10 წელიწადში 200-ჯერ გაზრდილი და საქართველოს ბიუჯეტის ტოლი ბრუნვის მაჩვენებელი, თამაშში ჩართული არასრულწლოვნები, უკონტროლო რეკლამა და ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალური ფონი - ეს მცირე ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რასაც სათამაშო ბიზნესი ქმნის ქვეყანაში.
ამჯერად, გაზეთი "ბანკები და ფინანსები" კიდევ ერთ მნიშვნელოვან თემას ეხება სტატიაში - "აზარტული ბლეფი - ონლაინ კაზინოები მოთამაშეებს მოგებულ თანხებს არ აძლევენ". როგორც ჩანს, მიუხედავად მაღალი შემოსავლისა, სამორინეები მოთამაშეებსაც აქტიურად ატყუებენ და მოგებული თანხების გატანის საშუალებას არ აძლევენ.
გამოცემის ცნობით, ოფიციალურად უკვე ორი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც მოქალაქეებმა მოგებული და მათი კუთვნილი თანხის მიღება ვერ მოახერხეს, თუმცა რეალურად მსგავსი ფაქტები, გაცილებით ბევრია.
სასამართლო გადაწყვეტილების მიუხედავად, "აჭარაბეთი" მომხმარებელს 95 789 ლარს არ აძლევს
2013 წლის ივნისის თვეში მოქალაქე გრიგოლ ხუჯაძემ “აჭარაბეთის” ვებგვერდზე ე.წ. “რულეტკის” თამაშით მოიგო 179 900 ლარი. ხუჯაძეს საკუთარი პირადობის მოწმობის საფუძველზე შექმნილი ჰქონდა ორი ანგარიში და მათი საშუალებით თამაშობდა.
მოგების შემდეგ მან გადაწყვიტა არსებული თანხის გამოტანა სათამაშო ანგარიშიდან, პირველ ეტაპზე მან გამოიტანა დაახლოებით 24 ათასი ლარი და შემდგომ საკუთარ საბანკო ანგარიშზე გადარიცხა კიდევ 60 000 ლარი, თუმცა აღნიშნული თანხა დაებლოკა და მისი გამოტანა ვერ შეძლო. როგორც აღმოჩნდა, “აჭარაბეთის” ადმინისტრაციამ, კერძოდ კი შპს GEOBET-მა, რომელიც იმ პერიოდში ახორციელებდა სხვადასხვა სახის მომგებიან აზარტულ გათამაშებებს (მათ შორს ე.წ. “რულეტკა”) ცოცხალი და ელექტრონული სახით, მიმართა სასამართლოს, რათა მომხდარიყო საბანკო ბარათზე გადარიცხული 60 000 ლარის დაბლოკვა.
მიზეზად დასახელდა ის, რომ ხუჯაძემ აღნიშნული თანხა მოიგო “აჭარაბეთის” დილერ-ინსპექტორ გიორგი ოზბეთელაშვილთან დანაშაულებრივი შეთანხმებით, გარიგების შედეგად. თუმცა ამ ყველაფერს, ბუნებრივია, დადასტურება სჭირდებოდა და შესაბამისად საქმის განხილვამ გადაინაცვლა სასამართლო დარბაზში.
როგორც მომჩივანი, “აჭარაბეთის” წარმომადგენელი ვალდებული იყო დაედასტურებინა, რომ თამაშის დროს ნამდვილად ჰქონდა ადგილი წინასწარ შეთანხმებულ გარიგებას, რომლის მიხედვითაც, ხუჯაძემ თანხები დადო ციფრში ბურთულის ჩავარდნის შედეგად, რაშიც ხელს უწყობდა დილერ–ინსპექტორი ოზბეთელაშვილი.
თუმცა, როგორც სასამართლო გადაწყვეტილების შედეგად დასტურდება, “აჭარაბეთის” წარმომადგენლობამ ვერანაირი არგუმენტით ვერ დაადასტურა, რომ გრიგოლ ხუჯაძეს რაიმე კავშირი ჰქონდა დილერ-ინსპექტორ ოზბეთელაშვილთან, მეტიც საქმის მასალებით არც ის დადგინდა, რომ გათამაშების დროს ხუჯაძემ დაარღვია თამაშის წესები. სააპელაციო სასამართლოზე მოწვეული სპეციალისტის დახმარებით გამოკვლეული იქნა, რომ აპელანტის მოთხოვნის დასასაბუთებლად წარმოდგენილი ერთადერთი მტკიცებულებით - გათამაშების ცხრილებით არ დასტურდებოდა, რომ ხუჯაძემ ფსონი დადო ბურთულის ციფრში ჩავარდნის შემდეგ. სხვა დამატებითი მტკიცებულება კი “აჭარაბეთს” სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.
