ექიმი-ინფექციონისტი, მედიცინის დოქტორი მამუკა მაჩაიძე 1 წელია, აშშ-ში ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში საქმიანობს და ამჟამად ახალი ტიპის კორონავირუსთან დაკავშირებით კვლევაში იღებს მონაწილეობას.
ქართველმა დოქტორმა COVID 19-ის შესახებ სოციალურ ქსელში რამდენიმე პოსტიც გამოაქვეყნა, სადაც ვირუსის შესახებ მნიშვნელოვან დეტალებზე ამახვილებდა ყურადღებას და აღნიშნავდა, რომ ინფექციის შესახებ დიდი რაოდენობით დეზინფორმაცია გავრცელდა.
მამუკა მაჩაიძე დღეს AMBEBI.GE-ს რესპონდენტია და კორონავირუსთან დაკავშირებით ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში მიმდინარე კვლევების, ასევე თავად ინფექციის შესახებ ესაუბრება:
- ჰოპკინსის უნივერსიტეტი მსოფლიოში დაინფიცირებულ პაციენტებთან და სიკვდილიანობასთან დაკავშირებით ინფორმაციას აგროვებს, რაც სხვა ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინების საშუალებას გვაძლევს, რათა ვირუსს მომზადებულები დავხვდეთ როგორც მართვის, ასევე - პრევენციის თვალსაზრისით.
შექმნილი გვაქვს ე.წ. COVID 19-ის სამუშაო ჯგუფი, რომელიც კონკრეტულ ლოკალურ ინსტრუქციებზე მუშაობს, თუ რა უნდა ქნას ექიმმა, თუ მასთან სიმპტომებიანი პაციენტი მიდის. ვცდილობთ, ეს უნიფიცირებული სისტემა იყოს, დაწყებული სიმპტომებიდან, დიგნოზითა და მკურნალობის ჩათვლით.
ეს ახალი ვირუსია და ბევრი რამ მის შესახებ ექიმებმაც არ იციან, ამიტომ ჩვენი მთავარი მისიაა, მათთვის საფიქრალად ცოტა რამ დავტოვოთ და უკვე გაწერილ გეგმას მიჰყვეს თითოეული ექიმი
ასევე, სხვა უნივერსიტეტებთან ერთად, წამლების, მათ შორის Remdesivir-ის კვლევაში ჩავერთვებით. თუ პაციენტი დააკმაყოფილებს სპეციფიკურ კრიტერიუმს, გამონაკლისის წესით ჰოპკინსის უნივერსიტეტი ამ პრეპარატს მწარმოებელი კომპანიისგან მიიღებს და მის გამოყენებას შევძლებთ. ჯერ საქმე აქამდე არ მისულა, დაინფიცირებული პაციენტების შემთხვევები აქ ასე მრავლად არ არის, თუმცა ველოდებით, რომ მომავალ კვირებში ამის საჭიროება დადგება.
- თქვენ აღნიშნეთ, რომ კორონავირუსის შესახებ ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება. რომელი ცრუ ინფორმაციები მოგხვდათ თვალში?
- პირველია ის, რომ თითქოს კორონავირუსი გრიპივითაა. გრიპს ისტორიულად ახასიათებს მსგავსი პანდემიები, მაგრამ მითია, თითქოს მას ისე ჩვეულებრივად გადავიტანთ, როგორც გრიპი გადაგვაქვს. ჩინეთშიც, იტალიაშიც და ბევრ ქვეყანაში კვლევამ უკვე აჩვენა, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებლით COVID 19 აჭარბებს გრიპის ვირუსით სიკვდილიანობას, გადადის ბევრად მარტივად, ვიდრე სხვა რესპირატორული ვირუსები, პოტენციურად უფრო მეტ ადამიანს აავადებს.
მეორე, რაც ჩვენს რეალობაში გავრცელდა, იყო, რომ ალკოჰოლი ვირუსს კლავს და ეს ისე იქნა გაგებული, რომ თითქოს, ალკოჰოლის დალევა შველის. 3%-იანი ალკოჰოლით გაწმენდა ვირუსის ნაწილაკებს უსულო ზედაპირებზე კლავს, მაგრამ ეს არანაირ კავშირში არაა ალკოჰოლის მიღებასთან.
მესამე, რასაც ხშირად მეკითხებიან, ბოსტნეულის საპნით გარეცხვას ეხება - არანაირი დადასტურებული ინფორმაცია არ არსებობს, რომ ეს რაიმე განსხვავებას გვაძლევს.
- რით განსხვავდება COVID-19 კორონავირუსის სხვა, ადრინდელი შემთხვევებისგან?
- წინა კორონავირუსების ინფექციები, ე.წ. SARS და MERS, პრაქტიკულად, ეპიდემიის დონეზე დამთავრდა, კონკრეტულ რეგიონში სწრაფად გარცელდა, ჰქონდა მაღალი სიკვდილიანობა, მაგრამ იმავე რეგიონში ლოკალიზდა და პანდემიის მეტი პოტენციალი ვეღარ შეიძინა.
