მუსიკალური პროექტი „მხოლოდ ქართული“ ნახევარფინალისთვის ემზადება. კონკურსანტები ამბობენ, რომ პასუხისმგებლობამ და ღელვამ მოიმატა, რადგანაც ყველაფერს ეს ტური წყვეტს...
ამჯერად კონკურსანტებს სტეფანეს და ლელა წურწუმიას შემოქმედებიდან თითო სიმღერის შესრულება მოუწევთ. კონკურსში დარჩენილი ხუთეულთან, ვოკალის პედაგოგებთან ერთად, თავად სტეფანე და ლელაც მუშაობენ.
AMBEBI.GE კონკურსანტებს ესაუბრა.
თამთა ხუხუნაიშვილი:
- ყველაზე გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი ტურია. აქამდეც ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ ღელვა მომემატა, რადგან პასუხისმგებლობა გაიზარდა. საერთოდ, პასუხისმგებლობა ყველა ლაივის მერე იზრდება. აქამდე, ყოველ ჯერზე კარგად გამომდიოდა, ჩავარდნა არ მქონია. კონკურსი თითქმის მთავრდება, ნახევარფინალია და ცხადია, წინამორბედ ტურებზე ნაკლები ეს არ უნდა იყოს, პირიქით, საინტერესოდ ნამღერი სიმღერები უნდა გამოგვივიდეს, ვიმეორებ, ისეთი, როგორც ნახევარფინალს შეეფერება, ასევე ჩემს გამოსვლებს და ზოგადად კონკურსს. მინდა, გულშემატკივრების იმედები გავამართლო.
საერთოდ, სანამ სცენაზე გავალ ხოლმე, ძალიან ვღელავ. მაგრამ სცენაზე გასვლის შემდეგ ღელვა აღარ მახსოვს. მოკლედ, ვნახოთ, რა იქნება.
- სტეფანეს და ლელა წურწუმიას ტურია... რას იტყვი ადამიანებზე, ვისი ნამუშევრების წარმოდგენაც ამ ტურში მოგიწევს?
- ჩეთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანს, როგორ მოგიდგება. თუ ამ მიმართულებით კომფორტი ვიგრძენი, ურთიერთობაც შედარებით მიადვილდება. სტეფანე და ლელა როგორც ადამიანები, ძალიან კარგები არიან, მათ მუსიკალურობაზე არ ვლაპარკობ, ეს ისედაც ყველამ კარგად იცის. მათთან მუშაობისას, არანაირი დისკომფორტი არ მაქვს, ყველანაირად მომყვებიან, საშუალებას მაძლევენ, რომ თავსუფლად ვიყო. მათგან არანაირი შეზღუდვა არ მიგრძვნია. სულ იმას ამბობენ, რომ მთავარია, თავი ჩვენ ვიგრძნოთ კომფორტულად...
ნინი შონია:
- გასულ ტურებთან შედარებით, ამაღლებული განწყობა მაქვს. ამ ტურის მომზადებისას რატომღაც უფრო მეტი პასუხისმგებლობა ვიგრძენი. ალბათ იმიტომ, რომ ნახევარფინალი ახლოვდება და სიტუაციაც მეტად დაძაბულია. უკვე ისეთი მაგრები უნდა ვიყოთ, რომ დამსახურებულად ვიდგეთ სცენაზე. ამიტომ, მაქსიმალურად ვემზადები ამისთვის, რადგანაც კარგად მინდა წარვდგე და ნახევარფინალისტობას დამსახურებულად ვიმსახურებდე.
- სტეფანეს და ლელას ტურია... ე.ი. მათ სიმღერებს ამზადებ...
- კი, მაყურებელი ამის გამო სხვა ამპლუაში მიხილავს და წინა ტურებისგან განსხვავებული ვიქნები. მშვენიერი განწყობა მაქვს. სტეფანე და ლელა თვითონ მუშაობენ ჩვენთან, უშუალოდ ისინი გვამეცადინებენ, შენიშვნებს გვაძლევენ. ემოციური თვალსაზრისით, ვოკალურად ყველა კუთხით, გვერდში გვიდგანან, რომ იყოს ძალიან მაგარი ლაივი, მგონი, რომ მოახერხეს ეს ყველაფერი და ვფიქრობ, რომ იქნება ძალიან კარგი და დასამახსოვრებელი ლაივკონცერტი.
