ავტორი:

"მოძალადეებს უთხრა, სამაჩაბლო "სამხრეთ ოსეთი" არ ყოფილა და არც იქნებაო" - დღეს არჩილ ტატუნაშვილი 39 წლის გახდებოდა

"მოძალადეებს უთხრა, სამაჩაბლო "სამხრეთ ოსეთი" არ ყოფილა და არც იქნებაო" - დღეს არჩილ ტატუნაშვილი 39 წლის გახდებოდა

დღეს არჩილ ტატუნაშვილს 39 წელი შეუსრულდებოდა. იგი 2018 წლის 22 თებერვალს ოკუპირებულ ახალგორში უკანონოდ დააკავეს, 23 თებერვალს კი ოკუპირებულ ცხინვალში გარდაიცვალა. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას თითქმის ერთი თვის განმავლობაში აჭიანურებდა. არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან 20 მარტს გადმოასვენეს და 24 მარტს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. იგი გარდაცვალების შემდეგ ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.

გთავაზობთ ინტერვიუს არჩილ ტატუნაშვილის დედასთან, რუსუდან ტატუნაშვილთან, "კვირის პალიტრის" არქივიდან:

რუსუდან ტატუნაშვილი, არჩილის დედა: - აჩიკოს ხან ვაქებ, ხან ვსაყვედურობ, რატომ თავი არ გადაირჩინე-მეთქი. მერე ისევ ვამბობ, რომ მერჩივნა, ასეთი სახელი დაეტოვებინა. ისეთი იყო, ლაჩრულად არ წავიდოდა ამ ქვეყნიდან. ლამაზად იცხოვრა და ლამაზად მოკვდა.

აგვისტოს ომის შემდეგ იძულებული გავხდით, ახალგორის რაიონის სოფელ ყანჩავეთიდან წამოვსულიყავით... ომი რომ დაიწყო, აჩიკო ერაყში იყო სამშვიდობო მისიით. 11 აგვისტოს ჩამოიყვანეს. ღამის 4 საათზე მეგობართან ერთად სახლში მოვიდა, თან თვიანთი იარაღი მოიტანეს. მეორე დღეს დაურეკეს, მოდით, იარაღი ჩააბარეთო. წავიდნენ თუ არა, ყანჩავეთში ჯარი შემოვიდა. წინ ოსები მოუძღოდნენ, უკან რუსები მოჰყვებოდნენ ბეტეერებით. შეიარაღებულები ჩვენს ეზოში შემოცვივდნენ - ჩემს შვილებს კითხულობდნენ. როგორც ჩანს, ვიღაცამ დააბეზღა, რომ ჩამოვიდა და თან იარაღი ჰქონდა. სოფელი რომ დაიცალა, ჩვენ დავრჩით, თუმცა ბოლოს იძულებულები გავხდით, წამოვსულიყავით. ჯერ ავჭალაში ვცხოვრობდით, მერე აქ, წილკანში მოგვცეს კოტეჯები.

სანამ ომი დაიწყებოდა, აჩიკო ერაყიდან ორი კვირით შვებულებით ჩამოვიდა. როგორც კი ეზოში შემოვიდა, კიბესთან მდგარ თუთის ხეს ფოთოლი მოსწყვიტა, ხელზე დაიდო, აკოცა და მითხრა, დედა, ამის ფასი ქვეყნად არაფერიაო. ყანჩავეთში დაბრუნება ოცნებად დარჩა...მის აღსასრულზე ძალიან ბევრს ვფიქრობ. დარწმუნებული ვიყავი, რომ კრიტიკულ სიტუაციაში ასე მოიქცეოდა. მას ის დააბრალეს, რაც არ გაუკეთებია - თითქოს ტერორისტი იყო, პუტინის არჩევნები უნდა ჩაეშალა და საამისოდ ცხინვალში ხიდი უნდა აეფეთქებინა. ახალგორში დააკავეს. პოსტს როგორც კი გავცდებით, სოფელი მოსაბრუნია. აჩიკოს და მის მეგობარ ბიჭებს იქ მანქანით ხილ-ბოსტნეული შეჰქონდათ.

