დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსზე ლაბორატორიული ანალიზი მხოლოდ მაშინ უნდა გაკეთდეს, თუ პაციენტს ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები გამოუვლინდება.
როგორც იმნაძემ ბრიფინგზე განაცხადა, კორონავირუსის ინკუბაციის მაქსიმუმი პერიოდი არის 14 დღე და შესაბამისად, ანალიზმა შესაძლოა, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უარყოფითი პასუხი აჩვენოს და ბოლო დღეს დაფიქსირდეს დადებითი.
"ძალიან დიდ ჯგუფს რატომღაც ჰგონია, რომ ლაბორატორიული კვლევა ეს არის პანაცეა, განსაკუთრებით ჩამოსულებს, განსაკუთრებით ვინც არიან დაკვირვებაზე, კარანტინში, თვითიზოლაციაში და ა.შ. ძალიან კარგად დავიმახსოვროთ, ანალიზი სანამ ადამიანი ავად არ გახდება, არის უარყოფითი ანუ კიდევ ერთხელ ვამბობ, ინკუბაციური პერიოდის მაქსიმუმი არის 14 დღე, შეიძლება პირველიდან მე-13 დღემდე ანალიზის პასუხი იყოს უარყოფითი, ყოველდღე რომ ისინჯოთ და მე-14 დღეს გახდეს დადებითი, ამიტომ აზრი აქვს ლაბორატორიულ გამოკვლევას. ეს მინდა ყველამ კარგად დაიმახსოვროს, თუ ადამიანს ამ 14 დღის განმავლობაში სიმპტომები არ დაეწყება, იმას ანალიზიც აღარ სჭირდება, ის ჯანმრთელია", - განაცხადა პაატა იმნაძემ.