ლუკა ჭოხონელიძე:
- ნახევარფინალისთვის შემართება უფრო დიდია და რა თქმა უნდა, სტრესიც. რაც აქამდე ყოფილა, ის ყველაფერი ახლა გაორმაგებულია. ჩემთვის სტილისტურად ცოტა არაკომფორტული ტურია, რადგანაც სტეფანეს და ლელას სიმღერებს ვმღერით. მათი მიმართულება ჩემს სტილთან არ არის ახლო. საერთოდ, მაყურებელიც უკვე მიხვდებოდა, თითოეული ჩენგანი რომელ სტილშია ძლიერი. ვიმეორებ, ეს სიტუაცია სტრესულ მდგომარეობას კიდევ უფრო მიზრდის, მაგრამ ამასთან, შემართებასაც მაძლევს, რომ ამ კუთხითაც რაღაც გამოვიდეს. შინაგანი მდგომარეობითაც, რეპეტიციებით სიმღერით მაქსიმალურად ვცდილობ, მოვერგო. რა და როგორ გამოვა, ამას ორშაბათს ვნახავთ.
- დედა რა რჩევებს გაძლევს?
- არ უნდა, რომ რაღაც რჩევის სახით მითხრას, რომ ამით სხვაგან არ გადამიყვანოს. ამიტომ, ამისგან მაქსიმალურად თავისუფალი ვარ და მგონი, ასე ჯობია.
გიორგი ძოწენიძე:
- დიდი პასუხისმგებლობაა ნახევარფინალში მღერა. ლელას და სტეფანეს სიმღერებს ვასრულებთ და მათ ახლა ჩვენს საყვარელ პედაგოებთან და თავად ლელასთან და სტეფანესთან ერთად ვამზადებთ. ადრენალი და პასუხისმგებლობა, როგორც ვთქვი, მომატებულია, რადგანაც საქმე უკვე ფინალისკენ მიდის. ადამიანები, ვინც მგულშემატკივრობენ, მათ წინაშე დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, ჩემ გვერდით არიან. ჩემს ფინალში გადასვლას, წარმატებას თუ წარუმატებლობას, ამ ადამიანებთან ერთად გავიზიარებ, ვინც მგულშემატკივრობს, მირეკავს. შესაბამისად, ყველაფერს ვიზამ იმისთვის, რომ მათი იმედები არ გავაწბილო და ყველაფერი გავაკეთო ისე, როგორც საჭიროა.
რაც შეეხება ლელას და სტეფანეს, ჩვენ არსებითად ერთ სფეროში ვტრიალებთ, თითქმის ყველა ერთმანეთს ვიცნობთ, მართალია, უშუალოდ შეხება მათთან არასდროს მქონია, მაგრამ ვიცოდი, რომ კარგი ადამიანები იყვნენ, მეგობრული, გვერდში დგომის თვისებით გამორჩეულები. გარდა იმისა, რომ კარგი მუსიკოსები არიან, ვიმეორებ, მართლა კარგი ადამიანები არიან და დიდი სიამოვნებით ვიმეგობრებ მათთან ამ პროექტის შემდეგაც.
ანა ქურთუბაძე:
- ძალიან რთული ტურია ჩემთვის, რადგანაც როდესაც კონკრეტული სიმღერის შესრულება გიწევს, ეს დიდ პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული, თუმცა საინტერესოა. ეს სირთულე რომ არა, მაშინ რა მინდა პროექტში?! ამ ტურისთვის ლელასთან და სტეფანესთან მუშაობა ძალიან საინტერესო იყო. რა გამოცდილებაც აქვთ, მუსიკალური, ცხოვრებისეული - არ დაიშურეს და გაგვიზიარეს. ამიტომ, შეუძლებელია, არ მიგეღო ისე, როგორც მოგვაწოდეს.
რაც შეეხება განწყობას, სიტუაცია ნახევარფინალისთვის ძალიან დაიძაბა. იმაზე არ ვფიქრობ, ახლა გავვარდები თუ არა, უბრალოდ, ერთი სული მაქვს, როდის გავალ, დავდგები სცენაზე და ვიმღერებ, რადგანაც ამის საშუალება მომეცა. მადლობა ყველას და ყველაფერს ამისთვის, პირველ რიგში, „მხოლოდ ქართულს“. მერე რა იქნება, ეს უკვე შემდეგ სანერვიულოა.
ფოტოები: ზაქარია ჭელიძე