პრინცი ჰარი და მისი მეუღლე, მეგან მარკლი დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახიდან სკანდალურად წასვლის შემდეგ, დიდ ბრიტანეთს ერთად პირველად სტუმრობენ და სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგიანიას რანგში თავიანთ ბოლო მოვალეობებს ასრულებენ.
ისინი ბოლო ოთხი დღის განმავლობაში სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებებსა და ოფიციალურ მიღებებს დაესწრნენ.
მეგან მარკლი პრინც უილიამის ცოლს, ქეით მიდლტონს სკანდალის შემდეგ საჯაროდ პირველად გუშინ შეხვდა და რა თქმა უნდა, ოპერატორებისა და ჟურნალისტების განსაკუთრებული ყურადღება ამ ორისკენ იყო მიმართული.
მეგანმა ქეითს ხელი აუწია, მიესალმა და თბილად გაუღიმა (ნახეთ ვიდეო).
სამეფო ოჯახის წარმომადგენლები ბრიტანეთის თანამეგობრობის დღის ფარგლებში გამართულ ოფიციალურ ღონისძიებას დაესწრნენ.
აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ბრიტანული გამოცემები ბევრს წერდნენ ქეითსა და მეგანს შორის დაძაბულ ურთიერთობაზე, რომელიც მეგან მარკლის გადაწყვეტილებამ გამოიწვია.
ჰარიმ და მეგან მარკლმა 2020 წლის იანვარში განაცხადეს, რომ მათ სამეფო ოჯახისგან დამოუკიდებლად ცხოვრება, ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვება და თავისუფლება სურდათ. მალევე წყვილი, თავიანთ პატარა შვილ არჩისთან ერთად, საცხოვრებლად კანადაში გადავიდა.