საქართველოში შესაძლოა, პირბადეების წარმოება დაიწყოს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის პროგრამების სამმართველოს უფროსმა, ეკა ადამიამ განუცხადა.
როგორც ადამიამ აღნიშნა, ამის სურვილი ზოგიერთ მწარმოებელს უკვე გამოთქმული აქვს და წარმოების ვარიანტებიც განიხილება.
"პირბადეების სტრატეგიული მარაგი სამედიცინო დაწესებულებებისთვის, პერსონალისთვის ვისაც ეს აუცილებლად დასჭირდება, სამინისტროს აქვს და დამატებით შესყიდვას კიდევ ახორციელებს. რაც შეეხება თავისუფალ ვაჭრობაში, სააფთიაქო ქსელებში არსებულ მარაგებს, ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს ამ კომპანიებთან და ვცდილობთ მათ ეს მარაგი შემოიტანონ. მარაგის რაღაც რაოდენობა მომდევნო კვირაში შემოვა ქსელში. თუმცა, შემუშავებული აქვთ გაცემის მექანიზმი დარეგულირებული, რომ უსასრულო რაოდენობით ერთ პირზე არ გასცენ. გლობალური დეფიციტია ამ საშუალებებზე მსოფლიოში და იცით რა ხდება. განიხილება კიდევ ის ვარიანტები, რომ საქართველოში წარმოება იგეგმება. შეიძლება, რომ ეს ნიღაბი ადგილზეც დამზადდეს და რეალურად ამით პრობლემა გადაიჭრება. ამის სურვილი ზოგიერთ მწარმოებელს უკვე გამოთქმული აქვს. ასევე, ფარმაცევტული სექტორი შეეცდება პერიოდულად შეავსოს სამედიცინო სპირტის და ანტისეპტიკური საშუალებების მარაგები და იქნება ხელმისაწვდომი", - განაცხადა ადამიამ.
ამასთან, ადამია საზოგადოებას მოუწოდებს, რომ აღნიშნული საშუალებების "უაზრო მარაგები" არ გაიკეთონ.
"რატომღაც ინფორმაციის გაჟღერებამ გამოიწვია პანიკა და მოსახლეობა უაზრო მარაგებს იკეთებს, ამ დროს საჭიროების მქონე ადამიანებისთვის ეს საშუალებები ხელმისაწვდომი არ არის. ამიტომ ისტერიულად ამის მომარაგების საჭიროება არ არის. პანიკა საჭირო არ არის. საღი თვალით უნდა შევხედოთ არსებულ მდგომარეობას, გავითვალისწინოთ ექსპერტების რეკომენდაციები, ხშირად დავიბანოთ ხელები, გაციების შემთხვევაში მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს, დავიცვათ თავი თუ დავირუსებულ ადამიანთან ახლოს ვართ და ა.შ. არასწორად გამოყენებული პირბადე პირიქით, ქმნის რისკს. ამასთან, მისი სწორად გამოყენება უნდა ვიცოდეთ და ქუჩაში პირბადის ტარება არ არის საჭირო. დავირუსებულ ადამიანთან თუ გვიწევს ერთ სივრცეში ყოფნა, მაშინ თავად ამ პირმა უნდა გაიკეთოს პირბადე და არა ჯანმრთელმა ადამიანმა. ეს არის სწორი მექანიზმი", - განაცხადა ადამიამ.
რაც შეეხება პირბადეების ფასს, როგორც ადამია ამბობს ფარმაცევტულ ქსელებში ნაწარმის ფასს ჯანდაცვის უწყება ვერ არეგულირებს.
„ფასი რამდენად იქნება ჩვენი მხრიდან დარეგულირებული, ამას ვერ გეტყვით, არ ექვემდებარება ჩვენი მხრიდან რეგულაციებს. როგორც ვიცი, ფასის ზრდა პირბადეებზე არ არის და არც იგეგმება. თუ გლობალურ ბაზარზე გაზრდილია ფასი დეფიციტის გამო, შესაძლოა, ჩვენთანაც გაიზარდოს“, - განაცხადა ადამიამ და დასძინა, რომ შესაძლოა პირბადეებზე სააფთიაქო ქსელების მიერ არაადეკვატურად გაზრდილ ფასებზე რეგულირების სააგენტომ მოკვლევაც დაიწყოს.
„მოქალაქის მომართვის შემთხვევაში რეგულირების სააგენტო ამ საკითხს მოიკვლევს“, - აღნიშნა ადამიამ.