ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად, კალათბურთის ლეგენდა, ამერიკის ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ვარსკვლავი, კობი ბრაიანტი დაიღუპა. ბრაიანტის გარდა, შემთხვევას სპორტსმენის ქალიშვილი, 13 წლის ჯინა ემსხვერპლა.
როგორც BBC წერს, ბრაიანტი კერძო ვერტმფრენით მგზავრობდა, რა დროსაც მას ცეცხლი გაუჩნდა. როგორც ლოს-ანჯელესის პოლიცია ამბობს, ბორტზე ცხრა ადამიანი იმყოფებოდა და მათგან არავინ გადარჩენილა.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდაცვლილი იყო ხუთი ადამიანი, თუმცა ოფიციალური პირების თქმით, ეს ციფრი გაიზარდა.
სხვადასხვა გამოცემები წერენ, რომ ბრაიანტი და მისი ქალიშვილი ვარჯიშზე მიდიოდნენ. შემთხვევა კალიფორნიასთან მოხდა და ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ აფეთქების ხმა არ გაუგიათ, თუმცა დაინახეს ნაცრისფერი კვამლი. პოლიცია Twitter-ზე შემთხვევის შემდეგ გადაღებულ ფოტოებსაც ავრცელებს. აშშ-ის ტრანსპორტის უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ ბრაიანტი Sikorsky S-76B-ის ვერტმფრენით მგზავრობდა.
#Update Downed aircraft is a helicopter. Flames extinguished. #Malibu deputies at crash site looking for survivors, 4200 blk Las Virgenes Rd #Calabasas #LASD pic.twitter.com/eixLhGhLyE
— LA County Sheriffs (@LASDHQ) January 26, 2020
41 წლის ლეგენდარული კობი ბრაიანტი მთელი თავისი 20 წლიანი კარიერის განმავლობაში "ლოს ანჯელეს ლეიკერსში" თამაშობდა, ხოლო პროფესიულ დონეზე თამაშს თავი 2016 წელს დაანება. კარიერის განმავლობაში მან NBA-ის ჩემპიონის 5 ტიტული მოიგო. ასევე ორჯერ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი.
გარდა სპორტში მიღწეული წარმატებისთვის მიღებული ჯილდოებისა, მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმისთვის კობი ბრაიამტმა 2018 წელს ოსკარი მიიღო. 5 წუთიანი ფილმი ეფუძნება ბრაიანტის წერილს სპორტისადმი სიყვარულზე, რომელიც მან 2015 წელს დაწერა.
ბრაიანტსა და მის ცოლს, ვანესას კიდევ სამი გოგონა ჰყავთ - ნატალია, ბიანკა და კაპრი.
ძაან საწყენია. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები!
ძალიან დიდი პიროვნება წავიდა ამ ქვეყნიდან!!! king Mamba!