ავტორი:

საუკუნის პანდემიები, რომლებიც მსოფლიომ დაამარცხა და რომლებსაც დღესაც ებრძვის

საუკუნის პანდემიები, რომლებიც მსოფლიომ დაამარცხა და რომლებსაც დღესაც ებრძვის

პანდემია რამდენიმე ქვეყანაში ან მთელ მსოფლიოში ინფექციური დაავადების გავრცელებაა. ისტორიის მანძილზე დაფიქსირებულია რამდენიმე პანდემია - ყვავილი, ტუბერკულოზი, შავი ჭირი.

ერთ-ერთი ყველაზე გამანადგურებელი პანდემია სწორედ შავი ჭირი იყო, რომელმაც XIV საუკუნეში დაახლოებით 75-200 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა. ამჟამად მსოფლიოში გვაქვს მხოლოდ ორი პანდემია - აივ/შიდსი და ახალი კორონავირუსული დაავადება (COVID-19). ასევე პანდემიებს შორის არის 1918 წლის გრიპის პანდემია (წლების წინ დაავადებამ რამდენიმე მილიონი ადამიანი იმსხვერპლა) და 2009 წლის "ღორის გრიპის" პანდემია (H1N1).

რაც შეეხება უშუალოდ კორონავირუსს, ის უკვე 120 ქვეყანაშია გავრცელებული და ეს რიცხვი დღითიდღე მატულობს. სწორედ ამის გამო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ პანდემია გამოაცხადა.

AMBEBI.GE გაგახსენებთ ყველა პანდემიას, რომელიც მსოფლიომ დაამარცხა და რომლებთანაც ბრძოლა ისევ გრძელდება.

შავი ჭირი

შავი ჭირის (შავი სიკვდილი) პანდემია XIV საუკუნეში მოდებული იყო აზიას, ევროპას (1346—1353), ჩრდილოეთ აფრიკასა და კუნძულ გრენლანდიას. გავრცელდა ბუნებრივი კერიდან გობის უდაბნოს ტერიტორიაზე ევრაზიაში კლიმატის მკვეთრი ცვლილების შედეგად, რაც გამოწვეული იყო მცირე გამყინვარების პერიოდით. თავიდან მოიცვა ჩინეთი და ინდოეთი, შემდეგ კი მონღოლთა ჯარებსა და სავაჭრო ქარავნებთან ერთად, ევროპაში გადავიდა. დაავადება ევროპას სწრაფად მოედო და განგაშის მიზეზი გახდა.

მისთვის დამახასიათებელი სიმპტომები იყო: თავის ტკივილი, ოფლიანობა, კანკალი, ძლიერი ციებ-ცხელება, მაგრამ მთავარი დამახასიათებელი ნიშანი, რომლითაც შავი ჭირით დაავადებულები გამოირჩეოდნენ, იყო ჩირქიანი წყლულები, ე.წ. „ბუბონები“. ბუბონი ჩნდებოდა იღლიის, კისრისა და ბარძაყის მიდამოებში. თავდაპირველად გამონაყარი ვარდისფერი შეფერილობის იყო, შემდეგ მეწამული ფერის ხდებოდა, ბოლოს შავდებოდა. „შავმა სიკვდილმა“ რამდენიმე წელიწადში ევროპის მოსახლეობის მეოთხედი გაანადგურა. საერთოდ კი, შავმა ჭირმა ორი ათწლეულის განმავლობაში 60 მილიონი ადამიანი შეიწირა. უფრო მცირე მასშტაბებით პანდემია განმეორდა 1361 წელს („მეორე შავი ჭირი“), 1369 წელს („მესამე შავი ჭირი“) და კიდევ რამდენიმეჯერ.

ეპიდემიის ინფექციური აგენტი იყო ჭირის ბაცილა Yersinia pestis, რაც დაამტკიცა შავი ჭირით დაღუპულთა ნარჩენების გენეტიკურმა გამოკვლევებმა, რომელთა შესახებად ცნობები გამოქვეყნდა 1998 წელს. ძველად არსებობდა სხვა ჰიპოთეზებიც დაავადების გამომწვევი მიზეზის შესახებ.

