რა არის იმუნიტეტი?
ბოლო პერიოდში იმუნიტეტი და მასთან დაკავშირებული საკითხები აქტუალური გახდა. მარტივად რომ ვთქვათ, იმუნური სისტემა იმ უჯრედების, ცილების, ქსოვილებისა და ორგანოების ერთობლიობაა, რომლებიც ორგანიზმის დამცველობით ფუნქციებს განაპირობებენ.
სანამ იმუნური სისტემა პირნათლად ასრულებს თავის მოვალეობას, აზრადაც არ მოგვდის, რა პროცესები მიმდინარეობს ჩვენსავე ორგანიზმში. იმუნიტეტის ხარისხზე გავლენას ახდენს სისხლის თეთრი უჯრედები - ლეიკოციტები. ისინი ერთიანდებიან, ეძებენ, ამოიცნობენ და უვნებელყოფენ მტერს.
არსებობს ორი ტიპის ლეიკოციტები - ფაგოციტები და ლიმფოციტები. ფაგოციტები უცხო აგენტებს პირდაპირი მნიშვნელობით ყლაპავენ, შთანთქავენ. ხოლო ლიმფოციტები ბრძოლის სხვა სტრატეგიას ამჯობინებენ - უცხო აგენტებს ეძებენ, ამოიცნობენ და პირველ დარტყმას აყენებენ.
ვირუსები და იმუნიტეტი
რა თქმა უნდა, არსებობს თანდაყოლილი იმუნიტეტი, თუმცა არა მუდმივი. იმუნიტეტის შესუსტება შეიძლება გარე ფაქტორებმაც გამოიწვიოს, როგორიცაა: მოწევა, ალკოჰოლი, არაჯანსაღი კვება. დაბალი იმუნიტეტის მთავარი ნიშანი ინფექციების მიმართ მოწყვლადობაა. გარდა იმისა, რომ სუსტი იმუნური სისტემის მქონე ინდივიდებში ინფექციები მარტივად ვრცელდება, გამოჯანმრთელების პერიოდიც უფრო ხანგრძლივია. ეს ლოგიკურიცაა, რადგან ამ დროს შესუსტებულია ორგანიზმის მთავარი დამცველობითი ფუნქციები. როგორც ვიცით, 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთის ქალაქ უხანში ახალი ვირუსი შენიშნეს, რომელიც შემდგომში კორონავირუსის სახელით გავრცელდა. ეპიდემიოლოგები კორონავირუსის ყველაზე მაღალი რისკის მქონე ჯგუფებში პირველ ადგილას ასახელებენ ადამიანებს, რომელთაც სუსტი იმუნიტეტი აქვთ.
რა უნდა მივირთვათ იმუნიტეტის გასაძლიერებლად და ვირუსის პრევენციისთვის?
იმისათვის, რომ იმუნიტეტი გავიძლიეროთ, აუცილებელია, ჩამოვიყალიბოთ ჯანსაღი ჩვევები. 8 საათი ძილი, ხელების ხშირი დაბანა, ვარჯიში, მოწევის შეწყვეტა, სტრესის შემცირება - ეს ძირითადი მოქმედებებია, რითაც ჩვენს იმუნიტეტს გავაძლიერებთ. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ჯანსაღი კვებაა. არ არსებობს პროდუქტების ფორმულა, რომელთა მიღებით სწრაფად გავიუმჯობესებთ იმუნიტეტს, თუმცა არსებობს განსაკუთრებით სასარგებლო პროდუქტების სია ვირუსების პრევენციისთვის.
ხორცი - უცხიმო ხორცი შეიცავს თუთიას, რომელიც ხელს უწყობს სისხლის თეთრი სხეულების გამომუშავებას, ეს უკანასკნელნი კი ჯანმრთელ უჯრედებს ვირუსებისა და მიკრობებისგან იცავენ.
ყვითელი ხილი და ბოსტნეული - ციტრუსები, გარგარი, სტაფილო და სხვა. გარდა c ვიტამინისა, მათში ბევრია ბეტა-კაროტინი - ანტიოქსიდანტი, A ვიტამინის წინამორბედი, რომელსაც იმუნური თვისებები აქვს.
რძის პროდუქტები - რძის პროდუქტები შეიცავს ყველა იმ ნივთიერებას, რაც ორგანიზმის სწორი ცხოველმოქმედებისთვისაა საჭირო. ეს ნივთიერებებია სრულფასოვანი ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, არაორგანული მარილები, ვიტამინები, რომლებიც ორგანიზმს ინფექციებთან ბრძოლაში ეხმარებიან. მაწონი და კეფირი იმუნიტეტისთვის განსაკუთრებით სასარგებლო პროდუქტებადაა აღიარებული.
მწვანე ჩაი - ეს პროდუქტი მდიდარია ანტიოქსიდანტებით. მწვანე ჩაი შეიცავს ისეთ სასარგებლო ამინომჟავას, როგორიცაა L-თეანინი.