ავტორი:

"3 წლის წინ შემიყვარდა ადამიანი, რომელმაც მომცა სტიმული იდეალურ ფორმაში ვყოფილიყავი..." - ნუცა ბუზალაძე ჯანსაღი ცხოვრების წესსა და მოგზაურობაზე

"3 წლის წინ შემიყვარდა ადამიანი, რომელმაც მომცა სტიმული იდეალურ ფორმაში ვყოფილიყავი..." - ნუცა ბუზალაძე ჯანსაღი ცხოვრების წესსა და მოგზაურობაზე

ნუცა ბუზალაძე ბოლო დროს ბევრს მოგზაურობს და სიმღერის პარალელურად ცხოვრების ჯანსაღ წესს აქტიურად მისდევს. მომღერალი ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ამერიკიდან, სადაც საკუთარი დაბადების დღე მეგობრებთან ერთად აღნიშნა და დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ახლა AMBEBI.GE-ს მკითხველს უზიარებს.

- ახალ წელს თბილისში ვიყავი, გალა-კონცერტზე ვიმღერე, ამის შემდეგ კი წავედი საქართველოდან ამერიკაში. უკვე ტრადიციად მაქვს, საკუთარი დაბადების დღის სხვა ქვეყანაში გატარება. აღარ მომწონს ას კაცს რომ პატიჟებენ დაბადების დღეებზე, თან რაც უფრო ვიზრდები, ჩემი სამეგობრო წრეც მცირდება, ამიტომ ვცდილობ დაბადების დღე სწორედ ამ ადამიანებთან გავატარო.

ლოს-ანჯელესი იყო ჩემი ოცნების ქალაქი, სამი წლის წინ უარი მითხრეს ვიზაზე, მას შემდეგ კონსერვატორიაში ჩავაბარე, სახლი ვიყიდე, ბევრი რაღაც შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში, ამიტომ ამჯერად ვიზაზე თანხმობა მითხრეს. ლოს-ანჯელესი და ლას ვეგასი მაინტერესებდა ძალიან, ორივე ვნახე, მაგრამ სან-ფრანცისკოში წასლა ვეღარ მოვახერხე.

ძალიან მომეწონა ლოს-ანჯელესი, იქ ყველა ბედნიერია, გიცინის, გიღიმის. არავის არ აინტერესებს რა გაცვია და ა.შ. საქართველოში, სადაც შეხვალ, უცხო ხარ თუ ცნობილი, გაკვირდებიან, იქ ასე არ იყო და მომეწონა ეს თავისუფლება. გარკვეული პერიოდით ვიცხოვრებდი ლოს-ანჯელესში, მაგრამ სადაც არ უნდა წავიდე, მაინც ჩემს ქვეყანაში დაბრუნება მინდა.

სადაც რამე პროექტია, ვცდილობ გავგზავნო ჩემი მონაცემები, ახლა, როცა უკვე ვიზა მაქვს, ამერიკულ პროექტებშიც გავგზავნი რეზიუმეს.

- სად ცხოვრობდით ამერიკაში?

- ლოს ანჯელესში იმ სასტუმროში ვცხოვრობდი, სადაც ბიონსემ თავისი კლიპი გადაიღო, როცა ეს გავიგე, ლამის ხალიჩას ვაკოცე! კიდევ იმ სასტუმროში ვიყავი, სადაც "ლამაზმანი" გადაიღეს. ვიყავი "გრემის" მუზეუმში, შინაგანად ისეთი შეგრძნება მქონდა, მეგონა ვიტირებდი. ძალაუფლება და წარმატება იქ არავის აქვს ავარდნილი თავში, რასაც ყველა ადამიანში ვაფასებ. რაც უფრო უბრალოა ადამიანი, უფრო წარმატებულია ჩემს თვალში.

- აშკარაა, რომ მოგზაურობა ძალიან გიყვართ და წელიწადში რამდენჯერმე მიდიხართ სამოგზაუროდ...