ყვავილი

ყვავილი უძველესი დაავადებაა, რომელიც ჩვ.წ. აღრიცხვამდე გამოჩნდა იგი ყოველწლიურად 400.000 ადამიანს კლავდა. მისი დამახასიათებელი თვისება - ჭრილობები კანზე. დაავადებას ახასიათბს - ღებინება, ტკივილი, ცხელება, თავის ტკივილი და სიბრმავე. არსებობს მოსაზრება, რომ ყვავილი გაჩნდა ძველი ეგვიპტური მუმიებისგან, რომ ინდოეთში სწორედ, ეგვიპტელმა ვაჭრებმა ჩაიტანეს, სადაც დაავადებამ 2000 წელზე მეტ ხანს იბოგინა. 19-20 საუკუნეებში კი წარმატებულმა ვაქცინაციამ დადებითი შედეგი გამოიღო და 1979 წლის დეკემბერში სამუდამოდ განადგურდა. ყვავილი ერთადერთი დაავადებაა კაცობრიობის ისტორიაში, რომელიც მთლიანად განადგურდა.

ტუბერკულოზი

ტუბერკულოზი ინფექციური დაავადებაა, რომელსაც რამდენიმე სახეობის მიკრობაქტერია იწვევს, რაც უმეტესად ფილტვებს აზიანებს. XX საუკუნემდე განუკურნებელი დაავადება იყო.

ტუბერკულოზი არა მარტო ჰაერ-წვეთოვანი გზით გადამდები ინფექციაა, არამედ მტვრითაც გადაიტანება. ნესტიან ადგილებში, ტუბერკულოზის გამომწვევი ბაქტერიები დიდხანს ცოცხლობს.

ტუბერკულოზთან ბრძოლა წარმატებულად მიიჩნევა, რადგან დღეს მსოფლიოსთვის ისეთი საშიში აღარ არის, როგორიც გასულ საუკუნეში. საქართველოში ტუბერკულოზმა გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში იფეთქა.

შიდსი

შიდსი რეგისტრირებულია მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის 206 ქვეყანაში. ოფიციალური მონაცემებით, მსოფლიოში ამ ვირუსით 20 მილიონამდე ადამიანია ინფიცირებული, მათგან 80% სქესობრივი გზით დაავადდა. აივ-ით ინფიცირებულია მსოფლიოში აღრიცხულ ნარკომანთა 80%.

შიდსით შეიძლება მუცლადმყოფი ბავშვიც, დედის ორსულობის პერიოდში დაინფიცირდეს, ან მშობიარობის დროს, ძუძუთი კვებისას, რადგან დედის რძეც ვირუსს შეიცავს. 1994 წელს კვლევამ აჩვენა, რომ რისკს მნიშვნელოვნად ამცირებდა შესაბამისი მედიკამენტით მკურნალობა. მეცნიერების მტკიცებით, ვირუსი შიმპანზედან ადამიანში XIX საუკუნის ბოლოს ან XX საუკუნის დასაწყისში კამერონის ტყეებში გავრცელდა, მდინარე სანაგასთან ახლოს, ან კონგოში. თუმცა ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, აივ გავრცელდა მონადირისგან, რომელსაც ნადირობისას უკბინა შიმპანზემ. ვირუსის დიდ არეალზე გავრცელებას ხელი შეუწყო აფრიკის კოლონიზაციამ და იაფფასიანი სისხლის ექსპორტმა ამერიკისა და ევროპის სისხლის ბანკებში.

გაიზიარებს თუ არა კორონავირუსი, შიდსის ბედს, ამ თემაზე ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ექიმს ნინო მჭედლიშვილს ვესაუბრეთ:

"აივ ინფექცია/შიდსი არის პანდემიად გამოცხადებული ჯანმოს მიერ ისევე, როგორც ახალი კორონავირუსული ( COVID-19) ინფექციია. თუმცა, აივ ინფექცია/შიდსი არის ქრონიკული დაავადება, რომლის განკურნება არ ხდება (მხოლოდ კლინიკური მართვა და კონტროლია შესაძლებელი), მაგრამ არა განკურნება, ასევე გავრცელების გზებიც სხვადასხვაა.

