ავტორი:

23 წლის მამაკაცს, რომელმაც ყარაჯალასთან ტაქსის მძღოლი მოკლა და ცხედარი მანქანაში დაწვა, პატიმრობა შეუფარდეს

23 წლის მამაკაცს, რომელმაც ყარაჯალასთან ტაქსის მძღოლი მოკლა და ცხედარი მანქანაში დაწვა, პატიმრობა შეუფარდეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტაქსის მძღოლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ნიკოლოზ ხადურს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა.

როგორც სხდომის მიმდინარეობისას პროკურორმა ლევან ჯალაღანიამ განაცხადა, საქმეში არსებობს მოწმეთა ჩვენებები და მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენას ადასტურებს .

,,ბრალდებულმა ნიკოლოზ ხადურმა თბილისში დაიქირავა ტაქსი, სერვისის გაწევის მიზნით და სთხოვა მიეყვანა სოფელ ყარაჯალარში. მან ტაქსი მიიყვანა დაუსახლებელ პუნქტში და მის ხელთ არსებული მცირე ზომის ნაჯახის და საოჯახო დანის გამოყენებით მიაყენა რამდენიმე დაზიანება, რის შედეგადაც ტაქსის მძღოლი დავით შამათავა გარდაიცვალა. ამის შემდეგ, ბრალდებული გაემართა სხვა ტაქსით თბილისში, შეიძინა ბენზინი, დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე. მან თრევის შედეგად უკანა სავარძელში გადაადგილა ტაქსის მძღოლი, წაუკიდა ცეცხლი და შემდეგ კი მიიმალა. დღევანდელ სხდომაზე, ბრალდების მხარემ მის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახედ მოითხოვა პატიმრობა, ვინაიდან გამოძიებით დადგენილია, რომ მას თურქეთის რესპუბლიკაში ჰყავს დედა, სავარაუდო დანაშაულის ჩადენამდე უფიქსირდება საზღვრის კვეთები. ამასთან, გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებული გეგმავდა თურქეთში გამგზავრებას, შესაბამისად, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ იყო რეალური საფრთხე იმისა, რომ ბრალდებული მიემალოს სასამართლოს და გამოძიებას“, - განაცხადა საქმის პროკურორმა ლევან ჯალაღანიამ.

მისივე განცხადებით, გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ბრალდებული იყო სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული 2018 წლის აპრილში ძარცვის ფაქტზე და არსებობდა მისი მხრიდან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე. ჯალაღანიას განცხადებით, ნიკოლოზ ხადურის მიმართ 2018 წლის ზაფხულში, სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა, გამომდინარე იქედან, რომ ის ფსიქიურად შეურაცხადად იქნა ცნობილი. პროკურორის განცხადებით, ამჯერად დანაშაულის ჩადენის მოტივი არ იკვეთება, სწორედ ამიტომ გამორიცხული არ არის რომ იმ მომენტში, ის შეურაცხად მდგომარეობაში იმყოფებოდა.

,, ბრალდებულსა და მოკლულს ერთმანეთთან მანამდე რაიმე სახის შემხებლობა არ ჰქონიათ, აქედან გამომდინარე დანაშაულის მოტივად შურისძიების დასახელება ამ ეტაპზე უსაფუძვლოა. პარალელურად ბრალდების მხარემ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, რომ ბრალდებული მოთავსებული იქნას ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების მიზნით. მისი ქცევიდან გამომდინარე შესაძლებელია, რომ სწორედ მისი შეურაცხადობა გამხდარიყო მიზეზი ამ დანაშაულის, ასევე დადგენილია, რომ წარსულში მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა, ვინაიდან დადგინდა მისი შეურაცხადობა, აქედან გამომდინარე მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ დაინიშნოს ექსპერტიზა და არ გამოვრიცხავ დადგინდეს, რომ იგი დანაშაულის ჩადენის მომენტში იმყოფებოდა შეურაცხად მდგომარეობაში“, - განაცხადა ლევან ჯალაღანიამ.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულის ადვოკატმა ნიკა გუჯაბიძემ, მის მიმართ არასაპატიმრო აღმკვეთი ღონისძიების გამოყენების, კერძოდ 10 ათასი ლარის ოდენობის გირაოს გადახდის შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. ა

დვოკატის მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სრულიად უდანაშაულოა. წაყენებულ ბრალს არ აღიარებს თავად ნიკოლოზ ხადურიც, რომელიც აცხადებს, რომ სრულიად უდანაშაულოა.

სოფელ ყარაჯალარის ტერიტორიაზე, ტაქსის მძღოლი 17 თებერვალს, ღამით იქნა მოკლული. ქვემო ქართლის პოლიციის თანამშრომლებმა, 1997 წელს დაბადებული ნიკოლოზ ხადური 64 წლის ტაქსის მძღოლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, იმავე დღეს, ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 თებერვალს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტაქსის მძღოლს - 1956 წელს დაბადებულ დავით შამათავას სხეულზე სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარი მოკლულის ავტომობილში მოათავსა, ავტომანქანას ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რა მოხდა თალაკვაძის სახლში და რას წერს მისი მეუღლე "ფეისბუქზე" - შსს პარლამენტის თავმჯდომარის კორპუსთან პოლიციის მობილიზებას განმარტავს

გუდაურის ტრაგედიის უცნობი ვერსია - რა ინციდენტი მოხდა მკვლელობამდე 2 კვირით ადრე?!

სამეგრელოში სოფლებში 10 საფლავის გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს