მარიამ სირბილაძე AMBEBI.GE-ს მკითხველს რამდენიმე თვის წინ გავაცანით. გოგონამ, რომელმაც მესამე სტადიის მკერდის სიმსივნე იტალიაში დაამარცხა და სწორედ იქ აგრძელებდა ცხოვრებას, ახლა კარანტინში იმყოფება. მარიამი სახლიდან ვერ გადის, რადგან მისი იმუნიტეტიდან გამომდინარე, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში, შესაძლოა, მძიმე შედეგი დადგეს.
მარიამი დეტალურად ჰყვება კარანტინის ორი დღის ემოციებს და არ იცის, როდის დამთავრდება ის ჯოჯოხეთი, რომელშიც ორი დღის წინ გაიღვიძა მთელმა იტალიამ.
"გამარჯობა, დღეს 11 მარტია, კარანტინის მეორე დღე. გუშინ სრულიად იტალიამ ჯოჯოხეთში გავიღვიძეთ, იმ უპასუხისმგებლო ადამიანების დამსახურებით, რომლებმაც თავის დროზე არ გაითვალისწინეს ჯანდაცვის კომიტეტის მიერ გაცემული არცერთი რეკომენდაცია. მაშინ როდესაც ჩრდილოეთ იტალიაში მოხდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების დახურვა, ადამიანებს ეყოთ თავხედობა და მშვიდად განაგრძეს ერთმანეთის სახლებში შეკრება და ასე უკონტროლოდ, დაუფიქრებლად მოხდა იტალიის მთელს ტერიტორიაზე კოვიდ 19-ის გავრცელება.
10 მარტს იტალიის მთავრობამ გამოსცა დეკრეტი, სადაც წერია, რომ იტალიის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ადამიანი დარჩება სახლში, მაგრამ არა ერთი თვე ან 14 დღე, არამედ რამდენიც საჭირო იქნება. ფაქტიურად ჩვენ გვიწევს ცხოვრება იმ მოცემულობაში რა მოცემულობაშიც ჩინეთი ცხოვრობდა 2 თვის განმავლობაში.
ბევრმა ადამიანმა მომწერა, რატომ არ დავბრუნდი გუშინ სპეციალური რეისით სამშობლოში. პირველი - მგზავრობა არ იქნებოდა ჩემთვის უსაფრთხო, მეორე - ჩემი ყველა ექიმი იტალიელია, აქ მუშაობენ და თუ რამე უნდა დამემართოს, მათთან უფრო ვიქნები დაცული, ვიდრე საქართველოში და მესამე - ჩემი სამსახურებრივი მოვალეობების გამო (მარიამი მკურნალობის შემდეგ ადგილობრივ საავადმყოფოში მუშაობს, სადაც სიმსივნით დაავადებულ ადამიანებს მკურნალობენ - ავტ.).
რაც შეეხება პაციენტებთან ურთიერთობას, მათი საქმეების მოგვარებას - გუშინ საავადმყოფოში გავაუქმეთ 47 ქიმიოთერაპია და სხვადასხვა პროცედურები. ქიმიოთერაპია გაუკეთდებათ მხოლოდ იმ პაციენტებს, რომლების მდგომარეობაც უმძიმესია და დროს ვერ გაწელავენ. დანარჩენები დარჩებიან სახლებში, ისევე როგორც მე, ყველასგან იზოლირებული, სანამ ეს ჯოჯოხეთი არ დასრულდება", - ამბობს მარიამი.
რაც შეეხება უშუალოდ მის მდგომარეობას, ქართველი გოგონას ინფორმაციით, გუშინ ექიმებისგან მიიღო ბრძანება, რომ სახლიდან არ გავიდეს და იმუშაოს დისტანციურად.
"სამწუხაროდ, ჩვენ დღესდღეობით არამარტო იტალიაში, თუნდაც საქართველოში მთლიანად დამოკიდებულები ვართ ადამიანების კეთილ ნებაზე, ნამუსზე და სინდისზე, კეთილი ინებონ და დასხდნენ სახლში, არც ისეთი ცუდი ყოფილა სახლში ყოფნა. ამ ერთ დღეში მუშაობასთან ერთად მოვასწარი ორი ფილმის ნახვა, დავიწყე ახალი წიგნის კითხვა, უფრო მეტი დრო დავუთმე საკუთარი თავის მოვლას, ამიტომ ყველა ადამიანს, ვისაც სახლში ყოფნა გვიწევს, ეს არ არის ტრაგედია, გაივლის, მთავარია ჩვენ დავეხმაროთ ერთმანეთს. თუ იმას არ გავაკეთებთ რასაც გვეუბნებიან, ეს ამბავი არასოდეს არ დასრულდება, ბოლო ადამიანის დარჩენამდე დედამიწაზე.
ამიტომ იტალიაშიც, საქართველოშიც და ნებისმიერ ქვეყანაშიც უნდა დავემორჩილოთ იმ წესებს, რასაც გვეუბნებიან. ემოციურად არ ვარ კარგად, შიშით არ მეშინია, უბრალოდ ჩემთვის ძალიან მძიმეა იმ ქვეყნის ამ მდგომარეობაში ნახვა, რომელშიც გავიზარდე, მაჩუქა სიცოცხლე, მეგობრები, სადაც ჩემი შვილები დაიბადნენ და სადაც პიროვნებად ჩამოვყალიბდი.
ამ ორი დღის განმავლობაში მესინჯერი მქონდა აქტიური, მივიღე უამრავი წერილი, მათ შორის ის, რომ წყლის დალევით კორონავირუსი განადგურდება, ასევე ბევრი სისულელე. ერთადერთი რაც კორონასგან გვიცავს, არის ის, რომ დავიცვათ ჰიგიენის ნორმები, დავიცვათ დისტანცია და მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს, ხვევნა-კოცნას, ერთმანეთის სახლებში შეკრებებს, სტუმრების მიღებას და სხვასთან სტუმრობას და დავიცვათ ჰიგიენის ნორმები საკუთარ სახლშიც. რაც უფრო მკაცრად გავითვალისწინებთ ყველა ამ მითითებას, მალე დასრულდება ის ჯოჯოხეთი, სადაც ჩვენ გვიწევს ცხოვრება.
მე კარგად ვარ და იმიტომ არ ვარ კარანტინში, რომ კორონავირუსი მაქვს, მე ვასრულებ იტალიის მთავრობის მითითებას. შეგვიძლია მხოლოდ გასვლა საკვების საყიდლად, აფთიაქში და მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც სამსახურებრივი მოვალეობისთვის გადააგდილდებიან. ამისთვის კერძო კომპანიებმა გამოყვეს სპეციალური ტაქსები, რომლითაც ემსახურებიან თანამშრომლებს. ქუჩაში არის სიმშვიდე, სიჩუმე და არაფერი არ ხდება.
გადასარევი ამინდებია, მზეა, თბილა. ერთადერთი რაც შემიძლია, არის ის რომ გავიდე აივანზე და ვიფიქრო დადებითად, რომ ეს ყველაფერი მალე დასრულდეს. ძალიან დიდი მადლობა, ვინც ამ ორი დღის განმავლობაში მეძებდით... ყველაფერი კარგად იქნება, გაუფრთიხლდით თავებს და თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს, რადგან ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი არაფერი გაგვაჩნია", - ამბობს მარიამ სირბილაძე.