ცნობილი ქართველი რეჟისორი და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სამხატვრო ხელმძღვანელი გოგი თოდაძე 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.
1968 წლიდან გოგი თოდაძე მარჯანიშვილის თეატრში მუშაობდა. რეჟისორი 90-მდე სპექტაკლის ავტორია, რომელიც სხვადასხვა თეატრის სცენაზე დადგა. მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე დაიდგა მისი ცნობილი სპექტაკლები „ეზოში ავი ძაღლია“ და „ნეაპოლი მილიონერთა ქალაქი“.
გოგი თოდაძე ხელმძღვანელობდა სკოლა-სტუდია „ბერიკებს“, რომელმაც ქართული თეატრისა და კინოს ახალგაზრდა მსახიობთა თაობები აღზარდა.
გოგი თოდაძე მსოფლიოს მრავალი თეატრალური ფესტივალის მონაწილე და პრიზიორი (რუსეთი, გერმანია, ინდოეთი, იაპონია, კორეა, მონაკო) იყო.
რეჟისორის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი ეხმაურება:
მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე:
"მთელი ჩემი შემოქმედება, მთელი ჩემი ცხოვრება დაკავშირებულია სასახლესთან"
ეროვნული სასახლის კოლექტივი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი, მსახიობი,საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო მიმართულების ასოცირებული პროფესორი გიორგი (გოგი) თოდაძე.
გოგი თოდაძეს მიღებული აქვს თეატრალური პრემიები, არის ღირსების ორდენის კავალერი, მრავალი სამთავრობო და სახალხო ღონისძიების რეჟისორი. ათეული წლების განმავლობაში ბატონი გოგი მარჯანიშვილის თეატრში მოღვაწეობდა. თავისი შემოქმედებითი კარიერის განმვალობაში 100-ზე მეტი სპექტაკლი აქვს დადგმული. ბატონმა გოგი თოდაძემ დააარსა და ხელმძღვანელობდა სკოლა-სტუდია „ბერიკებს“, რომელმაც ქართული თეატრისა და კინოს ახალგაზრდა რეჟისორებისა და მსახიობების თაობები აღზარდა".
თიკა რუხაძე, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი:
"დიდი სიყვარულით და პატივისცემით... სამუდამოდ დარჩებით საქართველოს თეატრისა და ეროვნული სასახლის ისტორიაში... სამუდამოდ იქნებით ასობით ადამიანის აღმზრდელი და ყოველთვის იქნებით ჩემს გულში... ძალიან დაგვაკლდებით... მინდა გქონდეთ იმედი, რომ ყველაფერს ისე გავაკეთებ, როგორც დაგპირდით!!! დიდი და ნამდვილი ადამიანი იყო გოგი თოდაძე!"
ნინო მუმლაძე, მსახიობი:
"გავიღვიძე და ეს საშინელი ამბავი გავიგე... ძალიან მეტკინა გული, რადგან წავიდა ჩემი პედაგოგი, ჩემი აღმზრდელი, ადამიანი, რომელმაც ბნელ 90-ში ბავშვობა ისე გამიფერადა, რომ ამ ფერებმა მთელი ჩემი შემდეგი ცხოვრება შეცვალეს... მადლობა თქვენ ამისთვის... მადლობა ყველაფრისთვის... ძალიან დააკლდებით საქართველოს, რომელსაც უზრდიდით მსახიობების, ხელოვანების და კარგი მაყურებლების თაობებს... არ ვიცი რამდენი ათასი ბავშვი გაზარდეთ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ თქვენ მუდამ იქნებით ყოველი ჩვენგანის გულებში"
მიშო ჯავახიშვილი, ლოტბარი:
"პირველად ამ კაცმა დამაყენა დიდ სცენაზე - იმ დღის მერე 30 წელი გავიდა. უსაზღვროდ საინტერესო პიროვნება, უდიდესი პროფესიონალი და თაობების აღმზრდელი. მეხსიერებიდან ვერ ამოიშლება "პატარა უფლისწულის" რეპეტიციები, "ბერიკებში" გატარებული დღეები და საერთაშორისო ფესტივალებზე აღებული გრან პრი.უდიდესი დანაკლისია მისი გარდაცვალება ქართული თეატრისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. დიდი ბადლობა ბატონო გოგი!"
ირაკლი კიკნაველიძე, ჟურნალისტი:
"გოგი თოდაძე გარდაიცვალა.ექვსი წლის ვიყავი, როცა გავიცანი, ოცი წლის წინ. მის თვალწინ გავიზარდე, მის ხელში გავიზარდე. არ მახსოვს ეს ურთიერთობა როგორც მხოლოდ პედაგოგისა და აღსაზრდელის, დიდისა და პატარის. მისგან ყოველთვის იმაზე დიდ ინტერესსა და პატივისცემას ვგრძნობდი, ვიდრე პატარა ბავშვი შეიძლება გრძნობდეს ასაკით ბევრად უფროსი მასწავლებლისგან.
საკუთარი თავის, შესაძლებლობების რწმენა გამიძლიერა. ხალხით სავსე დარბაზთან ისეთი ურთიერთობა მასწავლა, როცა შენსკენ მომართული ასობით თვალი დაბნეულობის მაგივრად, სიმტკიცესა და თავდაჯერებას განიჭებს.
ასეთი ადგილი იყო ბერიკები - 2000-იანი წლების ჩაბნელებულ და ცივ თბილისში, ბევრი სიხარულითა და ბედნიერებით სავსე ადგილი.
როცა პატარა ვიყავი, მეგონა რომ არასდროს იღლებოდა. თეატრალურიდან სასახლეში, სასახლიდან ბერიკებში - დღეში რამდენჯერმე იცვლიდა სამუშაო სივრცეს, მაგრამ ყველგან რეჟისორი გოგი თოდაძე იყო. უზომოდ უყვარდა თავისი საქმე, მოსწავლეები და აღსაზრდელები. სწორედ ამ სიყვარულმა აქცია ალბათ ყველაზე პროდუქტიულ პედაგოგად თეატრალურ სივრცეში. ყველგან შეხვდები მის აღზრდილებს.
ამ დღეებში გოგი თოდაძე კიდევ ერთხელ შეგვახვედრებს ერთმანეთს სხვადასხვა პროფესიასა და სივრცეში გაფანტულ ბერიკელებს. მადლობა ყველაფრისთვის, ბატონო გოგი".