თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 21 პაციენტი რჩება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკაში განუცხადეს, მათგან 3-ის შემთხვევაში, როგორც ცნობილია კორონავირუსი დადასტურებულია. რაც შეეხება 18 ადამიანს, მათი ტესტის პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ 14 პირის შემთხვევაში კორონავირუსის ინფექცია არ დადასტურდა და ისინი კარანტინში გადავლენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის სამი შემთხვევაა დადასტურებული. პირველი, საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც 50 წლამდე მამაკაცია და ქვეყანაში ირანიდან შემოვიდა. მეორე 31 წლის ქალია, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან ჩამოფრინდა. მესამე ინფიცირებული მამაკაციც საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ირანში იმყოფებოდა.