ხანდახან ყანჩავეთში გადადიოდა და ბებო-პაპასთან რჩებოდა. ყველას გვქონდა საბუთები. ჩვენც მივდიოდით ხოლმე. აჩიკოს იქ ბევრი მეგობარი ჰყავდა, მათ შორის - ოსებიც. 22 თებერვალს ორ მეგობართან ერთად იყო წასული ახალგორში - იმ დღესაც პროდუქტი შეიტანეს და სამივე დააკავეს. ოსებს აჩიკო შემთხვევით არ დაუკავებიათ. გურწიევმა (ტატუნაშვილის წამებასა და მკვლელობაში ბრალდებული) მეორე დღეს თქვა, ცხინვალიდან დაბეჭდილი წერილი მოვიდა, არჩილ ტატუნაშვილი - მაღალი რომ არის და შავი მანქანით შემოდის, ის დააკავეთო...

მეორე დღეს გამოაცხადეს, რომ აჩიკოს გარდაცვალების მიზეზი გულის უკმარისობა გახდა, მერე - ცეროზი ჰქონდაო. ჯანმრთელი და მთასავით კაცი იყო, ავადმყოფს ჯარში ვინ ამსახურებდა? როცა აწამებდნენ, იქნებ მაშინ გაუსკდა გული ბოღმით! დადგინდა, რომ ცემით და წამებით მოკლეს. სამივე მეგობარი ცხინვალის იზოლატორში იჯდა, მერე ის ორი გაუშვეს. როცა მეგობრები ბორკილების გარეშე დაუნახავს, მიმხვდარა, რაც ხდებოდა და მათთვის უთქვამს, ესენი მომკლავენ და აქ მკვდარი მაინც არ დამტოვოთო.

როცა იზოლატორში შეუყვანიათ, ბიჭებს ესმოდათ აჩიკოსა და ოსების საუბარი. აჩიკოსთვის უკითხავთ, ოჯახში ვინ გყავს, ვინ და ვინ შემოდიხართ აქეთ, ომში და ჯარში ხომ იყავიო. უპასუხია, ჯარში კი, მაგრამ ომში არ ვყოფილვარო.

მერე მიუტანიათ რუკა და აიძულებდნენ, სამაჩაბლოზე ეთქვა, "სამხრეთ ოსეთიაო", რაზეც აჩიკოს უთქვამს, არც ყოფილა და არც იქნებაო

მერე საქართველოს დროშა მიუტანიათ და უბრძანებიათ, ფეხით შედექიო. ამასაც არ დათანხმებულა. ამას ჩემი შვილი არასდროს გააკეთებდა! სხეულზე მთელი ადგილი არ დაუტოვეს, ყველგან წამების კვალი ჰქონდა. 26 დღე ველოდით მის ცხედარს. ტკივილს, ალბათ, ის მატანინებს, რომ ასე ღირსეულად მოიქცა. აჩიკოს ვაჟკაცობამ და გმირობამ მთელი მსოფლიო შეძრა. მას ყველაზე ძვირფასი რაც ჰქონდა - სიცოცხლე, სამშობლოს ღირსეულად შესწირა.

მკვდარი შვილიც კი დამიპატიმრეს! ოსებს, ალბათ, თავის გამოჩენა უნდოდათ, რომ ტერორისტი დაიჭირეს. მერე ახალგორის მაღაზიებში შედიოდნენ თურმე და გამყიდველებს არიგებდნენ, ასე თქვით, ვითომ აჩიკო შემოდიოდა და ტყვია-წამალს ტოვებდაო. იქ ყველა იცნობდა აჩიკოს, ამიტომ ამას არავინ ამბობდა. რომ მოკლეს, პოსტზე რუსი ჯარისკაცებიც კი ტიროდნენ, დიდი არჩილი მოკლესო. ყველას პატივს სცემდა.

აჩიკოს თავისუფლება უყვარდა. ვეუბნებოდი, ხომ ხედავ, თმა გითეთრდება, ცოლი მოიყვანე, თორემ შვილები პაპას დაგიძახებენ-მეთქი. მთავარია, მიცნონ და რაც უნდათ, ის დამიძახონო. მოსვლას რომ დააგვიანებდა და დავურეკავდი, მეტყოდა, რას მეძებ, მოვალ, თუ არადა ტელევიზორში გამომაცხადებენო. ეს სიტყვები რომ მახსენდება... ხშირად დადიოდა შინდისის გმირების საფლავზე. რამდენჯერ უთქვამს, ჩემი ადგილიც აქ არისო... დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე სასაფლაოზე დასთან ერთად ასულა და უთქვამს, მიწისკენ მიმავალი ყველა გზა ვიციო. არ ვიცი, გული უგრძნობდა და წინასწარ ემზადებოდა ასეთი სიკვდილისთვის, თუ გმირობა უნდოდა...წაიკითეთ სრულად