ორი წლის წინ სრულიად საქართველო გაერთიანდა პატარა თუთა ცქიტიშვილის დასახმარებლად. წლინახევრის ლურჯთვალება გოგონას ისტორიამ მთელი ქვეყანა შეძრა და დახმარების სურვილით გააერთიანა.
თუთას მწვავე ფორმის ლიმფობლასტური ლეიკემია დაუდგინდა და საზღვარგარეთ სასწრაფო მკურნალობა ესაჭიროებოდა. კეთილი ადამიანების დახმარებით, შეგროვდა თანხა მისი გერმანიაში გამგზავრებისა და მკურნალობისთვის.
ახლა თუთა თითქმის 4 წლისაა და მის ოჯახს სასიხარულო ინფორმაცია აქვს - წელიწადნახევრიანი ინტენსიური მკურნალობის შემდეგ, გოგონამ ლეიკემია დაამარცხა. ამის შესახებ "ფეისბუქზე" ბავშვის დეიდა წერს:
"ლეიკემიასთან ბრძოლას საბოლოოდ დასრულებულად ვაცხადებთ! თუთამ დაასრულა დაცვითი ქიმიოთერაპიის კურსი! უამრავი ცრემლის და ტკივილის შემდეგ ეს დღეც დადგა! სასწაული თავგადასავალებით გავიარეთ წელიწად-ნახევარი. ნელ-ნელა თუთა მშვიდ და ბედნიერ ცხოვრებას დაუბრუნდება...
არასოდეს არ დავიღლებით მადლობის გადახდით არც მე და არც ჩვენი ოჯახის წევრები! თუთასთან ერთად გატარებული ყოველი დღე, ჩვენთვის საჩუქარია. მადლობა რომ გვერდში გვედექით, მადლობა რომ დღემდე გვერდში გვყავხართ!" - წერს ნატუკა ბერიშვილი.