ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ყოველწლიურად 700 000 ადამიანი იღუპება ანტიბიოტიკორეზისტენტული შტამებით გამოწვეული ინფექციების შედეგად.
ანტიბიოტიკისადმი რეზისტენტობა არის ინფექციის გამომწვევი მიკრობების წინააღმდეგ მებრძოლი ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის დაქვეითება, რაც მკურნალობას არაეფექტურს ხდის და ზრდის ფატალური შედეგების რისკს.
ორგანიზმის მსგავს ქმედუუნარობას ანტიბიოტიკების ხშირი მოხმარება განაპირობებს. თუმცა, ანტიმიკრობული ნივთიერებები ორგანიზმში შეიძლება ისე მოხვდეს, რომ ადამიანს ამის შესახებ წარმოდგენაც არ ჰქონდეს. კერძოდ, საკვები პროდუქტებიდან.
კვლევებმა დაადგინა, რომ ხშირია ანტიბიოტიკების გამოყოფა დედის რძესთან ერთად, რაც ახალშობილობიდან იწვევს ანტიბიოტიკურ რეზისტენტობას, რის გამოც საჭირო ხდება სულ უფრო ძლიერი ანტიბიოტიკების გამოყენება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 20-30 წლის შემდეგ, ანტიბიოტიკები სრულიად უმოქმედო გახდება.
ბოლო წლებში გახშირდა ალერგიული დაავადებებისა და უცნობი ვირუსების შემთხვევები, განსაკუთრებით ბავშვებში. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ეს ანტიბიოტიკების ხანგრძლივ გამოყენებასთან შეიძლება იყოს კავშირში.
გარდა იმისა, რომ რეზისტენტულობა ადამიანის ორგანიზმს უამრავი სერიოზული დაავადებისგან დაუცველს ხდის და მისი განკურნების შანსს ამცირებს, იგი თავის მხრივ შესაძლოა, ისეთი დააავადებების გამომწვევიც გახდეს, როგორიცაა: კუჭ-ნაწლავის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, წყლულოვანი დაავადებები, მიკროფლორის დისბალანსი, ღვიძლის, თირკმელების, გულსისხლძარღვთა და ნერვული სისტემების ფუნქციების მოშლა და ა.შ.
არასწორად და არამიზნობრივად გამოყენებული ანტიბიოტიკები, ნარჩენი სახით გროვდება ცხოველის ორგანიზმში, შესაბამისად ცხოველურ პროდუქციაში და წარმოადგენს დიდ საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
გაეროს ეკოლოგ-ექსპერტის, ხათუნა ახალაიას განმარტებით, საქართველოში სოფლის მეურნეობაში ანტიბიოტიკების მოხმარება სრულიად უკონტროლოა, რის გამოც ფერმერები დაუშვებელი ოდენობით იყენებენ ანტიბიოტიკს.
"ანტიბიოტიკები კვების წარმოებაში, პროდუქტებში (რძის, ხორცის, ფრინველის, თევზის) ცხოველის ორგანიზმიდან ხვდება. გასაგებია, როდესაც დაავადებული ცხოველების განკურნების მიზნით არის იგი გამოყენებული, თუმცა არსებობს ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ამ პრეპარატების გამოყენებით მეწარმე ცდილობს თანხები დაზოგოს.
მაგალითად, იგი საკუთარ ცხოველს არ კვებავს სრულფასოვნად, მისი განვითარების შესაბამისად, რადგან ეს ძვირი უჯდება, ამიტომ იაფფასიან საკვებს ანტიბიოტიკს "წაახმარს" საპრევენციოდ, რადგან იაფფასიანი საკვებით გამოკვებილი ცხოველი უფრო მოწყვლადია ამა თუ იმ დაავადების მიმართ.
ასევე, ანტიბიოტიკებს იყენებენ საკვები პროდუქტების კონსერვაციისასაც. მათი თერმული დამუშავებისას ცხოველის უშუალოდ დაკვლის წინ, ან დაკვლისთანავე, რაც ხორცის შენახვის ვადასა და საკვებ თვისებებს 2-3 დღით ახანგრძლივებს. იგივე მეთოდს იყენებენ ფრინველისა და თევზის დასამუშავებლადაც. ასევე, რძის შენახვის ვადის გასახანგრძლივებლად იყენებენ კონკრეტულ ანტიბიოტიკებს" - აცხადებს ხათუნა ახალაია.
ცნობილია, რომ ანტიბიოტიკები (პენიცილინი, ქლორტეტრაციკლინი, ბაციტრაცინი) ასევე შეიძლება იქნას გამოყენებული ღვინის წარმოებაში ლორწოებისა და საფუარას სოკოს წარმოქმნის საწინააღმდეგოდ. ანტიობიოტიკები აღმოჩენილია ქართულ თაფლშიც, რის გამოც იგი საერთაშორისო ბაზარზე ვერ მკვიდრდება...
სურსათის ეროვნულ სააგენტოში აღიარებენ, რომ ქვეყანაში ანტიბიოტიკების ჭარბი და არასწორი გამოყენების პრობლემა მართლაც არსებობს. თუმცა, მათი განცხადებით, ანტიბიოტიკების გამოყენების კონტროლი და ამ კუთხით ცნობიერების ამაღლება რეგულარულად მიმდინარეობს.
"ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. სხვადასხვა რეგულაციები იყო მიღებული ანტიბიოტიკების გამოყენებასთან და კვლევებთან დაკავშირებით. მათ შორის 2015 წელს მიღებული იქნა რეგლამენტი თაფლთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც განსაზღვრული იქნა ევროკავშირის ქვეყნებში აკრძალული ანტიბიოტიკების ჩამონათვალი. სწორედ ამ ნაბიჯისა და ასევე ფერერებთან გაწეული ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა თაფლში აკრძლული ანტიბიოტიკების გამოყენება.
რაც შეეხება სურსათს, ყოველწლიურად ტარდება ლაბორატორიული კვლევა ანტიბიოტიკების შემცველობასთან დაკავშირებით და აღინიშნება დარღვევები, რაც ანტიბიოტიკების უკონტროლო გამოყენებას უკავშირდება. სააგენტო ამ შემთხვევაში აქტიურად მუშაობს ფერმერების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, რათა ცხოველების ჯანდაცვის მიმართულებით, სწორად ჩატარდეს მკურნალობა და ანტიბიოტიკების გამოყენება" - განუცხადეს AMBEBI.GE-ს სურსათის ეროვნულ სააგენტოში.
თუმცა რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საგენტოს არ გააჩნია სანქცირების მექანიზმი. იმ შემთხევაში თუ ისინი სურსათში დაუშვებელი დოზით ანტიბიოტიკებს გამოავლენენ, არანაირი ღონისძიების გატარების ბერკეტები არ აქვთ, რაც ცხადია, ვერ უზრუნველყოფს ანტიმიკრობული პრეპარატების თვითნებურად გამოყენების შემცირებას.
"პრევენცული ღონისძიებებია ინფორმირებულობის გაზრდა, რათა დროთა განმავლობაში სწორად იქნეს გამოყენებული ანტიბიოტიკები. რაც შეეხება სანქცირების მექანიზმებს, ჩვენ არ გვაქვს" - აცხადებენ სააგენტოში.
ხდება თუ არა ქართულ სოფლის მეურნეობაში ანტიბიოტიკების მოხმარების მონიტორინგი - ამ კითხვით AMBEBI.GE-მ ჯანდაცვის სამინისტროსაც მიმართა. უწყებაში გვითხრეს, საქართველოში არ ჩატარებულა კვლევა, რომელიც პრობლემის არსებობას გამოკვეთდა და მის მასშტაბებს დაადგენდა. რაც შეეხება გეგმებს ამ მიმართულებით, უახლოეს მომავალში არაფერია დაგეგმილი.
საქართველოს აგრარულ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, დიანა ძიძიგურის განმარტებით, შეუძლებელია, ადამიანმა მთლიანად დაიცვას თავი ასეთი საკვებისგან, თუმცა შესაძლებელია მნიშვნელოვნად შეამციროს ანტიბიოტიკების მოხვედრა ორგანიზმში.
"არსებობს რეკომენდაცია, ხორცი დიდხანს ვხარშოთ. მაგრამ გაირკვა, რომ ამ შემთხვევაშიც კი პრეპარატების მხოლოდ ათი პროცენტი იშლება. დანარჩენი 90% დაუშლელი რჩება და ჩვენს უჯრედებში გროვდება.
ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ანტიბიოტიკებისადმი მიკრობების რეზისტენტობა გლობალური პრობლემაა, რომელიც უკვე დამარცხებულ ინფექციებს ხელახლა გამარჯვების შანსს აძლევს. გავაცნობიეროთ და ერთად ვებრძოლოთ მას როგორც შეგვიძლია" - გვეუბნება აკადემიკოსი.
ამ მნიშვნელოვან კითხვაზე აგრარულ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის პასუხი ასეთია:
"ხორცის, კვერცხის, რძისა თუ სხვა ნაწარმის სისუფთავესა და სიჯანსაღეზე პასუხისმგებლობას მხოლოდ ფერმერს, თუნდაც ფერმერსა და ვეტერინარს, ვერ დავაკისრებთ. შესაძლოა, ფერმის პატრონი ზედმიწევნით აკონტროლებდეს საკუთარ პროდუქციას, მაგრამ სხვისგან იყიდოს ცხოველი, ფრინველი ან კვერცხი გასამრავლებლად, ეს უკანასკნელი კი დაავადებული აღმოჩნდეს.
ამის თავიდან ასაცილებლად სახელმწიფო კონტროლი მაღალ დონეზე უნდა იყოს. პროცესში მედიკოსებიც აქტიურად უნდა ჩაერთონ, აკონტროლონ ანტიბიოტიკების გამოყენება როგორც კლინიკებში, ისე მესაქონლეობასა და მეფრინველეობაში. სტრატეგია რომ შემუშავდა, ძალიან კარგია, მაგრამ თუ ის ქაღალდზე დარჩა, შვებას ვერ მოგვიტანს".