რაც შეეხება COVID-19-ს, არსებული მონაცემებით, ის უმეტეს შემთხვევებში განკურნებადია. ის ახალი ვირუსული ინფექციაა, მის შესახებ ინფორმაცია მწირია. მაგალითად, არ ვიცით მისი შორეული შედეგები. თუნდაც ის, რომ იყო რეციდივის შემთხვევები ჩინეთში განკურნებულ პაციენტებში, თუმცა ეს რატომ მოხდა, ჯერ ახსნილი არ არის.

შესაძლებელია ამის მიზეზი იყოს ტესტების შეცდომა, ან ის, რომ ისინი არ იყვნენ ბოლომდე განკურნებულნი. მაღალი მტკიცებულება არ გვაქვს ამაზე, რა იქნება ამ ვირუსის შორეული გამოსავალი. თუმცა ჯერჯერობით, ესაა მწვავე დაავადება, რომლის განკურნება შესაძლებელია, სიკვდილიანობა სულ 2%-მდეა და ფიქრობენ, ეს ციფრი უფრო მცირეცაა, სრული მონაცემები რომ გვქონდეს ინფიცირებული პაციენტების.

პანდემიად გამოცხადება არ გულისხმობს, რომ ვირუსს მაღალი სიკვდილიანობა ახასიათებს, როგორც მაგალითად, ყვითელი ცხელების დროს, ლეტალური გამოსავალი მოსალოდნელია შემთხვევათა 50 %-ში“ - განმარტავს ექიმი და დასძენს, რომ რადგან ჯერ ვაქცინა არ გვაქვს, პროფილაქტიკური ღონისძიებები მოიცავს ყველა იმ ქმედებას, რაც განკუთვნილია ზოგადად გრიპისმაგვარ დაავადებებთან მიმართებაში და მოწოდებულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ:

  • თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არაა, თავი უნდა შევიკავოთ ნებისმიერი მოგზაურობისგან.
  • თუ უკვე დაბრუნდნენ მოგზაურობიდან, ძალიან მნიშვნელოვანია იმ პირების თვითიზოლაციის წესების დაცვა, რადგან თვითშეგრძნება - „მე ეს არ დამემართება,“ უკვე არაერთხელ დაიმსხვრა.
  • შესაძლო ინფიცირებულ ადამიანთან ახლო კონტაქტისგან თავის არიდება სამედიცინო ნიღბის გამოყენების გარეშე.
  • ხელის ხშირი დაბანა, არანაკლებ 20 წამის განმავლობაში საპნითა და წყლით, ან ხელის დამუშავება სპირტის შემცველი ხსნარით.
  • დაუშვებელია თვალების, ცხვირსა და პირის ღრუს დაუბანელი ხელით შეხება.
  • საცხოვრებელი ან/და სამუშაო ადგილის ხშირი განიავება და დალაგება სველი წესით;
  • იმ შემთხვევაში, თუ წყალი დ საპონი ხელმიუწვდომელია, შეიძლება სპირტის შემცველი ანტისეპტიკური საშუალებების გამოყენება .

"ის არ არის "ხელწამოსაკრავი", მაგრამ მე არ გამიცია რეკომენდაცია მის შემოტანაზე" - რას წერს თენგიზ ცერცვაძე ჩინურ ვაქცინაზე

"4000-ზე მეტი ტაქსის მძღოლი და აგრარული ბაზრის 4000-მდე მოვაჭრეა კორონავირუსზე გატესტილი" - როგორია შედეგები, რას ამბობს პაატა იმნაძე

"ეს საოცარი ისტორიაა და თითოეული ჩვენგანისთვის სამაგალითო ფაქტი" - ერთმა სასულიერო პირმა მეორეს საკუთარი თირკმელი დაუთმო