შესაბამისად “აჭარაბეთის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა და იგი გამტყუნდა, როგორც ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, ასევე გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, მოგვიანებით კი აღნიშნულ განჩინებაზე წარდგენილი საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი.
შესაბამისად, გრიგოლ ხუჯაძეს საშუალება მიეცა გამოეტანა საკუთარ საბანკო ანგარიშზე არსებული 60 000 ლარი. თუმცა, სასამართლო გადაწყვეტილებების მიუხედავად, სრულიად უსაფუძვლოდ “აჭარაბეთმა” სათამაშო ანგარიშზე არსებული 95 789 ლარი კვლავ დაბლოკილი დატოვა.
თუმცა, რადგანაც GEOBET-ის წაგებული სარჩელი შეეხებოდა მხოლოდ საბანკო ანგარიშზე გადარიცხულ 60 000 ლარს, “აჭარაბეთი” ხუჯაძეს საშუალებას არ აძლევდა სათამაშო ანგარიშზე არსებული 95 789 ლარი გამოეტანა. თავის მხრივ ხუჯაძემ აღნიშნული თანხა დაუთმო საკუთარ უფლებადამცველ გიორგი კახიანს.
კახიანმა სასამართლოში შეიტანა სარჩელი შპს GEOBET-ის წინააღმდეგ, რათა საშუალება მისცემოდა გამოეტანა “აჭარაბეთის” ანგარიშზე უკანონოდ დაბლოკილი თანხა. როგორც მოსალოდნელი იყო, აღნიშნული სარჩელი ყველა ინსტანციის სასამართლომ დააკმაყოფილა და კახიანს უფლება მიეცა მოეთხოვა მისი კუთვნილი 95 789 ლარი.
თუმცა, ამ შემთხვევაში წარმოიშვა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა. აღმოჩნდა, რომ შპს GEOBET-ს საკუთარი უფლებები “აჭარაბეთთან” მიმართებაში დათმობილი ჰქონდა შპს “ატლასისთვის”, რომელიც თავის მხრივ ირლანდიურმა კომპანიამ იყიდა და გაჩნდა გადაუჭრელ პრობლემათა ჯაჭვი. მიუხედავად იმისა, რომ კახიანს სასამართლო გადაწყვეტილებაც აქვს და სააღსრულებო ფურცელიც, იგი მოგებული 95 789 ლარის დაბრუნებას ვერ ახერხებს, რადგანაც შპს GEOBET–ს საკუთარი ქონებები დაგირავებული აქვს და პირველადი მოთხოვნის უფლებაც ბანკებს აქვთ მინიჭებული.
"კრისტალბეთი" გამარჯვებულ მოქალაქეს ჯეკპოტს არ აძლევს
არის შემთხვევები, როცა აზარტული თამაშების კომპანია “კრისტალბეთში” მოთამაშეებმა ჯეკპოტი მოიგეს, თუმცა ონლაინტოტალიზატორი თანხას არ გასცემს, – ამის შესახებ ადვოკატებმა გიორგი ჩერქეზიამ და სალომე აბესლამიძემ განაცხადეს.
როგორც გიორგი ჩერქეზიამ აღნიშნა, აზარტული თამაშების კომპანია აცხადებს, რომ შეთანხმებულ თამაშებს ჰქონდა ადგილი. ადვოკატის თქმით, ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. უფლებადამცველების თქმით, მოგებული თანხების ოდენობა 15 000-დან 40 000-მდეა:
“საკითხი ეხება აზარტულ თამაშებს და იმ პრობლემას, რომელიც დღის წესრიგში დაგვიდგა. “კრისტალბეთის” ელექტრონული სამორინე ორგანიზებულია შპს “მარსის” მიერ, რომელიც ელექტრონულ გათამაშებებს აწარმოებს. ეს ჯეკპოტის გათამაშებებია თავიდან ბოლომდე.
მინდა აღვწერო, როგორ ხდება კეთილსინდისიერი თამაში და შემდეგ დავუკავშირო ჩვენს შემთხვევას. როცა პირი რეგისტრირდება “კრისტალბეთის” ელექტრონულ პორტალზე, ის იხდის შესაბამის საფასურს, მას აქვს საკუთარი ე.წ. ექაუნთი, საიდანაც თამაშობს. ჯეკპოტის მოგების შემთხვევაში არის ორი გზა: პირველი, სამორინიდან პირს გააქვს თავისი მოგებული თანხა, ან “კრისტალბეთის” მხრიდან დგინდება არაკეთილსინდისიერი თამაში ფაქტი და საქმე გადადის სასამართლოში განაგრძეთ კითხვა