ავტორი:

"უხანიდან საფრანგეთში გადაყვანილ საქართველოს ორ მოქალაქეს კორონავირუსის რაიმე სიმპტომი არ გამოუვლინდათ"

"უხანიდან საფრანგეთში გადაყვანილ საქართველოს ორ მოქალაქეს კორონავირუსის რაიმე სიმპტომი არ გამოუვლინდათ"

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ვლადიმერ კონსტანტინიდის ინფორმაციით, უხანიდან საფრანგეთში გადაყვანილი საქართველოს ორი მოქალაქე საფრანგეთის ერთ-ერთ დაწესებულებაში არის განთავსებული და ისინი ორი კვირის განმავლობაში სამედიცინო დაკვირვებას გაივლიან.

ამასთან, ვლადიმერ კონსტანტინიდის ცნობით, აღნიშნული პირების გამოკვლევისას ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის რაიმე ფაქტი ან სიმპტომი არ გამოვლენილა.

„როგორც მოგეხსენებათ, გუშინ დამატებით განხორციელდა საქართველოს 2 მოქალაქის ევაკუაცია ქალაქ უხანიდან საფრანგეთში. ისინი დღეისათვის იმყოფებიან საფრანგეთის ერთ-ერთ დაწესებულებაში, სადაც 2 კვირის განმავლობაში საკარანტინო რეჟიმში გაივლიან სამედიცინო დაკვირვებას. პირველადი მონაცემებით, მათ ჩაუტარდათ შესაბამისი სამედიცინო პროცედურები და ამ დროისათვის ახალი კორონავირუსის რაიმე ფაქტი ან სიმპტომი არ გამოვლენილა. რაც შეეხება გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ბორტზე მყოფ სხვა მოქალაქეებს ჰქონდათ ახალი კორონავირუსის სიმპტომები, საელჩოს ინფორმაციით, დღეს დილით დადგინდა, რომ აღნიშნულ მოქალაქეებს არ დაუდასტურდათ ახალი კორონავირუსის არსებობა და ისინი დაბრუნებული არიან შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში,“ - აღნიშნა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, გუშინწინ ჩინეთის ქალაქ უხანიდან თურქეთში ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა. მინისტრის ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და კორონავირუსის სიმპტომები ამ შემთხვევაშიც არ იქნა აღმოჩენილი.

„გუშინწინ განხორციელებული ევაკუაციის შემდეგ, როდესაც ჩვენი 3 მოქალაქე თურქულმა მხარემ გადაიყვანა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, ისინი თავს კარგად გრძნობენ. მათ ასევე ჩაუტარდათ შესაბამისი სამედიცინო პროცედურები და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კორონავირუსის სიმპტომები ამ შემთხვევაშიც არ იქნა აღმოჩენილი. ჩვენი საელჩოები, საფრანგეთსა და თურქეთში აგრძელებენ შესაბამის მონიტორინგს და ინფორმაციას საზოგადოებას მათი მდგომარეობის შესახებ მივაწვდით მიმდინარე რეჟიმში,“ - აღნიშნა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

ტოიოტა ცენტრი თეგეტას სპეციალური შეთავაზება

ამირან გამყრელიძე მშობლებს რეკომენდაციას აძლევს

ლუგარის ცენტრში ახალი ტიპის კორონავირუსის გამოვლენას შეძლებენ