ამ ეტაპზე ჩინეთიდან შეზღუდული გვაქვს ცოცხალი ცხოველის შემოტანა. რაც შეეხება სხვა სასურსათო პროდუქტს, ის არ წარმოადგენს რისკ ჯგუფს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, საქართველო დააკვირდება რა რეკომენდაციები ექნება საერთაშორისო ორგანიზაციებს და ამის შესაბამისად იმოქმედებს.
"საქართველო არის ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი. ჩვენი სამინისტრო თანამშრომლობს რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომლებიც არიან პასუხისმგებლები საერთაშორისო ტენდენციებისა და რისკების შეფასებაზე.
ჩვენ რა თქმა უნდა, გვყავს ასევე საქართველოში სამედიცინო კვლევის ცენტრის რისკების შეფასების ჯგუფიც. შესაბამისად, იმ რეკომენდაციას სრულად ვითვალისწინებთ, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები გამოსცემენ,“ - განაცხადა დავითაშვილმა.