COVID 19-მა გვაჩვენა, რომ ის პირველი ვირუსია, რომელსაც შეუძლია მოედოს პრაქტიკულად მთელ მსოფლიოს
კორონავირუსის ოჯახი ჩვენთვის ახალი არ არის და ამ ორი პანდემიის გარდა, არსებობს კიდევ 4 სეროტიპი, რომელიც ჩვეულებრივ გრიპს, მარტივ მსუბუქ რესპირატორულ დაავადებას იწვევს. COVID 19-თან დაკავშირებით მთავარი პრობლემაა, რომ ძალიან ადვილად გადადის, გერმანული კვლევის თანახმად, არა მხოლოდ ხვლებით და ლაპარაკით, არამედ - სუნთქვითაც. გადაცემის გზა ფომიტებიცაა - ყოველდღიური საყოფაცხოვრებო ნივთები. შესაბამისად, გადაცემის მინიმუმ ორი გზა აქვს.
მეორე მიზეზი, რის გამოც ეპიდემიის კონტროლი რთულია, არის ალბათ ის, რომ პაციენტი გადამდები ხდება სიმპტომების გამოვლენამდე დაახლოებით 24-48 საათით ადრე, ანუ, არსებობს ალბათობა, რომ სანამ პაციენტს დაავადება დაუდგინდება, მან პოტენციურად სხვა დააინფიციროს. დაინფიცირების ინდექსის თანახმად, საშუალოდ, COVID 19-ის მქონე 1 დაინფიცირებული ადამიანი ახლო კონტაქტის შემთხვევაში 2-ნახევარ კონტაქტს აინფიცირებს. რიცხვი, მოსახლეობის 60%, რაც ანგელმა მერკელმა ახსენა, სწორედ აქედან გამომდინარეა - ეპიდემიოლოგებს შეუძლიათ, წინასწარ დათვალონ, რამხელა პოტენციალი აქვს ვირუსს, და ეს 60-70% აქედან მოდის. ეს პოტენციური რიცხვია, თუმცა არ ნიშნავს, რომ მართლა ამდენი იქნება.
- საქართველოში COVID-19-ის 30-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაფიქსირებულია შიდა გადადებაც. ხომ არ უნდა ველოდოთ, რომ სინჯების აღების საჭიროება უფრო გაფართოვდეს?
- მთავარია, გვესმოდეს მსგავსი ვირუსების ეპიდემიის გავრცელების სხვადასხვა ეტაპი. თავიდან ე.წ. ვირუსის შეკავების ფაზაა - როდესაც ქვეყანაში არაა დაფიქსირებული ან შედარებით ცოტა შემთხვევაა, მაგრამ გარშემო პანდემიაა, აქტიურად ატარებ ტესტირებას, დაინტიფიცირებული ადამიანის კონტაქტებსაც ბოლომდე ეძიები. ამ ეტაპამდე ნამდვილად იყო და არის სწორი მიდგომა, გავტესტოთ მხოლოდ ისეთი პაციენტი, რომელსაც სიმპტომები აქვს და თან ახლო კონტაქტი ჰქონდა დაინფიცირებულთან.
თუმცა, როგორც ჩანს, საქართველოში ახლა ეპიდემიის მეორე ფაზაში შევდივართ, როცა შიდა გადაცემის, ანუ ე.წ. მესამეული და მეოთხეული შემთხვევები იქნება. ამ ეტაპზე აზრი აღარ აქვს, ყველა კონტაქტს ჩავეძიოთ, არ არსებობს რესურსი, რომელიც ზუსტად გამოავლენს, დაინფიცირებულს ვისთან ჰქონდა შეხება. ამ შემთხვევაში შეიძლება, რეკომენდაცია ისე შეიცვალოს, რომ მხოლოდ სიმპტომებიანი პაციენტები გატესტონ და მოგზაურობის ისტორიას მნიშვნელობა აღარ მიენიჭოს.
მნიშვნელოვანია, უსიმპტომო პაციენტებმა არაფრით არ მოითხოვონ ტესტირება, თვითიზოლაცია საკმარისია. სიმპტომების შემთხვევაშიც, უნდა მოვახერხოთ ისეთი სტრუქტურის შექმნა, რომ პაციენტმა მისვლის გარეშე იცოდეს, რა ქნას - პირველ რიგში, მისვლამდე დაუკავშირდეს ექიმს, არ გაზარდოს თავისი და სხვების დაინფიცირების საფრთხე. შესაბამისად, ტესტირების გაფართოების საჭიროება ალბათ დადგება, თუმცა ეს მოსალოდნელია და ამაში არაფერი საპანიკო და საგანგაშო არ არის.
- შეფასებულია, რომ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას დაახლოებით, 1 წელიწადი და რამდენიმე თვე დასჭირდება. როგორ განისაზღვრება ეს დრო და რატომ სჭირდება ამხელა პერიოდი?
