადოებასთან კომუნიკაციის დროს 2 -მეტრიანი დისტანციის დაცვა მოუწევთ.
ამ დროისთვის დიდ ბრიტანეთში Covid-19-ით 1391 ადამიანია დაინფიცირებული, მათგან 35 გარდაიცვალა, ხოლო 20 გამოჯანმრთელდა.
რაც შეეხება კორონავირუსის გავრცელების გლობალურ მასშტაბს, ის უკვე მსოფლიოს 141 ქვეყანაშია გამოვლენილი. ვირუსით 173 111 ადამიანი დაინფიცირდა, საიდანაც 77 785 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 6 664 გარდაიცვალა.