ირანის საკანონმდებლო ორგანოს 23 დეპუტატს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია პარლამენტის ვიცე-სპიკერ, აბდალრეზა მესრიზე დაყრდნობით ავრცელებს.
"დღეის მდგომარეობით, კორონავირუსზე ტესტის გავლის შემდეგ, 23 დეპუტატს ვირუსი დაუდგინდა“, - აცხადებს მესრი.
კორონავირუსით ირანში უკვე ორი მაღალჩინოსანი დაიღუპა. ვირუსით არიან ინფიცირებული ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და ვიცე-პრეზიდენტიც.
ბოლო მონაცემებით, ირანში კორონავირუსით 1 501 ადამიანია დაინფიცირებული. ვირუსით დაღუპულთა რაოდენობა კი 66-ს შეადგენს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი გაცილებით მეტია და ირანის ხელისუფლება ყოველივეს მალავს.
ამასთან, ირანი ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე აშშ-ს სთხოვს, სანქციები მოუხსნას. ამის შესახებ ირანის პრეზიდენტის მრჩეველმა, ხესამედინ აშენამ დონალდ ტრამპს "ტვიტერის“ პირადი გვერდიდან მიმართა.
"დონალდ ტრამპ, ვერ ხვდები, რომ კორონავირუსი საერთაშორისო პრობლემაა? რაც მეტად გავრცელდება ის აქ, მეტად გავრცელდება იქაც. ნუ დაელოდები მოპატიჟებას, რომ დაგვეხმარო ვირუსის შეკავებაში, მოხსენი ეს დაწყევლილი სანქციები, რომ შევძლოთ მასთან გამკლავება“, - წერს პრეზიდენტის მრჩეველი სოციალურ ქსელში.