ავტორი:

ქართველი სტუდენტი, რომელმაც იტალიაში კორონავირუსი დაამარცხა, მომხდარს დეტალურად იხსენებს და რეკომენდაციებს გვიზიარებს

ქართველი სტუდენტი, რომელმაც იტალიაში კორონავირუსი დაამარცხა, მომხდარს დეტალურად იხსენებს და რეკომენდაციებს გვიზიარებს

იტალიაში მყოფი ქართველი სტუდენტი, თაკო ილურიძე, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა, სოციალურ ქსელში ბლოგს აქვეყნებს, სადაც დაინფიცირების, მკურნალობისა და გამოჯანმრთელების დეტალებს იხსენებს:

"მე ქართველი სტუდენტი ვარ, რომელსაც ჩვენთვის, ყველასთვის ნაცნობი COVID-19-ის გადატანა ქვეყნის საზღვრებს გარეთ მოუწია.

დიდი ხნის განმავლობაში ვემალებოდი ჟურნალისტებს, რადგან სტრესის შემდეგ, უბრალოდ არ მინდოდა გამოჩენა და თითქოს ვერც ვწერდი ვერაფერს, მაგრამ ვფიქრობ, კორონას დამარცხების წარმატებული მაგალითი ყველა ადამიანს სიმშვიდეს მოუტანს და მე თუ შემიძლია ამაში წვლილი შევიტანო, მზად ვარ!

რა მოხდა?

მოგეხსენებათ, რომ მაგისტრატურის სტუდენტი ვარ იტალიის ერთ-ერთ უნივერსიტეტში, სადაც ჩემი მიმართულების დაუფლებასთან ერთად, აქტიურად ვსწავლობდი იტალიურ ენას სხვადასხვა ეროვნების სტუდენტებთან ერთად. იმ დროს, როდესაც მთლიანი ჩრდილოეთ იტალია პანდემიის საფრთხის წინაშე იდგა, მთავრობამ რატომღაც არ გააუქმა კარნავალი ვენეციაში და ჩემი კურსელებიც გართობის მიზნით არ შეუშინდნენ წასვლას, შემდეგ დაბრუნდნენ და ეს ავადსახსენებელი ვირუსიც ერთ-ერთმა საჩუქრად ჩამომიტანა.

როგორ დაიწყო?

ამ დღიდან 4 დღის შემდეგ, ვიგრძენი იმდენად სუსტი ყელის ტკივილი, რომ მეგონა ფსიქოლოგიური მომენტი მქონდა ამდენი შიშისგან, თუმცა ინტუიციით მაინც გავიზომე სიცხე და 37.1 აღმომაჩნდა. რა თქმა უნდა, პანიკაში არ ჩავვარდნილვარ, თუმცა ყველანაირი უსაფრთხოებისა და პრევენციის მიზნით დავიწყე პირბადით მოძრაობა და ჩავიკეტე ოთახში, რომ სხვებს მოვრიდებოდი. ორი დღე გაგრძელდა დაბალი სიცხეებითა და ყელის ტკივილით, მესამე დღეს დაემატა მსუბუქი ხველა და საღამოს უკვე სიცხე 38.7, რის შემდეგაც საქართველოს საელჩოს დახმარებით იტალიაში მოვითხოვეთ ჩემი გადაყვანა საავადმყოფოში.

მკურნალობაჩემს შემთხვევაში მაღალი სიცხე მხოლოდ ორ დღეს გაგრძელდა, ხოლო დაბალი სიცხე კიდევ დაახლოებით ერთი კვირა, ასევე ხველა მთელი ამ დროის განმავლობაში. არ მქონია პრობლემები სუნთქვასთან დაკავშირებით და ღმერთის წყალობით, არც პნევმონიამდე გართულდა საქმე. შესაბამისად, მკურნალობა ვერ შემოიფარგლებოდა მედიკამენტებით და საკვების დახმარებით ცდილობდნენ ორგანიზმისთვის მრავალი საჭირო ვიტამინის მიწოდებასა და ხელის შეწყობას, რომ თავად ორგანიზმს შესძლებოდა დაემარცხებინა ვირუსი. თუმცა, მკურნალობის დროს ხდება მუდმივი კონტროლი სხვადასხვა ანალიზების საშუალებით, მათ შორის ყოველდღიური სისხლის აღება მაჯის არტერიიდან, რაც დამიჯერეთ სიტყვით რთულად ასახსნელი და უმტკივნეულესი პროცესია და საერთოც არაფერი აქვს უბრალო ვენის ნემსის შეხებასთან.

რამდენი დღე გაგრძელდა?

საავადმყოფოში 10 დღე დავყავი, რამდენიმე დღის წინ კი მიიღეს გადაწყვეტილება ჩემი გაწერის თაობაზე, მას შემდეგ რაც ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა. ახლა გავდივარ სავალდებულო საკარანტინო პერიოდს, რის შემდეგაც შევძლებ დავბრუნდე სამშობლოში.

