ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში სამი მოქალაქე იმყოფება. ისინი საქართველოში იტალიიდან დაბრუნდნენ.
როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძე აცხადებს, მათ მსუბუქი რესპირატორული ჩივილები აღენიშნებათ. მისივე ინფორმაციით, ერთი მოქალაქე სარფის საბაჟოზე იქნა გამოვლენილი, ხოლო ორმა მათგანმა სახლიდან თვითდინებით მიმართეს კლინიკას. მათ შესაბამისი კვლევა ჩაუტარდებათ.
"იტალიიდან საქართველოს სამი მოქალაქე ჩამოვიდა, რომელსაც რესპირატორული ჩივილები აღენიშნებოდათ. ისინი ბოქსირებულ განყოფილებაში არიან მოთავსებული. 37 გრადუსი ტემპერატურა ჰქონდათ, ისინი რისკ-ჯგუფ ქვეყანაში იმყოფებოდნენ. ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდება. ერთი სარფის საბაჟოდან იქნა იდენტიფიცირებული, ორი კი თვითიზოლაციაში იყვნენ და თვითდინებით მიმართეს კლინიკას. კარანტინში 30 პირი იმყოფება, მათი ჯანმრთელობა არის დამაკმაყოფილებელი",- განაცხადა ნინო ნიჟარაძემ