- მოგზაურობამ ძალიან გამზარდა. ბავშვობიდან მინდოდა ჩემი საოცნებო ქვეყნების დათვალიერება, ეს მოვახერხე, ხედვა შემეცვალა ყველაფერზე და განვვითარდი როგორც ადამიანი. ყველაზე მეტად ამერიკამ მომხიბლა და აუცილებლად დავბრუნდები იქ. ლას-ვეგასში ვიყავი, ვითამაშე და მოვიგე. ბევრი მოვიგე, თუმცა ზუსტად რამდენი, არ მახსოვს. ვიგებდი და ვხსნიდი. გამიმართლა.

- რამდენი წლიდან მოგზაურობთ?

- 6 წლის ვიყავი, როდესაც სტამბოლში წავედი, დეიდაჩემი ცხოვრობს იქ და 2-3 თვით ხშირად ჩავდიოდი. დედასთან ერთად კვიპროსსაც ვსტუმრობდი. საკუთარი ინიციატივით შერჩეულ ქვეყნებში, ბოლო სამი წელია ვმოგზაურობ.

- თქვენს ცხოვრებაში კიდევ ერთი სიახლეა, კონსერვატორიაში ჩააბარეთ, რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?

- კონსერვატორიაში ჩავაბარე ჯაზ-ვოკალის ფაკულტეტეზე და კმაყოფილი ვარ. როდესაც ალბომზე დავიწყე მუშაობა, მივხვდი, მომღერლისთვის მუსიკალური განათლება აუცილებელია, მნიშვნელოვანი, რადგან ავითარებს არტისტს. რაც უფრო ვიზრდები, ვხვდები, სულ უნდა ისწავლო. ახლა ფრანგულშიც ვემზადები, ერთ-ერთ პროექტში ვგეგმავდი გასვლას, მაგრამ ვერ ვისწავლე ენა სრულყოფილად და ამ ეტაპზე ეს ვერ მოხერხდა.

- შემოქმედებაში რა სიახლეები გაქვთ?

- ლილიკო ნემსაძემ დამიწერა სიმღერა, ენერგიული და საცეკვაო. მინდოდა კლიპის გადაღება, მაგრამ ვერ მოვახერხე ჯერჯერობით. ამიტომ ჯერ სატელევიზიო პრემიერა იქნება, შემდეგ კლიპსაც გადავიღებ. ეს იქნება ქართული სიმღერა სადაც მომღერალი იმოძრავებს - იცეკვებს.

- ნუცა, მოგზაურობის პარალელურად, ცხოვრობ აქტიური სპორტული ცხოვრებით და ერთ-ერთი პირველი ადამიანი ხართ, ვინც ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა დაიწყო საქართველოში, რატომ დაიწყეთ ვარჯიში?

- პირადზე საუბარი არ მიყვარს, მაგრამ რატომ დავიწყე გეტყვით. სამი წლის წინ პირველად შემიყვარდა ადამიანი, ამან მომცა იმის სტიმული, რომ მის გვერდზე იდეალურ ფორმაში ვყოფილიყავი. პატარაობაში ზედმეტი წონა გეპატიება, საყვარელი ხარ, მაგრამ როცა იზრდები, აღარც ბავშვი ხარ და აღარც საყვარელი და თან აღარც გიხდება ზედმეტი წონა.

სცენაზე როცა გავდიოდი, არ მომწონდა ჩემი თავი, წონამ ყველაფერში შემიშალა ხელი, სიყვარულმა კი დიდი სტიმული მომცა. როცა ფორმაში ხარ, 180 გრადუსით იცვლება შენი ცხოვრება, ასე მოხდა ჩემს ცხოვრებაშიც ვარჯიშის დაწყების შემდეგ. ვარჯიში გაძლევს ენერგიას და მოტივაციას. თავიდანვე ისე მომეწონა ვარჯიში, აღარ შევეშვი, 2-3 თვე ყოფილა, არ დამიკლია, მაგრამ მაინც ბოლომდე მიმყავდა ვარჯიში.

