კანარის კუნძულებზე, ტენერიფეში სასტუმრო H10 Costa Adeje Palace Hotel იზოლაციაში მოაქციეს და კარანტინი გამოაცხადეს მას შემდეგ, რაც სასტუმროში მცხოვრებ იტალიელ ექიმს ახალი ტიპის კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია "ევრონიუსი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ამ მომენტისთვის სასტუმროში 1000 ტურისტია.
იტალიელი ექიმი ვირუსის სიმპტომებით ადგილობრივ კლინიკაში ორშაბათს გადაიყვანეს და ამ დრომდე ანალიზის პასუხებს ელოდნენ. პასუხების მიხედვით, მას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შემდეგ კი სასტუმროს იზოლაციის გადაწყვეტილება მიიღეს.
ეს ესპანეთში კორონავირუსის უკვე მესამე დადასტურებული შემთხვევაა.
CNN-ის ცნობით, მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 2 698-მდე გაიზარდა, აქედან 2 663 ადამიანი ჩინეთშია გარდაცვლილი, 35 კი - მის ფარგლებს გარეთ.
ვირუსს ირანში 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამხრეთ კორეასა და იტალიაში - 7-7, იაპონიაში - 4, ჰონგ-კონგში-2, გარდაცვალების თითო შემთხვევაა დაფიქსირებული ფილიპინებში, საფრანგეთსა და ტაივანში.
რაც შეეხება დაინფიცირების შემთხვევებს, მსოფლიოში ვირუსი 80 067 ადამიანს გამოუვლინდა, აქედან 77 658 შემთხვევა ჩინეთშია დაფიქსირებული.