კორონავირუსის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ საფრთხედ გამოცხადება ნიშნავს, რომ ე.წ განგაშის თამასა, რომელიც 10 დღის წინ მხოლოდ ჩინეთისთვის იყო გამოცხადებული, დღეს მთელს მსოფლიოზე გავრცელდა, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კორონავირუსის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ საფრთხედ გამოცხადებასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, საჭიროა ყველა ქვეყანაში იყოს განსაკუთრებული მზადყოფნა ამ ინფექციასთან ბრძოლისა და პრევენციისთვის.
„მოგეხსენებათ, გუშინ გვიან ღამით დამთავრდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტის სხდომა, სადაც დეტალურად იქნა განხილული სიტუაცია ჩინეთში და ჩინეთის გარეთ. საგანგებო კომიტეტმა მიმართა რეკომენდაციით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ბატონ ტედროსს, რომ გამოცხადდეს საერთაშორისო მნიშვნელობის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობა და ბატონმა ტედროსმა გუშინდელ პრესკონფერენციაზე ეს მდგომარეობა გამოაცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ ე.წ განგაშის თამასა, რომელიც მხოლოდ ჩინეთისთვის იყო 10 დღის წინ გამოცხადებული, გავრცელდა მთელს მსოფლიოზე. ანუ საჭიროა, რომ ყველა ქვეყანაში, ყველგან იყოს განსაკუთრებული მზადყოფნა“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ საფრთხედ აფასებს. ეს გადაწყვეტილება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
როგორც BBC წერს, აღნიშნულის "მთავარი მიზეზი არ არის ის, რაც ხდება ჩინეთში, არამედ ის, რაც ხდება სხვა ქვეყნებში".
მათივე ინფორმაციით, შეშფოთება იმაში მდგომარეობს, რომ ეპიდემია შესაძლოა, გავრცელდეს უფრო სუსტი ჯანდაცვის სისტემის მქონე ქვეყნებში.
როგორც მედია წერს, კორონავირუსი ჯანმრთელობისთვის საერთაშორისო რისკს წარმოადგენს, რომელიც მოითხოვს კოორდინირებულ საერთაშორისო რეაგირებას.
მათივე ცნობით, წინა შემთხვევაში გლობალურ საფრთხედ გამოცხადდა ებოლა, ზიკა და H1N1.
ჩინეთში, ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 213-ია, ხოლო დადასტურებულმა შემთხვევებმა 9,692-ს მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთის გარდა, ვირუსის შემთხვევები 20 ქვეყანაშია დადასტურებული, სადაც, საერთო ჯამში, დაინფიცირების 100-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი.
ვირუსის პირველი ორი დადასტურებული შემთხვევის შესახებ განცხადება იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ გააკეთა. მისივე თქმით, ქვეყანამ ჩინეთთან საჰაერო მიმოსვლა აკრძალა.