ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მოკლულის სიმამრის ინფორმაციით, მეზობლებს შორის დაპირისპირება პირველი შემთხვევა არ არის.
მოკლული ოჯახის წევრის განცხადებით, სავარაუდო დამნაშავემ მის სიძეს სამჯერ ესროლა.
"ჩვენ დავხარჯეთ ბევრი ფული, რომ საქართველოში დავრჩენილიყავით, კარგი ქვეყანაა, მაგრამ ცუდი ხალხი ცხოვრობს. პოლიციას და მერიას დაახლოებით 100-ჯერ დავურეკეთ და ვთხოვეთ ტერიტორიული კონფლიქტის მოგვარება, მაგრამ არცერთხელ არ მოსულან. ადრე ჩემს სიძეს დაარტყა, დღეს კი ის უკვე დავკარგე... ჩემი ქალიშვილი შოკშია, არ ვიცით სად უნდა წავიდეთ.
გუშინ ღამით ჩვენი ღობე და კამერები დაამტვრია, დღეს კი იარაღი მოიტანა მის მოსაკლავად. დღეს დილით, როდესაც მოვედით სახლში შემოსვლას ცდილობდა, მაგრამ ჩემმა სიძემ ამის უფლება არ მისცა, რის შემდეგაც ჯერ ჰაერში გაისროლა, შემდეგ 3-ჯერ მას ესროლა. საუდის არაბეთიდან ინვესტიციის განსახორციელებლად ჩამოვედით.
დაახლოებით ერთი წელია, რაც ეს მიწა ვიყიდეთ და სახლში დაახლოებით 300 000 დოლარი დავხარჯეთ" - განაცხადა გარდაცვლილის სიმამრმა.