რისი თქმა მინდა თქვენთვის?

მინდა გითხრათ, რომ კორონა განაჩენი არაა და მისი დამარცხებაც შესაძლებელია! ამ ვირუსის ქონა არაა დასამალი და არც სასირცხვილო, პირიქით სირცხვილია მისი დამალვა. ჩემი ჩათვლით უკვე მრავალი წარმატებული მკურნალობის მაგალითი არსებობს თქვენთვის. მთავარია ბრძოლა, შემართება, განწყობა და ყველაფერი კარგად იქნება!

ურთულესი ეტაპია, სხვა ქვეყანაში, ყველა ახლობლოს გარეშე ისეთი დაავადების გადატანა, რომლის დროსაც თავი ატომური ბომბი გგონია და არ იცი როდის აფეთქდები. რთულია, როცა იცი შენი ოჯახი სამი ათასი კილომეტრის იქით ღამეებს ათენებს შენზე ფიქრში. რთულია, როცა გვერდითი პალატებიდან ხალხის ტირილის ხმა გესმის დღე და ღამ და ყველაზე რთულია, როცა შენს რამდენიმე თვის ნასწავლ იტალიურს სამედიცინო სფეროს არგებ, რომ არაფერი გამოგრჩეს შემთხვევით, რას გეტყვის ექიმი (იტალია და ინგლისური ენის ცოდნა უმეტეს შემთხვევაში ერთად წარმოუდგენელია). ამ ყველაფრის მიუხედავად დაუმრაცხებელი არაფერია, უამრავი ადამიანის სიყვარულმა და სითბომ იმხელა ძალა მომცა, ვიცოდი რომ არაფრის უნდა შემშინებოდა!

რეკომენდაციები

ჩემი საკუთარი მაგალითიდან გეტყვით, რომ როგორც კი აღმოაჩენთ თუნდაც მცირე გაციების ნიშნებს, გამოიყენეთ პირბადე და ეცადეთ იზოლაცია გაუკეთოთ საკუთარ თავს, სანამ არ დარწმუნდებით, რა გჭირთ. მე ჩემი სიფრთხილით ყველა გარშემო მყოფი გადავარჩინე, ჩემთან კონტაქტში მყოფი 26-ივე ადამიანი ნეგატიური აღმოჩნდა კორონას ტესტზე, რადგან მე უბრალოდ ყველა წესი დავიცავი. გირჩევთ, თავი აარიდეთ ნებისმიერი მიზნით მოგზაურობას, რადგან მოგზაურობის მოყვარული ადამიანების მსხვერპლი ვარ მეც და კიდევ უამრავი. დამერწმუნეთ, ჩვენს ტანჯვად არ ღირს თქვენი სიამოვნების არც ერთი წამი. ხშირად იბანეთ ხელები, მიირთვით ხილი და ჯანსაღი პროდუქტი. დახველება/დაცემინების დროს მაქსიმალურად მოერიდეთ სხვა ადამინებს, ვირუსი ყველაზე მარტივად ამ გზით გადაეცემა. ნუ ჩავარდებით პანიკაში, იყავით მშვიდად, მაშინაც კი თუ რომელიმე სიმპტომი გაქვთ. ეს უბრალო ვირუსია, უარესებიც გადაგვიტანია.

რა ვისწავლე?

რაც ვისწავლე ისაა, რომ ჩვენ არასდროს არ ვიცით, როდის რა შეიძლება მოხდეს და არავინ ვართ დაზღვეულები ნებისმიერი საფრთხისგან, ამიტომ რაც შეიძლება დიდი დრო უნდა გავატაროთ ადამიანებთან, რომლებიც გვიყვარს. სითბო, ზრუნვა და ერთმანეთის სიყვარული ნამდვილად გადაარჩენს სამყაროს! მეც ვზივარ ახლა, სულმოუთქმელად ველოდები სამშობლოში დაბრუნებასა და ყველა იმ ადმიანის ნახვას, რომლებმაც ამხელა ძალა მომცეს!

მადლობა

მადლობა საქართველოს მთავრობას, ასევე საქართველოს საელჩოსა და საკონსულოს იტალიაში და რა თქმა უნდა, იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს.

განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო და მადლობა გადავუხადო საქართველოს კონსულს იტალიაში, თამთა რჩეულიშვილს, რომელიც არა მხოლოდ საკუთარი საქმის პროფესიონალი, არამედ ძალიან მაგარი ადამიანია!

ასევე, უამრავ ადამიანს, რომელებიც მუდმივად მამხნევებდნენ და მარტოობას არ მაგრძნობინებდნენ.

მიყვარხართ ყველა და ჯანმრთელობას გისურვებთ!".

COVID-19 სასულიერო პირის დას და დისშვილსაც დაუდასტურდათ - ოჯახი ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობს

კორონავირუსით ინფიცირებული სასულიერო პირი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვები 296-მდე გაიზარდა