ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში დღეს ონლაინ სწავლების პლატფორმა სრულად ამოქმედდა. BTU გახდა პირველი უნივერსიტეტი საქართველოში, რომელმაც ყველა პროგრამის ონლაინ ადაპტაცია შეძლო და აკადემიური პერსონალიც და სტუდენტებიც სრულად ჩართო სასწავლო პროცესში. დისტანციურად სწავლების დაწყებამდე, უნივერსიტეტის ონლაინ პლატფორმა დემო რეჟიმში მუშაობდა.
ჩატარდა სტუდენტების და ლექტორების ტრენინგები, გადამზადდა ადმინისტრაციული პერსონალი. ~
"დღეიდან, ჩვენი სტუდენტები სრული დატვირთვით აგრძელებენ სწავლას. არც ერთი კურსის და არც ერთი საგნის სტუდენტს სწავლის პროცესში პრობლემა რა შეექმნება, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ონლაინ სწავლების პლატფორმის დაუყოვნებლივ ამოქმედებით ჩვენ არა მხოლოდ კორონა ვირუსის გავრცელების რისკებისგან ვიზღვევთ თავს, არამედ უზრუნველვყოფთ იმასაც, რომ სასწავლო პროცესი ზაფხულის ცხელ თვეებში არ გაგრძელდეს. ეს უკანასკნელი სტუდენტებისთვის გარკვეულ პრობლემებს ქმნის, რისი თავიდან არიდებაც ჩვენ შევძელით,“ - აცხადებენ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში.
უნივერსიტეტის გუნდი მზაობას გამოთქვამს გაუწიოს დახმარება სხვა სასწავლებლებს, ვისთვისაც დისტანციურად სწავლების მოდელზე გადასვლა რთული გამოწვევა აღმოჩნდა. ონლაინ პლატფორმაზე BTU-ს საბაკალავრო პროგრამები ფინანსების, მენეჯმენტის და საინფორმაციო ტექნოლოგიების, აგრეთვე ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა გადავიდა.