თბილისის მერი, კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს გამოეხმაურა, სადაც ჩანს, რომ ე.წ. ზეემკას დასახლებაში გზა ნახევრად არის დაგებული. კალაძის განცხადებით, ამ ადგილზე კომპანია GWP-იმ სამუშაოები აწარმოა და შემდეგ ადამიანების ჯგუფმა დახაზვითი სამუშაოები აწარმოა, რათა გამოეყვანათ ისე, რომ „დედაქალაქის მთავრობა უნიათოა“.
„აქ სამუშაოები აწარმოა კომპანია GWP-იმ. ფრაგმენტული დაზიანება და პრობლემა იყო, განახორციელა სამუშაოები და შემდეგ ადამიანების ჯგუფმა და მგონი, ყველა მიხვდება, ეს დახაზვითი სამუშაოები ჩაატარა, რომ გამოეყვანათ, როგორი უნიათოა დედაქალაქის მთავრობა, სამგორის რაიონის გამგეობა, როგორ დახაზვებს აკეთებენ… ხომ ხედავთ, რა დონეზე არიან დასული და სად არიან. მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ პროექტი დაკვეთილი გვქონდა, მზად გვქონდა და ველოდებით უბრალოდ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებას, რომ სამუშაოები დაწყებულიყო”, - განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, ეს ქუჩა მთლიანად მოწესრიგდება, განახლდება სანიაღვრე სისტემები და იქნება მოასფალტებული.
„ჩვენ სამგორის რაიონში ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას, ეს არის წმინდა ბარბარეს უბანში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა და მოწესრიგება. დაახლოებით, 600 000 ლარი ჯდება ამ პროექტის განხორციელება, ჯამში 10 440 კვ. მ. ასფალტი იქნება დაგებული და მთლიანად იქნება მოწესრიგებული. ასევე დამჭერი კედლები მოეწყობა, კორპუსებთან მისასვლელი ორი კიბე გაკეთდება და იქ არსებული მდგომარეობა მთლიანად იქნება გამოსწორებული”, - აღნიშნა კალაძემ.