1-ლი თებერვლიდან წყალმომარაგების ქსელზე მიერთების საფასური მცირდება. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტებში ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების (დიამეტრი - 20 მმ) საფასური 100 ლარით შემცირდება და 500 ლარის ნაცვლად 400 ლარი იქნება. ამასთანავე, მუნიციპალიტეტებში 200 ლარით მცირდება წყალარინების ქსელზე მიერთების (დიამეტრი - 0-100 მმ) საფასური და 1-ლი თებერვლიდან 1000 ლარის ნაცვლად 800 ლარი გახდება.
რაც შეეხება თვითმმართველ ქალაქებს (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ფოთი, რუსთავი), მიუხედავად სამუშაოების სირთულისა, სემეკი მიერთების საფასურს არ ცვლის. ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორების მსგავსად, წყალმომარაგების სექტორშიც ქსელზე მიერთების დიფერენცირებული საფასურები განპირობებულია თვითმმართველ ქალაქებში ქსელზე მიერთების სამუშაოების სპეციფიკით (ასფალტის საფარის აღება, სხვადასხვა ნებართვების საჭიროება და ა.შ).
1-ელ თებერვალს ამოქმედდება წყალმომარაგების კომპანიების ახალი ვალდებულებაც, რომლის მიხედვითაც 100 მეტრით იზრდება ქსელზე მიერთების რადიუსი. რეგულაციის შესაბამისად, კომპანიამ სრული ტექნოლოგიური ციკლით უნდა უზრუნველყოს ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთება წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელიდან 200 მეტრის რადიუსშიც.
გარდა ამისა, თვითმმართველ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში შემცირდა არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 150-მილიმეტრიანი წყალარინების მილსადენზე მიერთების საფასური. კერძოდ, თვითმმართველი ქალაქებისთვის საფასური 39%-ით შემცირდა, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებისთვის 57%-ით.