ამჟამად, ფიტნესზე და კრივზე დავდივარ, კრივი კარგია გახდომისთვის, ფიტნესი ფორმებისთვის, თუმცა ამ ყველაფერს კვებით თუ არ შეუწყვე ხელი, აზრი არ აქვს. ვერასდროს ვიფიქრებდი ჭამას თუ გადავიყვარებდი და ჩემი საყვარელი კერძები აღარ მომინდებოდა. ახლა დიეტაზე აღარ ვარ, მაგრამ რაც ცუდი საკვებია, არასდროს მომინდება.

11 საათზე ვეღარ შევჭამ ვერაფერს, იმიტომ რომ ვერ დავიძინებ. მთავარია, ადამიანმა თავში რაღაც ჩაიდო და გადაწყვიტო, მართლა გინდა თუ არა. როცა რაღაცას თავში ჩაიდებ და მართლა გინდა, შანსი არაა ის არ გამოგივიდეს. მე არ ვარ ის ადამიანი, ვისაც ერთ დღეს აჩუქეს ყველაფერი - 16 წლიდან ვმუშაობ და ყველაფერი ჩემი შრომით მაქვს მოპოვებული. რაღაც თუ შემიყვარდა და მინდა გავაკეთო, ბოლომდე მივყვები.

- სახლიდან გასვლამდე რამდენ ხანს ანდომებთ თავის მოწესრიგებას?

- სახლიდან გასვლის წინ, მინიმუმ საათნახევარი მჭირდება. შანსი არაა შინიდან მოუწესრიგებელი გავიდე. ახლა საყვარელი ადამიანი არ მყავს, მაგრამ მაინც მინდა კარგ ფორმაში ვიყო. როცა მომწონს ჩემი თავი, ეს მანიჭებს ბედნიერებას. მე არც ვეწევი, არც ვსვამ და ჯანსაღ ცხოვრებას ვუწევ პროპაგანდას. ჰაერი დაბინძურდა, რას ვჭამთ არ ვიცით და თუ შენს თავს არ მოუვლი, განწირული ხარ. პატარა ვარ, მაგრამ უკვე ვფიქრობ, სადმე სიმწვანეში გადავიდე საცხოვრებლად.

- ცნობილია, რომ ახალი სახლი შეიძინეთ, მარტო გადახვედით საცხოვრებლად?

- ვერ შევეჩვიე მარტო ცხოვრებას, ამიტომ დედაჩემთან ერთად ვცხოვრობ. მის გარდა ჩემს გარდერობს ვერავინ მიხედავს. ზოგჯერ მარტოც ვრჩები, ეს აუცილებელია დასვენებისთვის და რეპეტიციისთვის.

- მეზობლებს რა რეაქცია აქვთ, როცა რეპეტიცია გაქვთ სახლში?

- აზრზე არ ვარ რა რეაქცია აქვთ მეზობლებს. ის უფრო მაინტერესებს სასტუმროში როცა ვარ და რაიმე კასტინგის წინ, რეპეტიციას ნომერში გავდივარ, იქ რა რეაქცია აქვთ. ბოლო პერიოდში ძალიან კარგ ფორმაში ვარ, მომწონს ჩემი თავი და შესაბამისად ვცდილობ სხვადასხვა პროექტში მივიღო მონაწილეობა. ჯერჯერობით მეტს ვერაფერს გეტყვით.

"მოსკოველი მეგობრები მწერდნენ, აქ ხარ და არ გვნახულობო? ნახვის უფლება არ მქონდა" - რა სიურპრიზი მოაწყო ნუცა ბუზალაძემ რუსულ კონკურსში და რატომ იმყოფება ალბანეთში?

46 წლის პენელოპე კრუსმა ფანები აღაფრთოვანა - ახალი იმიჯი და ვარცხნილობა, რომელიც ზაფხულში მოდად დამკვიდრდება (ფოტოები)

"მე თავს მოდურ ადამიანს ვერ ვუწოდებ..." - რას უყვება ირაკლი მაქაცარია უკრაინულ "ვოგს" საკუთარ სტილზე, მისაბაძ პერსონასა და ბავშვობის ოცნებებზე?