- ვაქცინის დამზადება თანამედროვე ტექნოლოგიებით პრობლემას არ წარმოადგენს, მით უმეტეს, თუ გაშიფრული გაქვს ვირუსის გენეტიკური მასალა, ეს რამდენიმე კვირის ამბავია. მაგრამ შემდეგ უნდა გაიაროს მზადება, პატარა ზომის ცხოველებში, შემდეგ დიდი ზომის ცხოველებში, რადგან ვლინდება არა მხოლოდ ის, თუ რამდენად გიცავს ვაქცინა, არამედ ისიც, თუ რა გვერდითი და დამაზიანებელი ეფექტები აქვს. მხოლოდ ამის შემდეგ იწყება ადამიანებში კვლევა, მერე კი ფართო მასებზე ვრცელდება.
ამიტომ არ ველით, რომ ვაქცინა უახლოეს პერიოდში წამოგვეწევა. თუმცა, ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდება, თუ კორონავირუსი სეზონურობას აჩვენებს და გაისად ისევ შემობრუნდება - იმედია, ასე არ მოხდება. პრეპარატებს რაც შეეხება, ისინი ვაქცინას დაასწრებს, თუმცა ჯერ კვლევის საგანია, რამდენად მუშაობს თითოეული პრეპარატი და რომელს რა შემთხვევაში გამოვიყენებთ.
- არსებობს ჯერ დაუდასტურებელი მოსაზრება, რომ ზაფხულის მოსვლასთან ერთად კორონავირუსი გაქრება. თუ ასე არ მოხდება, არის თუ არა შესაძლებელი, ის ამინდთან ერთად, უბრალოდ, ტრანსფორმირდეს და ლეტალურობა დაკარგოს?
- იმიტომ ვერ გპასუხობთ და ვერ გამშვიდებთ ვერავინ, რომ უბრალოდ, ეს არავინ იცის. ამიტომაც ჰქვია ახალი, რომ მისი ქცევა ჯერ ბოლომდე არ ვიცით. დათბობასთან ერთად რა მოუვა ვირუსს, ამის გათვლა რთულია, მაგრამ უხეში პროგნოზის გაკეთება შეიძლება.
თბილ ქვეყნებში ვირუსის გადაცემა მოხდა - აფრიკაში, ალჟირში, სამხრეთ ამერიკაში, იქ შემთხვევების რაოდენობა ვერც კი მოვა ახლოს ეკვატორის ზემოთ მყოფ ქვეყნებში დაინფიცირებულთა რაოდენობასთან. მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია, რომ ამ ქვეყნებში ტესტირების რესურსები ლიმიტირებულია.
ჩემი პროგნოზით, დათბობა ეპიდემიის დამარცხებაში აუცილებლად იქნება ფაქტორი, მაგრამ არა - განმსაზღვრელი ფაქტორი. ზაფხულში ტემპერატურის გარდა, იცვლება სოციალური ქცევაც - მეტად ვანიავებთ ოთახებს, უფრო ხშირად გავდივართ ღია სივრცეში. დათბობა და ადამიანების ერთმანეთისგან დისტანცირების საშუალება გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ეპიდემია ალბათ, შესუსტდება.
- სახელმწიფოები კორონავირუსთან ბრძოლის სხვადასხვა მეთოდს მიმართავენ. თქვენი აზრით, რა არის მთავარი, რისი გაკეთებაც შეუძლია სხვადასხვა ქვეყანას, რომ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა ქმედითი იყოს?
- შევდივართ იმ ფაზაში, რომ ვირუსი გავრცელებულია და მისი კიდევ უფრო მეტად გავრცელებაც პრაქტიკულად გარდაუვალია, მოიმატებს მძიმე, კრიტიკული შემთხვევების რაოდენობაც. ამ ეტაპზე მთავარი აქცენტი უნდა იყოს იმაზე, თუ რა კეთდება ქვეყნის შიგნით. სამ კომპონენტს გამოვყოფდი:
პირველია - ტესტირებების რაოდენობა, უნდა შეიქმნას უნიფიცირებული სტრუქტურა, რომლის მიხედვითაც გადავწყვეტთ, ვინ შემოწმდება კორონავირუსზე, რათა მოხდეს დროული იზოლაცია და ექიმების მზადყოფნისთვისაც ვიცოდეთ, რომელია შედარებით მსუბუქი შემთხვევა, საშუალო სიმძიმის თუ - შედარებით მძიმე.
მეორე კომპონენტი - ინფრასტრუქტურის მოწყობაა, რაც უკვე ხდება.
მესამე - ტრენინგია, რაც ასევე, როგორც ვიცი, საქართველოში უკვე ხდება - ბევრი ახალგაზრდა რეზიდენტი ჩაერთვება ამაში, ექიმები, რეანიმატოლოგები. ისინი ძალიან კარგად უნდა დავატრენინგოთ, რომ იცოდნენ არა მხოლოდ მართვა, რაც უკვე ფანტასტიკურად გამოსდით, არამედ თავის დაცვაც, რომ მოახერხონ, აღჭურვილობით პაციენტის ნახვის მერე, ვირუსი შემდეგ პაციენტს არ გადაუტანონ, არ გახდნენ გამავრცელებლები და თავადაც არ დაინფიცირდნენ.